ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი, – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ „გამარჯვების პლატფორმის“ მიერ გამართულ ბრიფინგზე შოვის ტრაგედიასთან დაკავშირებით განაცხადა.
ვაშაძის განცხადებით, არსებობს კანონი სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს – სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ვაშაძის განმარტებით ამ კანონის ყველა მუხლი დარღვეულია.
„შოვის ტრაგედიის მეორე დღეს, „გამარჯვების პლატფორმაში“, „ნაციონალური მოძრაობა“-„სტრატეგია აღმაშენებლის“ მიერ შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც დეტალურად სწავლობდა მიმდინარეობის პროცესში და მანამდე ყველა დეტალს. ლაშა ფარულავა ხელმძღვანელობდა ამ ჯგუფს, რომლის ამოცანა იყო, დაგვედგინა, რამ გამოიწვია სტიქია, შეიძლებოდა თუ არა ადამიანების გაფრთხილება, როგორ მიმდინარეობდა სამაშველო ოპერაციები და რაც მთავარია, რა უნდა გავაკეთოთ ხვალ და ზეგ, რომ იგივე არ განმეორდეს. ხელში მიჭირავს კანონი, სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, რომელიც ყველა უწყებას აძლევს კონკრეტულ ვალდებულებას, ვინ როგორ უნდა იმოქმედოს – სტიქიამდე რა სამუშაოები უნდა იყოს ჩატარებული და სტიქიის დროს. ამ კანონის ყველა მუხლი არის დარღვეული. ამიტომ ვამბობთ, რომ დამნაშავეა ღარიბაშვილი, რომელმაც უსაფრთხოების საბჭო არ შეკრიბა და თვითონ არ აიღო თავის თავზე სტიქიური უბედურების მართვა. დამნაშავეა გომელაური, რომელმაც სამაშველო ოპერაცია არასწორად მართა, მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტრომ – გააჩერა, მიატოვა, ფაქტობრივად, კრიზისში ადამიანები. დამნაშავეა დავითაშვილი, რომელმაც პირობა გასცა 2018 წელს, რომ შეტყობინების სისტემა 2021 წლისთვის უნდა გაშვებულიყო და დამნაშავეა კალაძე-კობახიძის “კლანი”, რომელმაც ხელი მოითბო შოვზე და უნდოდათ პირადი ინტერესებისთვის გამოეყენებინათ შოვი და ფაქტობრივად, 2018 წლის გეგმარებაში ამოაგდეს ის მნიშვნელოვანი საკითხები, რომლებიც იქ იყო. ჩვენ ამ მუშაობას ვაგრძელებთ, დასკვნა არის და გამოქვეყნდება და შეგვიძლია დაგირიგოთ შუალედური დასკვნა. ვაგრძელებთ მუშაობას და შოვის ტრაგედიაზე აუცილებლად ყველა პასუხისმგებელი პირი იქნება გამოვლენილი“,- განაცხადა ვაშაძემ.