პარლამენტმა „თავდაცვის კოდექსის“ პროექტი მეორე მოსმენით მიიღო. ცვლილებებს დღევანდელ რიგგარეშე სხდომაზე უყარეს კენჭი, რომელსაც 79-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ ექვსი წავიდა.
თავდაცვის მინისტრის მოადგილის, გრიგოლ გიორგაძის განცხადებით, თავდაცვის სამინისტროს მიერ მომზადებული ცვლილებები უმნიშვნელოვანეს რეფორმას წარმოადგენს, არსებითად ცვლის და თავდაცვის მიზნებზე სრულად მორგებულს ხდის სამხედრო სამსახურს, შემოაქვს სამხედროებისათვის სოციალური დაცვის უმნიშვნელოვანესი გარანტიები და ქმნის თავდაცვის ორგანიზებისა და ნატო-სთან თავსებადობის ეფექტიან სამართლებრივ საფუძვლებს.
„„თავდაცვის კოდექსი“ რამდენიმე წელია, მუშავდება. კოდექსი ჩვენი უწყებისთვის შვილივით გახდა. მის შემუშავებაში უდიდესი შრომაა ჩადებული. მაქსიმალურად იყო ჩართული ყველა, ვინც საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას გულშემატკივრობს“, – განაცხადა გიორგაძემ.
პარლამენტი ცვლილებებს მესამე მოსმენით სექტემბერში დაამტკიცებს.