„კავკასიის მთები და ველური ბუნება“ – საქართველოს შესახებ გერმანულმა ტელერადიოსადგურმა ფილმი გადაიღო

გერმანულმა ტელერადიოსადგურმა „ნორდდოიჩე რუდფუნკმა“ (Norddeutscher Rundfunk – ჩრდილოგერმანული რადიო), რუბრიკით „დედამიწა-ადამიანები-თავგადასავალი“, თავის ვებ-გვერდზე გაავრცელა ინფორმაცია დოკუმენტური ფილმის შესახებ სახელწოდებით „კავკასიის მთები: საქართველოს ველური ბუნება“, რომელიც ტელეეკრანზე 14 და 17 სექტემბერს იქნება ნაჩვენები (ავტორები: კატერინა რუნგე, მანუელ დაუბერგერი და ფელიქს მეშადი).

გთავაზობთ ფილმის შინაარსს, რომელიც გამოქვეყნდა „ნორდდოიჩე რუდფუნკის“ ვებ-გვერდზე:

„საქართველო პატარა ქვეყანაა – ფართობით ბავარიას უტოლდება – მაგრამ იმავდროულად ის სხვადასხვა სამყაროების კოსმოსს წარმოადგენს. ევროპისა და აზიის შემაერთებელ რეგიონში მდებარე ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ ის გეოგრაფიული და კულტურული თვალსაზრისით ევროპის ნაწილია, მასში აზიური ელემენტებიც შეინიშნება, საქართველოს დასავლეთიდან შავი ზღვა ეკვრის, ჩრდილოეთიდან კი კავკასიის თოვლიან-ყინულიანი მწვერვალები დასცქერიან, აღმოსავლეთით აზერბაიჯანი ესაზღვრება..

საქართველოში განსაკუთრებით ველური და პირველყოფილი ბუნება ფშავ-ხევსურეთშია. ამ განმარტოებულ მთიან კუთხეში დაახლოებით მხოლოდ სამი ათასამდე ადამიანი ცხოვრობს.. ძნელადმისადგომ ხეობებში მიკარგულ სოფლებში ერთმანეთში არის არეული ქრისტიანული და წარმართული დროის ტრადიციები.

ფშავ-ხევსურეთის მთები 5 ათას მეტრ სიმაღლეს აღწევენ. სოფელი შატილი, რომელიც შუა საუკუნეებში შეიქმნა, რუსეთის საზღვრიდან ოთხ კილომეტრში მდებარეობს. შატილი ფშავ-ხევსურეთის უნიკალური არქიტექტურული ხელოვნების ნიმუშს განასახიერებს და რომ შეხედავ, კლდეზე დაკიდებულს ჰგავს. სოფელი ერთიანი ციხე-სიმაგრის ცენტრს წარმოადგენს: რეგიონს ჩრდილო-აღმოსავლეთიდან 60 თავდაცვითი კოშკი იცავდა.

ადგილობრივ მოსახლეობაში, ასწლეულების განმავლობაში, ცხენი უდიდეს როლს ასრულებდა. ცხენების რემა ეროვნული პარკის ტერიტორიაზე თავისუფლად არიან, ზამთრობით კი სამხრეთით, უფრო რბილი კლიმატის რაიონებში ჩამოჰყავთ. იმართება ხოლმე ცხენების დოღი, რომლის დროსაც მხედრები ცხენებზე უნაგირის გარეშე სხედან.

მცირედდასახლებული ხევსურეთის მცხოვრებლები პატივს სცემენ როგორც ქრისტიანულ, ასევე წარმართულ ტრადიციებსა და ადათ-წესებს. არსებობს ფესტივალი სახელწოდებით „ათენგენობა“, ხალხური დღესასწაული (ზოგან „ათენგენობას“ იმ ხატის სახელი ჰქვია, სადაც დღეობა იმართება – ლაშარობა, თამარობა და ა.შ.).

ფშავ-ხევსურეთის ბუნება და ტრადიციები კავკასიაში შემონახულნი არიან თავიანთი პირველყოფილი სახით, რადგან თანამედროვე ცივილიზაციას მათზე თითქმის არავითარი გავლენა არ მოუხდენია.

წყარო