მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს – ომის 497-ე დღე

რუსეთ-უკრაინის ომის 497-ე დღე

რუსულმა ძალებმა, გასული დღე-ღამის განმავლობაში, უკრაინის თავდაცვის ძალების უკან დახევა სცადეს, მაგრამ ღირსეული პასუხი მიიღეს, – ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

გენშტაბის ცნობით, მძიმე ბრძოლები გრძელდება ავდიივკას, ბახმუტის, მარინკასა და ლიმანის მიმართულებებით, სადაც, დღის განმავლობაში, 40 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

„ლიმანის მიმართულებით, გასული დღე-ღამის განმავლობაში, მტერმა, ავიაციის მხარდაჭერით, ნოვოვოდიანოს დასავლეთით და დიბროვას სამხრეთით ჩვენი ჯარების მათი პოზიციებიდან განდევნა სცადა, მაგრამ ეს მცდელობა წარუმატებელი აღმოჩნდა“, – აღნიშნულია გენშტაბის ანგარიშში.

უწყების ცნობით, ბახმუტის მიმართულებით, რუსებმა, მძიმე არტილერიისა და ავიაციის გამოყენებით, შეტევები განახორციელეს დონეცკის ოლქში, ბოგდანოვკასა და ორეხოვო-ვასილევკას მახლობლად, მაგრამ უკრაინელებმა მოწინააღმდეგის ყველა შეტევა მოიგერიეს.

„დონეცკის ოლქის ქალაქ ავდიივკასთან ახლოს, ჩვენი ჯარისკაცები აგრძელებენ მოწინააღმდეგის შეტევის შეკავებას. მარინკას რაიონში თავდაცვის ძალებმა მტრის ყველა შეტევა მოიგერიეს“, – აცხადებენ უკრაინის გენშტაბში.

უკრაინის შეიარაღებული ძალების მესამე თავდასხმის ბრიგადა ავრცელებს კადრებს, სადაც, მათი ინფორმაციით, რუსი სამხედროების ნაღმტყორცნებიდან განადგურების მომენტია ასახული.

“ნაღმტყორცნიდან პირდაპირი დარტყმა ოკუპანტების ქვეითებზე. მესამე თავდასხმის ბრიგადის 1-ელი მექანიზებული ბატალიონი 120 მმ კალიბრიანი ნაღმყტორცნებით მუშაობდა. დონეცკის ოლქი, ბახმუტის მიმართულება”, – აცხადებენ მესამე თავდასხმის ბრიგადის პრესსამსახურში.

მანამდე, უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურმა, გენერალმა ალექსანდრე სირსკიმ ABC News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები ბახმუტის დაბრუნებას შეძლებენ.

მისი თქმით, ფრონტზე ყველაფერი იმ გეგმების მიხედვით ვითარდება, რომელიც სარდლობამ წინასწარ შეიმუშავა და დაამტკიცა.

კითხვაზე, არის თუ არა დარწმუნებული ქალაქის გათავისუფლებაში, სირსკიმ უპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა. დარწმუნებული ვარ”.

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ესაუბრა.

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა განიხილეს თავდაცვის შეთანხმებების შესრულება და ახლებზე შეთანხმდნენ. ასევე, უკრაინისა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა დეტალურად განიხილეს ფრონტზე არსებული მდგომარეობა და რუსეთში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები.

„პრიგოჟინის ქმედებების შემდეგ მთელმა მსოფლიომ დაინახა, რომ რუსეთს ბრძოლის ველზე მანევრირების ადგილი არ აქვს. პირიქით, ჩვენთვის იხსნება შესაძლებლობების ფანჯარა. უნდა ვიმოქმედოთ გადამწყვეტად როგორც სამხედრო, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

მხარეებმა ასევე განიხილეს მოლოდინები ვილნიუსის სამიტიდან და უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებით უზრუნველყოფა ალიანსისკენ მიმავალ გზაზე.

„უკრაინის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონი გააფრთხილა, რომ რუსეთის საოკუპაციო ჯარები ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე საშიში პროვოკაციებისთვის ემზადებიან. ორი ლიდერი შეთანხმდა, ითანამშრომლონ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოსთან, რათა ელექტროსადგურზე ვითარების კონტროლი განხორციელდეს“, – აცხადებენ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მთელმა მსოფლიომ უნდა გააცნობიეროს, რომ საერთო უსაფრთხოება მთლიანად დამოკიდებულია ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე ოკუპანტების ქმედებების მიმართ გლობალური ყურადღების გამოჩენაზე.

„სამწუხაროდ, კახოვკას ჰიდროელექტროსადგურზე მომხდარ ტერაქტს დროული და ფართომასშტაბიანი რეაგირება არ მოჰყოლია და ამან შესაძლოა კრემლს ახალი ბოროტების ჩადენა შთააგონოს. ამის შეჩერება მსოფლიოში ყველას პასუხისმგებლობაა. განზე ვერავინ გადგება, რადგან რადიაცია განზე არავის ტოვებს“, – აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკის თქმით, რუსეთმა ნათლად უნდა იცოდეს, რომ მსოფლიო ხედავს, რა სცენარებისთვის ემზადებიან ტერორისტები და რომ მსოფლიო მზადაა რეაგირებისთვის. მან აღნიშნა, რომ რადიაცია საფრთხეს წარმოადგენს მსოფლიოში ყველასთვის, ამიტომ ატომური ელექტროსადგური სრულიად დაცული უნდა იყოს რადიაციული ინციდენტისგან.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, სდაზვერვო მონაცემების თანახმად, რუსმა სამხედროებმა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის რამდენიმე ენერგობლოკის სახურავზე ასაფეთქებლის მსგავსი ობიექტები განათავსეს.

„შესაძლოა სადგურზე თავდასხმის სიმულაციისთვის, შესაძლოა, მათ აქვთ სხვა სცენარი. მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, მსოფლიო ხედავს – და შეუძლებელია არ დაინახოს – რომ ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურისთვის საფრთხის ერთადერთი წყარო სწორედ რუსეთია“, – აღნიშნა ზელენსკიმ.