“არავითარი ნატო უკრაინისთვის…” – Le Figaro-ს სტატია, რომელიც კიევში, სავარაუდოდ, დიდ აღშფოთებას გამოიწვევს

„აშკარაა, რომ რუსეთ-უკრაინის ომი ევროპისათვის მძიმე გადასატანია, ევროპა ძალიან ზარალდება, იმავდროულად კი ომით სარგებელს იღებს ამერიკის შეერთებული შტატები და რაოდენ პარადოქსულიც არ უნდა იყოს, ვლადიმერ პუტინიც. ამას წინათ, 16 აგვისტოს, ნიკოლა სარკოზიმ ინტერვიუში ბევრი რამ ჭკვიანური განაცხადა, მაგრამ მიუხედავად ამისა, იგი მწვავედ იქნა გაკრიტიკებული და შეურაცხყოფილიც კი“, – ნათქვამია ფრანგულ გაზეთ „ლე ფიგაროში“ (Le Figaro) ცნობილი ფრანგი ფილოსოფოსის ლიუკ ფერის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში  სათაურით „არავითარი ნატო, უკრაინა ევროპისა და აზიის შემაერთებელი ხიდი უნდა იყოს“. პუბლიკაციაში განხილულია უკრაინის პერსპექტივა და რუსეთთან დამოკიდებულება. ავტორი ბევრ საკითხში ეთანხმება საფრანგეთის ექს-პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის მოსაზრებებს.

გთავაზობთ ამონარიდს პუბლიკაციიდან:

„თავდაპირველად ნიკოლა სარკოზიმ, ინტერვიუში ყველასათვის ცნობილი ჭეშმარიტება დააფიქსირა და აღნიშნა, რომ რუსეთის აგრესია საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას წარმოადგენს. მაგრამ იმავდროულად ექს-პრეზიდენტმა დაამატა, რომ თუ ჩვენ იმ კონფლიქტიდან გამოსვლა (მისი შეწყვეტა) გვინდა, რომელიც დაუსრულებლად გაგრძელდება და სულ უფრო მეტად სიკვდილის მთესველი იქნება, სამი მომენტი უნდა გავიაზროთ.

პირველი – უკრაინა წარმოადგენს ერთგვარ ხიდს რუსეთსა და დასავლეთ ევროპას შორის. უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში ცხოვრობს რუსულენოვანი მოსახლეობა, ანუ ადგილობრივ დონეზე არსებობს რუსოფილური საზოგადოება. რაც უფრო დასავლეთით მიდიხართ, თქვენ სულ უფრო ძლიერად გრძნობთ  პოლონეთის მოახლოებას, ხოლო უკრაინელების განწყობაში სულ უფრო მეტ პროამერიკულობას ამჩნევთ. დასკვნა: უკრაინა არ უნდა გაწევრიანდეს არც ნატოში და არც ევროკავშირში. უკრაინა ამ ორგანიზაციების წევრი არ უნდა გახდეს. მისი ასეთი ბედი განპირობებულია ისტორიით, გეოგრაფიით და [ეთნიკური] მრავარფეროვნებით. ამას თუ უკრაინას ღიად არ ვეტყვით, ეს ნიშნავს, რომ უკრაინელებს მინიმუმ თავს გამოვუტენით ყალბი დაპირებებით. და თუ კიევს ისევ დავუწყებთ იმის გამეორებას, რომ მას წინ „ევროპული ბედი“ აქვს, რისკები კიდევ უფრო მაღალი იქნება: როგორც დონბასში მიმდინარე სამოქალაქო ომმა გვაჩვენა, ცრუ მოლოდინებსა და იმედებს აყოლილ ადამიანებს საკუთარი ქვეყნის გაგლეჯვა-დანაწილება შეუძლიათ.

მეორე – ნიკოლა სარკოზის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი დაკვირვება: მან განაცხადა, რომ რუსეთ-უკრაინის უთანხმოების გადაწყვეტა სამხედრო გზით შეუძლებელია. დღეს უკვე ნათელია, რომ ათეული მილიარდი დოლარის მიუხედავად, რომელიც აშშ-მა უკრაინის იარაღით არჭურვაში დახარჯა, კონტრშეტევა შეფერხებულია და, როგორც ჩანს, საბოლოო ჯამში, თუ ჩვენ კატასტროფის თავიდან აცილება გვინდა, მაინც მოლაპარაკება გახდება საჭირო. დიახ, სამწუხაროდ, კატასტროფა ჯერ კიდევ რეალურია, რადგან: ა) რუსეთი მსოფლიოში მეორე ბირთვულ სახელმწიფოს წარმოადგენს და ბ) ვლადიმერ პუტინი უკან არასოდეს დაიხევს. უფრო მეტიც: ვლადიმერ პუტინის უკანდახევის შემთხვევაში უკრაინისათვის სიტუაცია უფრო უარესი იქნებოდა.

