ომის 554-ე დღეს, უკრაინა სამხრეთის ფრონტზე კონტრშეტევას განაგრძობს. უკრაინული ძალები სოფელ ვერბოვოეს უტევენ, რომელიც ახლახან გათავისუფლებულ სოფელ რაბოტინოს ესაზღვრება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაცია ვერბოვოეს აღების შესახებ, ჯერჯერობით არ გავრცელებულა.
აღმოსავლეთის ფრონტზე კი უკრაინა ოკუპანტთა იერიშებს იგერიებს. ყველაზე ცხელ წერტილად კვლავ ბახმუტის, მარიინკის, ავდეევკისა და ლიმანის მიმართულებები რჩება, თუმცა ვერცერთი მიმართულებით რუსული ძალები წინსვლას ვერ ახერხებენ.
რუსეთის საჰაერო თავდაცვამ კი, მოსკოვის ოლქის სამხრეთ-აღმოსავლეთით მდებარე ვოსკრესენსკის ურბანულ რაიონში დრონი ჩამოაგდო, რომელიც მოსკოვისკენ მიემართებოდა, – ამის შესახებ რუსეთის დედაქალაქის მერი, სერგეი სობიანინი „ტელეგრამ“ არხზე წერს.
„დღეს, საჰაერო თავდაცვის ძალებმა ვოსკრესენსკის რაიონში უპილოტო საფრენი აპარატი გაანადგურეს, რომელიც მოსკოვის მიმართულებით მიფრინავდა“, – წერს მერი.
მისი თქმით, ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მსხვერპლი და დაზიანება არ დაფიქსირებულა. სობიანინის ინფორმაციით, ადგილზე საგანგებო სიტუაციების სამსახურის ბრიგადებია მობილიზებული.