საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, გატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტერორისტულ დანაშაულზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, საქართველოს ორი მოქალაქე დააკავა.
უწყების ცნობით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა სპეციალური ოპერაცია საქართველოს ორ რეგიონში ოთხ ლოკაციაზე ერთდროულად ჩაატარა. საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დროშები ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით და სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობა.
ამასთან, დაკავებულების საცხოვრებელი სახლებიდან ამოღებულია საბრძოლო მასალა, ასაფეთქებელი მოწყობილობა და ფეთქებადი ნივთიერებები.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრი გამოძიებას სისხლის სამართლის კოდექსის 327-ე და 236-ე მუხლებით აწარმოებს. გრძელდება აქტიური ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებები როგორც დაკავებული პირების ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ საქმიანობაში მონაწილეობის ხასიათის გამოვლენისთვის, ისე დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი სხვა პირების იდენტიფიცირების მიზნით.
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური მადლობას უხდის გენერალურ პროკურატურას და შინაგან საქმეთა სამინისტროს აღნიშნულ საქმეში თანამშრომლობისთვის.