ამერიკულ გაზეთ „ვაშინგტონ პოსტში“ (The Washington Post) სათაურით „უკრაინის მთავარ გენერალს ვალერი ზალუჟნის ჭირდება ჭურვები, თვითმფრინავები და… მოთმინება“ გამოქვეყნებულია სტატია, რომელშიც გადმოცემულია ინტერვიუს შინაარსი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალთან ვალერი ზალუჟნისთან (ავტორი – იზაბელ ხურშუდიანი, რედაქციის კიევის ბიუროს ხელმძღვანელი).
გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:
როგორც გენერალი ვალერი ზალუჟნი – უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალი ამბობს, კონტრშეტევის სწრაფი წინსვლისათვის მას ყველა სახის იარაღი ჭირდება და რაც შეიძლება მეტი. იგი ამის შესახებ ყველას ეუბნება, ვისაც მოსმენა შეუძლია – თავისი ამერიკელი კოლეგის, გენერალ მარკ მილის ჩათვლით.
„ვაშინგტონ პოსტისადმი“ მიცემულ იშვიათ ვრცელ ინტერვიუში ვალერი ზალუჟნიმ იმედგაცრუება გამოხატა იმის გამო, რომ უკრაინის დასავლელი მფარველები არასდროს არ დაიწყებდნენ კონტრშეტევას ჰაერში უპირატესობის გარეშე, უკრაინას კი დღემდე არ მიუღია თანამედროვე ავიაგამანადგურებლები. ისინი რომ ჰქონოდა, კიევი სწრაფად დაიბრუნებდა რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიას. ამერიკული წარმოების „ფანტომებს“ (F-16), რომელთა მიწოდება უკრაინას ამას წინათ აღუთქვეს, უკეთეს შემთხვევაში კიევი შემოდგომაზე თუ მიიღებს.
ვალერი ზალუჟნის თქმით, უკრაინის ჯარმა სულ ცოტა იმდენი საარტილერიო ჭურვი უნდა გაისროლოს, რამდენსაც მისი მოწინააღმდეგე ისვრის, მაგრამ ზოგჯერ, შეზღუდული რესურსების გამო, რუსეთის არმიის არტილერიის გასროლები უკრაინისას 10-ჯერ და მეტად აღემატება.
„სწორედ ამიტომ ვბრაზდები, როცა დასავლელი ოფიციალური პირებისა და სამხედრო ანალიტიკოსებისაგან მესმის, რომ დიდი ხნის ლოდინის შემდეგ დაწყებული კონტრშეტევა უფრო ნელა მიმდინარეობს, ვიდრე მოსალოდნელი იყოო“, – ამბობს სარდალი. სხვათა შორის, ასევე აცხადებს პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც, თუმცა გენერალს იგი მხედველობაში არ ჰყავს. და მაინც, როცა ასეთი მძიმე სიტუაციაა სამხედრო რესურსების მხრივ, უკრაინის ჯარი ყოველდღიურად მაინც წინ მიიწევს, თუნდაც 500 მეტრით.
„ომი შოუ არ არის“, – განაცხადა ვალერი ზალუჟნიმ თავის კაბინეტში, უკრაინის გენერალურ შტაბში, – „რომელსაც მთელი მსოფლიო უყურებს და ფსონებს დებენ, ან რაღაც ამის მსგავსს აკეთებენ. ჩვენ ვიბრძვით და მიწის ყოველ მეტრს სისხლის ფასად ვიკავებთ“.
„[შეიარაღებით და რესურსებით] სრული მოცულობით უზრუნველყოფის გარეშე გეგმები საერთოდ შეუსრულებელი დარჩება… მაგრამ ჩვენ ვცდილობთ და ვასრულებთ. დიახ, ისე სწრაფად არა, როგორც შოუს მაყურებლებს, მონაწილეებს და დამკვირვებლებს სურთ, მაგრამ ეს მათი პრობლემაა“.
