სტიქიის ზონაში დაღუპულთა რაოდენობა 11-მდე გაიზარდა

შოვში მეწყრის ჩამოწოლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 11-მდე გაიზარდა.

ამის შესახებ ჟურნალისტებს ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განუცხადა. მან გარდაცვლილთა ოჯახებს მიუსამძიმრა.

„ძალიან მძიმე ტრაგედია დატრიალდა რაჭაში. ვუსამძიმრებ [გარდაცვლილთა] ოჯახის წევრებს, ვუსამძიმრებ სრულიად საქართველოს. მაქსიმალურად მიახლოებული ვიყავი და ძალიან მძიმეა ის, რაც ადგილზე, ეპიცენტრში ვნახე. არის ძალიან დიდი სტიქია ამ რეგიონისთვის. სამწუხაროდ, უკვე 11 გარდაცვლილია ნაპოვნი, ეძებენ 25 ადამიანს“, – განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, გარდაცვლილთა ნაწილი უკვე იდენტიფიცირებულია.

 

სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება . სტიქიის ეპიცენტრში ორი ვერტმფრენი და 400-მდე მაშველი მუშაობს, სამძებრო სამუშაოებში ჩაერთვება ჯარიც. 

 შსს-ის ცნობით, სტიქიის ზონიდან ჯამში 210 ადამიანია გამოყვანილი.