“რაზეც კონსულტაციები შეიძლება გაიმართოს, ეს არის, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს და გია ლორთქიფანიძეს”

ზურაბ ადეიშვილი, დღეს ჩვენ მეგობრულ ქვეყანაში არის გენერალური პროკურატურაში მაღალი თანამდებობის პირი. ამ ადამიანის წინააღმდეგ 5 განაჩენია გამოტანილი – ის,რომ არ ზის საქართველოს ციხეში და უკრაინაში თბილ კაბინეტში ზის, არის თუ არა ეს ცუდი საქციელი? ამიტომ, არა თუ მიხეილ სააკაშვილის გადაცემა უკრაინისთვის, ჩვენ დიდი ხანია ველით იმას, რომ ზურაბ ადეიშვილი და გია ლორთქიფანიძე გადმოეცემა საქართველოს აქ სასჯელის მოხდისთვის, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას, დაიწყება თუ არა კონსულტაციები მიხეილ სააკაშვილის უკრაინისთვის გადაცემის საკითხზე.

შალვა პაპუაშვილის თქმით, ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი.

„არანაირი საფუძველი არ აქვს. პირიქით, სულ ცოტა ხნის წინ სტრასბურგის სასამართლომ, ყველაზე ავტორიტეტულმა სასამართლომ დაადასტურა, რომ ეს იყო წელიწადნახევრიანი დეზინფორმაციული კამპანია, თითქოს სააკაშვილის მიმართ არის არასათანადო მოპყრობა, წამება, არასაკმარისი სამედიცინო მომსახურების მიწოდება. სამწუხაროა, რომ პრეზიდენტმა ზელენსკიმ თავის განცხადებაში, ფაქტობრივად, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება. უპირველეს ყოვლისა, ეს საზიანო არის თავად უკრაინისთვის. უკრაინას დღეს, რაც ყველაზე ნაკლებად სჭირდება, არის ის, რომ ეჭვ ქვეშ დააყენოს ევროპის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს და ზოგადად სხვა საერთაშორისო ინსტიტუტების, სასამართლოს გადაწყვეტილებები, ვინაიდან უკრაინას სამხედრო ომის გარდა მოსაგები აქვს, ასევე სამართლებრივი ომი და ბრძოლა რუსეთთან. თუკი თავად ის და მისი პრეზიდენტი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენებს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რა თქმა უნდა, ეს უკრაინას ამ ბრძოლაში არ მიეშველება. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, ეს გადაწყვეტილება თავად უკრაინისთვის არის საზიანო ამ განზომილებით, ვინაიდან კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს პრეზიდენტი სტრასბურგის გადაწყვეტილებას და რა თქმა უნდა, ეს საზიანოა ურთიერთობისთვისაც. ფაქტია, რომ ვიღაცა ცდილობს ერთმანეთს გადაკიდოს უკრაინა და საქართველო და ფაქტია, რომ ამ ჯერზე ეს ვიღაც არ არის რუსეთი. ჩვენ ვხედავთ, ამით ვინ ხარობს. ძირითადად ის ადამიანები, რომლებიც ზეპირად ბევრს საუბრობენ უკრაიანას და საქართველოს შორის მეგობრობის მნიშვნელობაზე, ზუსტად ის ხალხია დღეს გახარებული. ჩვენ ვნახეთ ოპოზიცია, რომელსაც ეს გადაწყვეტილება უხარია და ასევე, ვნახეთ უცხოელი აქტორები, რომლებსაც ეს გადაწყვეტილება უხარიათ. ასე რომ, ეს არის ყველაზე სამწუხარო ამ ყველაფერში. ერთი რამ გავიხსენოთ, წელიწადნახევრიანი კამპანია სააკაშვილთან დაკავშირებით, შემდეგ წელიწადზე მეტი, ასევე, კამპანია სანქციებისთვის გვერდის არიდებასთან დაკავშირებით, ეს იყო რუდუნებით, მილიონების დახარჯვით, კორუმპირებული საერთაშორისო ქსელების ჩართვით აწყობილი პროპაგანდისტული ნარატივი, რომელიც ერთი თვის პერიოდში ხუხულასავით ჩამოეშალათ“, -განაცხადა პაპუაშვილმა.

მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სტრასბურგის სასამართლომ სიყალბეში და დეზინფორმაციაში ამხილა ყველა ის აქტორი, რომლებიც მანამდე ამბობდა, რომ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას აქვს ადგილი, ამ საკითხის წამოწევის მცდელობა კვლავ არის.

„რაც შეეხება კონსულტაციებს, ერთადერთი, რაზეც შეიძლება კონსულტაციები გაიმართოს, როდის გადმოსცემს უკრაინა საქართველოს ზურაბ ადეიშვილს, რომელიც დღეს არის უკრაინის გენერალური პროკურატურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის უფროსი, ადამიანი, რომელსაც 5 საქმეზე უკვე მსჯავრი აქვს მისჯილი. რომ შევკრიბოთ და ადეიშვილის პერიოდი რომ ყოფილიყო, შეკრებით მას 20 წელი აქვს მისჯილი, მათ შორის იმის გამო, რომ ადამიანი აცემინა – კობა დავითაშვილზე ვსაუბრობ. ასევე, მათ შორის იმის გამო, რომ ციხეებში წამების სისტემა ააწყო და წამების სისტემის ამწყობი ადამიანი დღეს, უკრაინის გენერალურ პროკურატურაში არის საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის უფროსი, მათ შორის, მას ხვდებიან საერთაშორისო აქტორები. სულ ახლახან მას შეხვედრა ჰქონდა აშშ-ს ელჩთან უკრაინაში. კონსულტაცია უნდა იყოს ამაზე, როდის გადმოგვცემენ ადამიანს, რომელმაც ქართველი ხალხის წინააღმდეგ წამების სისტემა შექმნა. მეორე- გია ლორთქიფანიძე, რომელიც ორგანიზატორი იყო არჩევნების წინ მიხეილ სააკაშვილის აქ შემოპარვის და არეულობის ორგანიზების. ის არის უკრაინის კონტრდაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე. არათუ მიხეილ სააკაშვილი უნდა გადაეცეს უკრაინას, ეს ორი ადამიანი უნდა გადმოეცეს საქართველოს. მე პირადად ველი, რომ ეს ორი ადამიანი საქართველოსთვის იქნას გადმოცემული. ჩვენ ვითხოვთ დამნაშავეების გადმოცემას“, – განაცხადა პაპუაშვილმა.