ბოლო 16 თვის განმავლობაში 49 წლის გენერალი ვალერი ზალუჟნი უდიდესი სირთულის მქონე ამოცანის წინაშე დგას – იგი ხელმძღვანელობს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს, რომელიც ბევრად ჩამოუვარდება რიცხობრივად უფრო მეტ და უფრო უკეთესი იარაღის მქონე რუსეთის არმიას, რომელიც ამჟამად მისი ქვეყნის ტერიტორიის ერთი მეხუთედი აქვს ოკუპირებული, გასული წლის სექტემბერში განხორციელებული წარმატებული შეტევის მიუხედავად. შარშანდელი კონტრშეტევის წარმატება კი განაპირობა იმან, რომ ჯარი ნატოს სტანდარტებით გაიწვრთნა და თანამედროვე მანევრირებად ძალად გადაიქცა, უარყოფილი იქნა სარდლობის საბჭოთა სტილი და ზედმეტად ცენტრალიზებული სტრუქტურები, რომლებიც 2022 წელს ჯერ კიდევ შემორჩენილი იყო.
ვალერი ზალუჟნის ყოველდღიურად აწუხებს რთული კითხვები: როდის მისცემენ უკრაინის ჯარს დასავლელი მოკავშირეები იმდენ იარაღს, რამდენიც მას ჭირდება? როდის ექნება უკრაინის არმიას F-16 ავიაგამანადგურებლები? და რამდენად გაუმკლავდება სიძნელეებს მათ გარეშე?
უკრაინელი გენერლის თქმით, მან თავისი წუხილი ამერიკელ კოლეგას, გენერალ მარკ მილის გაუზიარა. იგი აღტაცებულია ამერიკელი მეგობრით და შეუძლია მას საათობით ესაუბროს. „მარკ მილი მთლიანად იზიარებს ჩემს საზრუნავს. ვფიქრობ, მას შეუძლია დამეხმაროს“, – ამბობს ვალერი ზალუჟნი, – „ოთხშაბათს ვუთხარი, თუ რამდენი საარტილერიო ჭურვი გვჭირდება თვის განმავლობაში. ჩვენ შევთანხმდით, რომ ერთმანეთთან მუდმივად კავშირზე ვიყოთ. როცა საჭირო იქნება, მე შემიძლია დავურეკო და ვუთხრა – თუ ამ ერთ კვირაში 100 ათას ჭურვს არ მივიღებ, 1000 უკრაინელი ჯარისკაცი დაიღუპება. წარმოიდგინე შენი თავი ჩემს ადგილზე“.
„მაგრამ მარკ მილი არ წყვეტს, მივიღებთ თუ არა თვითმფრინავებს… უბრალოდ, სანამ დადგენილება იქნება მიღებული, მანამ უამრავი ადამიანი იღუპება. იმიტომ, რომ იქ, „ზემოთ“, საკითხის გადაწყვეტას აყოვნებენ“.
მაგრამ იმ დროს, რა დროსაც უკრაინა ჯო ბაიდენის მიერ დაპირებულ ამერიკულ ავიაგამანადგურებლებს მიიღებს, ფრონტზე სხვა პრობლემა გაჩნდება: ნატოს გენმდივანმა იენს სტოლტენბერგმა კიევი გააფრთხილა, რომ „უკრაინის არმიის მიერ საბრძოლო მასალების ხარჯვის ტემპი ბევრად აღემატება მისი წარმოების მიმდინარე ტემპებს“, რაც იმას ნიშნავს, რომ ჭურვების რაოდენობა, რომლებიც ძალიან სჭირდებათ უკრაინელ არტილერისტებს, შეიძლება უფრო შემცირდეს, ომის გაგრძელების კვალობაზე.
