ოპოზიციის განცხადებები არის ამორალური. ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ უცხოელი აგენტები არიან, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
კობახიძეს კითხვით მიმართეს, როგორ შეაფასებდა ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ნაწილის რეაქციას, რომ ისინი ამაში პრობლემას ვერ ხედავენ.
„ეს კიდევ ერთი დასტურია, რომ სინამდვილეში, ეს ოპოზიცია არის არა ქართული ოპოზიცია, არამედ ისინი არიან უბრალოდ უცხოელი აგენტები. საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთ დამოკიდებულებას სხვა ახსნა არ შეიძლება, ჰქონდეს. როცა საკუთარი ქვეყნის მიმართ ასეთი დამოკიდებულება აქვთ, ეს ნიშნავს, რომ ისინი არ არიან ქართველები ამ სიტყვის სათანადო გაგებით, არამედ არიან უცხოელი აგენტები. ამიტომ შეუძლიათ, საკუთარ თავს უფლება მისცენ, ასეთი განცხადებები გააკეთონ. ეს არის ამორალური და ცხადყოფს მათ დამოკიდებულებას საკუთარი ქვეყნის მიმართ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სთხოვს საქართველოს ელჩს, 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებაზე. ზელენსკის თქმით, რუსეთი საქართველოს ხელისუფლების ხელით კლავს უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილს.