“ტრანსატლანტიური ტენდენციები-2023” – German Marshall Fund

აშშ-ში მოქმედი ანალიტიკური ცენტრის – გერმანიის მარშალის ფონდის (GMF – German Marshall Fund) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სტატია სათაურით „ტრანსატლანტიური ტენდენციები-2023: საზოგადოებრივი აზრი ცვალებად მსოფლიო წესრიგში: ჩინეთის გავლენა გლობალურად იზრდება“, რომელშიც გადმოცემულია მსოფლიოს 14 ქვეყანაში ჩატარებული საზოგადოებრივი აზრის შემსწავლელი ახალი კვლევის შედეგები.
როგორც გამოკითხვა აჩვენებს, უსაფრთხოების მიმართულებით, შეშფოთების მთავარ საკითხებად, ევროპელები და ჩრდილოეთ ამერიკელები კლიმატის ცვლილებებსა და იმიგრაციას ასახელებენ. ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს გამოკითხული 14 სახელმწიფოს მოსახლეობის აზრით, ჩინეთი მსოფლიოში გავლენის მოსაპოვებლად, შეერთებულ შტატებთან კონკურენციას ცდილობს და მისი გავლენა მზარდია.
გერმანიის მარშალის ფონდის გამოკითხვა ასევე აჩვენებს, რომ ნატოს მოსახლეობაში ძლიერი მხარდაჭერა აქვს. ექსპერტთა ნაწილის შემაშფოთებელი მოსაზრებების მიუხედავად, ევროპელები და ამერიკელები ასევე უჭერენ მხარს უკრაინის ევროკავშირში და ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანებას.
გამოკითხულთა შორისაა შეერთებული შტატების, კანადის, ევროკავშირის რამდენიმე ქვეყნის, ბრიტანეთის და თურქეთის მოსახლეობა. კვლევის შედეგების მიხედვით, მათ სურთ, რომ სახელმწიფოს მთავრობებმა უფრო მეტად ითანამშრომლონ ჩინეთთან.
მიუხედავად იმისა, რომ 10-დან 6 ადამიანი მთლიანობაში უარყოფითად უყურებს პეკინს და ერთი მეოთხედი მიიჩნევს, რომ ჩინეთი არაფერს აკეთებს კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ საბრძოლველად, 18-დან 24 წლამდე ახალგაზრდა რესპონდენტთა მნიშვნელოვან ნაწილს შეერთებულ შტატებში, გაერთიანებულ სამეფოსა და საფრანგეთში ჩინეთზე დადებითი შეხედულებები აქვთ.
გამოკითხული ახალგაზრდები ამერიკის გავლენას მსოფლიოში უფრო უარყოფითად უყურებენ, რუსეთის და ჩინეთისას კი – შედარებით დადებითად.

„როგორც ჩანს, მხურვალე ტრანსატლანტიციზმის ფაზა დასრულდა. ასევე, მოწმე ვხდებით სწრაფად ცვალებადი მსოფლიო წესრიგის და საზოგადოებისთვის ეს ცნობილია”, – აღნიშნავს გეზინე ვებერი, გერმანიის მარშალის ფონდში რისკების და სტრატეგიის სპეციალისტი. მისი თქმით, გასული წლის გამოკითხვასთან შედარებით, ოკეანის ორივე მხარეს, წელს ნაკლებად შეინიშნება სტატუს-ქვო ატლანტიკური კავშირების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით.
„დასკვნა, რომელსაც მე გამოვიტანდი”, – დასძინა გეზინე ვებერმა, – „არის ის, რომ [მთავრობები] ატლანტის ოკეანის ორივე მხარეს უნდა დაფიქრდნენ იმაზე, თუ როგორ შეუძლიათ შექმნან დღის წესრიგი, რომელიც უფრო მნიშვნელოვანი იქნება მოქალაქეებისთვის და უკეთ მოერგება ამ მსოფლიო წესრიგს“.
კლიმატის ცვლილების შემთხვევაში, გამოკითხულთა უმრავლესობას სჯერა, რომ სამეცნიერო საზოგადოება ყველაზე მეტად ზრუნავს პრობლემის მოგვარებაზე, და არა მათი ქვეყნის მთავრობა. კანადაში, საფრანგეთში, იტალიასა და პორტუგალიაში გამოკითხული მოსახლეობის მეოთხედიდან მესამედამდე ფიქრობს, რომ კლიმატის ცვლილება უსაფრთხოების მთავარ გამოწვევას წარმოადგენს. შეერთებული შტატების შემთხვევაში, ასეთ მოსაზრებას მხოლოდ 14% ეთანხმება, თუმცა, ის მაინც ნომერ პირველ გამოწვევად სახელდება.
კვლევაში მიგრაცია გლობალურ გამოწვევებს შორის მეორე ადგილზეა დასახელებული. მიგრაციამ წელს, ამ რანგში უკრაინის ომი ჩაანაცვლა. მაგრამ, რუსეთი კვლავ რჩება ნომერ პირველ უსაფრთხოების საზრუნავად ლიეტუველი და პოლონელი რესპონდენტებისთვის.

წყარო