მესამე – მოდით, უფრო შორს წავიდეთ და ვივარაუდოთ, რომ უკრაინა რუსეთთან ომს იგებს. ასევე ჰიპოთეტურად დავუშვათ, რომ კიეველმა ლიდერებმა მოახერხეს ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა, მათ შორის ყირიმის დაბრუნებაც. მაგრამ ომი, რომელიც დონბასში 2014 წლიდან მიმდინარეობს (მინსკის შეთანხმებების შეუსრულებლობის გამო), მაინც არ შეწყდება. რატომ? დავიმოწმებ ედგარ მორენს, ინტელექტუალს, რომელზეც ვერ იტყვი, რომ ის მხარს უჭერს ვლადიმერ პუტინისა თუ ჩვენებური მემარჯვენეების პოზიციას და კიდევ სხვებისაც, რომლითაც ხშირად გვაშინებენ. ჰოდა, როგორც ვთქვი, 2014 წელს დაწყებული ომი არ შეწყდება კიეველი ჩინოვნიკების დონეცკში და სინფეროპოლში დაბრუნებით. იმიტომ, რომ ყირიმი 85%-ით რუსული მოსახლეობით არის დასახლებული, ისინი კი არ მოისურვებენ უბრძოლველად დაბრუნდნენ რუსობის მდევნელი ქვეყნის შემადგენლობაში. ასე რომ, იმის ნაცვლად, რომ  იარაღით ხელში ეცადოს ყირიმის უკრაინის საზღვრებში დაბრუნებას, დასავლეთისათვის  (უპირველესად კი ევროკავშირისათვის) უკეთესი იქნება ყირიმის მოსახლეობაში თავისუფალი კენჭისყრა ჩაატაროს: სად სურთ მათ ცხოვრება  – ევროკავშირში თუ რუსეთში?  შემდეგ კი უკვე შეიძლება არჩევნებიც ჩატარდეს – როგორც ნიკოლა სარკოზი ამბობს, ევროკავშირის მკაცრი კონტროლით.

ცხადია, ეს ომი ევროკავშირს, როგორც იტყვიან, წვენს ადენს, მაგრამ იმავდროულად სარგებლობს ამერიკა. ბევრს გაუკვირდება, მაგრამ ომით მოგებას იღებს ვლადიმერ პუტინიც. ამერიკასთან მიმართებით ყველაფერი გასაგებია: ვაშინგტონი მომგებიან სიტუაციაშია – პოლონეთს ატომური ელექტროსადგურების პროექტებს მიჰყიდის, გერმანიას F-35-ებს შეაძენინებს, ევროპის სხვა ქვეყნებს კი აიოვაში, ილინოისში, კანზასში, ნებრასკაში და ოკლაჰომაში მოყვანილი მარცვლეულს მიაწვდის, რუსული გაზისაგან გათავისუფლებულ მთელ მსოფლიოს კი – თავის ფიქლების გაზს… გარდა ამისა, ომმა ჯო ბაიდენს შესაძლებლობა მისცა შარსანდელ შუალედურ არჩევნებში სტატუს-ქვო შეენარჩუნებინა და მკვეთრი უპირატესობა რესპუბლიკელებს არ მოეპოვებინათ. ასევე ააღორძინა ნატო (რომელსაც ემანუელ მაკრონმა ომამდე რამდენიმე თვის წინათ „ტვინის სიკვდილი“ დაუფიქსირა). ასე რომ, ჯო ბაიდენი ამ შემთხვევაში მართლაც ბენიფაციარია: ხუმრობა ხომ არ არის, რომ 81 წლის ასაკში საკუთარი პერსონა თავისუფალი სამყაროს უდავო ლიდერად წარმოაჩინო?

მაგრამ რას იგებს ვლადიმერ პუტინი? აი, რას: რუსეთის პრეზიდენტი, რომელსაც რუსები მეტ-ნაკლებად მხარს უჭერენ, კონფლიქტისგან სარგებელი მიიღო: მან შეძლო საკუთარი ქვეყნის ორბიტაზე მიეზიდა ყველა, ვისაც კი ჩვენმა დასავლურმა დემოკრატიამ აწყენინა. რუსეთის ირგვლივ გროვდება დიდი წონის მქონე ჩინეთი, ინდოეთი, ბრაზილია, სამხრეთ აფრიკა, ასევე ირანი და იდიოზური ჩრდილოეთ კორეა, პლუს ოცამდე აფრიკული ქვეყანა. ბევრი მათგანს დღემდე აქვს შემორჩენილი სიძულვილი ევროპელი კოლონიური მფლობელებისადმი და რუსეთთან ეძებენ ხსნას, მაგალითად. ნიგერი, მალი, ბურკინა ფასო…

წყარო