დაგეგმილი კონტრშეტევის წინ უკრაინამ პირველად მიიღო დასავლური საბრძოლო ტანკები, მათ შორის გერმანული წარმოების „ლეოპარდები“ და ამერიკული ქვეითთა საბრძოლო ჯავშანმანქანები. ეს ტექნიკა შეიძლება გამოყენებული იქნას იმ სახმელეთო დერეფნის გასარღვევად, რომელიც მოსკოვის არმიამ ყირიმისა და დონბასს შორის შექმნა. თუ ეს მოხდება, რუსეთი არმია ძლიერ დარტყმას მიიღებს და მისი შესაძლებლობები ძალების აღდგენის მხრივ მნიშვნელოვნად შესუსტდება.
გერმანული ტანკებისა და ამერიკული ჯავშანმანქანების ფრონტული დებიუტი ივნისის თვის პირველ რიცხვებში მოხდა, როცა კონტრშეტევა დაიწყო. „სამწუხაროდ, მათი ნაწილი უკვე განადგურებულია“, – აღიარებს ვალერი ზალუჟნი, – „ჩვენ ტანკები იმიტომ კი არ მოგვცეს, რომ ისინი აღლუმებზე გამოგვეყენებინა და მათ ფონზე ცნობილ პოლიტიკოსებს და სხვა ცნობად პირებს ფოტოსურათები გადაეღოთ. ტანკები ჩვენ ომში საბრძოლველად მივიღეთ. „ლეოპარდი“ კი ბრძოლის ველზე ლეოპარდი კი არ არის, არამედ სამიზნე, [ამიტომაც მათი დანაკარგები იქნება].
ანალიტიკოსების აზრით, უკრაინას ჯერ არ დაუწყია კონტრშეტევის ძირითადი ეტაპი. ფრონტის ხაზზე ჯერ კიდევ არ არიან გაგზავნილნი სპეციალურად მომზადებული ძალები, ხოლო ისინი, რომლებიც იბრძვიან, ძირითადად რუსეთის თავდაცვის სუსტ ადგილებს ეძებენ. იმავდროულად ნელ-ნელა წინ მიდიან და ოკუპირებულ მიწა-წყალს იბრუნებენ. მტრისაგან უკვე გათავისუფლებულია 50 კვადრატული მილის (130 კვ.კმ.) ფართობის მქონე ტერიტორია.
ვალერი ზალუჟი აღნიშნავს, რომ ნატოს სამხედრო დოქტრინა, რომელიც ამ შემთხვევაში რუსეთის დოქტრინის ანალოგიურია, სახმელეთო კონტრშეტევის წინ ითხოვს იმას, რომ ჰაერში უპირატესობა არსებობდეს. „უკრაინამ რომელი დოქტრინით უნდა ისარგებლოს? ჩვენ გვეუბნებიან – „ხომ მოგეცით ტანკები, ქვემეხები, საბრძოლო მანქანები, შეგიძლიათ გამოიყენოთ“. მაგრამ თვითმფრინავების გარეშე?“.
ვალერი ზალუჟნის სამეთაურო პუნქტზე ეკრანი აქვს, რომელიც ყველაფერს აჩვენებს, რაც ჰაერში იმყოფება ამ მომენტში – ნატოს ავიაცია უკრაინის დასავლეთ საზღვრებთან, საკუთარი ავიაცია უკრაინის საჰაერო სივრცეში და რუსეთის ავიაცია აღმოსავლეთ ფრონტზე. „აი, შეხედეთ. ნატოს იმ თვითმფრინავების რაოდენობა, რომლებიც ჩვენს დასავლეთ საზღვრებთან მორიგეობით დაფრინავს, ორჯერ აღემატება რუსული ავიაციის რაოდენობას, რომლებიც ჩვენს პოზიციებს ბომბავენ. რატომ არ შეიძლება, რომ ნატომ იმ ავიაციის მესამედი მაინც რომ მოგვცეს?“, – ასეთი კითხვა დასვა ვალერი ზალუჟნიმ საუბრის დროს.
