აფხაზეთში საომარი მოქმედებების დაწყებიდან 31 წელი გავიდა. ამ თარიღთან დაკავშირებით, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, დირექტორის პირველმა მოადგილემ, ნიკოლოზ კვეზერელმა, მოადგილეებმა მირონ ჩიგოგიძემ, ჯანდრი უბირიამ, დირექტორის მრჩეველმა ვლადიმერ იმნაძემ, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული მეომრების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.
„მინდა, მივუსამძიმრო ოჯახებს და მთლიანად საქართველოს, რამეთუ, ჩვენი ქვეყნის სიძლიერისთვის, ამ უთანასწორო ბრძოლაში თითოეული დაღუპული, არის უდიდესი ტკივილი მთლიანად ჩვენი ქვეყნისთვის. დღევანდელ დღეს, ჩემი ქვეყნის ისტორიაში ტრაგიკული დღეების ათვლა დაიწყო. ბევრი უვაჟკაცესი ადამიანი და ულამაზესი გოგონა შეეწირა ამ ტრაგედიას. ღიმილის მომგვრელია ის, რომ დღეს ბევრი ისეთი საუბრობს, რომელსაც არა მხოლოდ სიმწრის ოფლი და სისხლი, არამედ ტკივილიც კი არ განუცდია…
რომ გავიხსენოთ, 1991,1992,1993 წლები, 1998, 2004, 2008 – ყველა ეს პროცესი მიმართული იყო იმისკენ, რომ შეემოწმებინათ გვაქვს თუ არა უნარი თავისუფლებისთვის ბრძოლის. დიახ, ჩვენ გვაქვს უნარი, არა მარტო ბრძოლის, არამედ იმისაც, რომ ეს ქვეყანა იქნება უდაოდ თავისუფალი,“- განაცხადა კობა კობალაძემ.
„გმირთა მოედანზე, ქვეყნის ერთიანობისათვის დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, გიორგი ბუბუნაურმა აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის მოადგილემ, შოთა რეხვიაშვილმა.
სამხედრო დაპირისპირება აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო. საქართველოს ერთიანობისთვის, ქართული სამხედრო ფორმირებები ებრძოდნენ აფხაზ სეპარატისტებს, ჩრდილო- კავკასიელ კონფედერატებს, კაზაკებს, ადგილობრივი სომხებისგან შექმნილ ”ბაგრამიანის ბატალიონს”, რომელთაც მხარს უჭერდა რუსეთი. უთანასწორო ბრძოლა, 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ომის შედეგად, საქართველოს 300 ათასამდე მოქალაქე, რომელთაგან აბსოლუტური უმრავლესობა, ეთნიკურად ქართველი იყო, დევნილად იქცა; საომარ მოქმედებებში, 5000-მდე სამხედრო მოსამსახურე და გასამხედროებული შენაერთების მებრძოლები დაიღუპნენ, დაახლოებით ამდენივე დაეღუპათ აფხაზებსაც იმათგან, ვინც იარაღით ხელში იბრძოდა. მაგრამ დაღუპულთა რაოდენობა, ქართველი ეროვნების მშვიდობიან მოქალაქეებს შორის, ორჯერ მეტია, რაც სეპარატისტებისა და მათი მოკავშირეების მიერ, ეთნიკურად ქართველთა მასობრივად დახვრეტის შედეგია. ომის შედეგად, ასეულობით პირი, უგზო-უკვლოდ დაიკარგა, 10 ათასამდე კი დაიჭრა და დასახიჩრდა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.