რადგანაც რუსეთს ავიაციის უფრო თანამედროვე პარკი აქვს „სუ-35“ თვითმფრინავების სახით, რომლებსაც გაუმჯობესებულ რადიოლოკაციური მოწყობილობები და რაკეტული სროლის დიდი სიშორე აქვთ, მათ უკრაინის ძველი თვითმფრინავები ვერ შეედრებიან. ამის გამო კიევის სახმელეთო ქვედანაყოფები რუსული ავიაციის სამიზნეები ხდებიან.
„არავინ არ ითხოვს იმას, რომ ჩვენ ხვალვე უნდა მივიღოთ 120 თვითმფრინავი“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ამდენი არ გვინდა, მთელ მსოფლიოს ხომ არ დავემუქრები…საკმარისი იქნებოდა უფრო მცირე რაოდენობა, მაგრამ ისინი აუცილებლად გვჭირდება. იმიტომ, რომ სხვა გზა არ გვაქვს – მოწინააღმდეგე ახალი თაობის თვითმფრინავებს იყენებს. ეს იმას ჰგავს, ჩვენ ახლა მშვილდ-ისრებით შეიარაღებულებმა რომ ვიბრძოლოთ…“.
თუ ვინმე ფიქრობს იმას, რომ უკრაინის კონტრშეტევამ პოზიტიური იმპულსი მიიღო „ვაგნერის“ ამბოხების დროს, ვალერი ზალუჟნი ამაში დარწმუნებული არ არის. მისი თქმით, ევგენი პრიგოჟინის დაქირავებულებმა ბახმუტის დაკავების შემდეგ ბრძოლის ველი დატოვეს: „ჩვენ არაფერი გვიგრძნია, რომ ამით სადმე რუსული თავდაცვა შესუსტდა“.
იმის გათვალისწინებით, რომ „ვაგნერელთა“ ნაწილი ბელარუსში მოგროვდება (უკრაინელი ოფიცრები აღიარებენ, რომ ისინი ეფექტური და იმავდროულად სასტიკი ბრძოლის ტაქტიკას ფლობენ), ვალერი ზალუჟნის, ალბათ, მოუწევს ფიქრი ახალ საფრთხეზე, რომელიც უკრაინას შეიძლება ჩრდილოეთიდან, ბელარუსიდან დაემუქროს.
„ჩვენ შეშფოთების ბევრი მიზეზი გვაქვს, „ვაგნერი“ ერთ-ერთია მათ შორის… ახლა რომ მათზე ლაპარაკი დავიწყო, თავბრუ დამემართება. ჩვენი ამოცანაა ყველაზე უარესი და ყველაზე შესაძლებელი სცენარებისთვის მოვემზადოთ, იმავდროულად კი მინიმუმამდე დავიყვანოთ მოსალოდნელი [ნეგატიური] შედეგები”.
ერთ-ერთი უარესი სცენარი, რომლის განხილვა ვალერი ზალუჟნის მოუწევს, ის საფრთხეა, თუ ვლადიმერ პუტინი ბირთვულ იარაღს გამოიყენებს. გარდა ამისა, გასულ კვირას ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინის დაზვერვამ მიიღო ინფორმაცია რუსების მიერ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ტერაქტის შესაძლო მოწყობის შესახებ, რადიაციის გაჟონვის საფრთხით – იქ, სადაც ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური მდებარეობს.
დააბრკოლებს თუ არა უკრაინის კონტრშეტევას ატომურ ელექტროსადგურთან დაკავშირებული საფრთხე? „ეს მე ვერანაირად ვერ შემაჩერებს“, – ამბობს გენერალი, – ჩვენ ჩვენს საქმეს ვაკეთებთ. რატომღაც ეს სიგნალები გარედან მოდის – „გეშინოდეთ ბირთვული დარტყმისა“. რა ვქნათ, იქნებ ხელები ავწიოთ და ჩავბარდეთ?“.