მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ახალგაზრდებს, ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა, რათა საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, – ამის შესახებ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი ამილახვარმა განაცხადა.

„დღეს დაიწყო ერთიანი ეროვნული გამოცდები და მინდა, წარმატება ვუსურვო თითოეულ აბიტურიენტს, ჩვენს ახალგაზრდებს, მათ მშობლებს, ოჯახის წევრებს. ჩვენმა გუნდმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საგამოცდო პროცესი მათთვის კომფორტულ და მშვიდ აკადემიურ გარემოში წარიმართოს, სადაც ყველა აპლიკანტს ექნება საშუალება, თავისი შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინოს. გამოცდების მაღალ დონეზე ორგანიზებისთვის განსაკუთრებული მადლობა მსურს, გადავუხადო შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის თითოეულ თანამშრომელს და ყველა იმ უწყებას, რომელიც პროცესში ასე აქტიურად იყო ჩართული!

კიდევ ერთხელ მივმართავ ახალგაზრდებს, თქვენ ხართ ჩვენი ქვეყნის მომავალი და მჯერა, თითოეული თქვენგანი შეძლებს საკუთარი თავის რეალიზებას და დასახული მიზნების მიღწევას. ცხოვრების ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე წარმატებებსა და წინსვლას გისურვებთ“,- განაცხადა გიორგი ამილახვარმა.

ერთიანი ეროვნული გამოცდები დღეს დაიწყო და 26 ივლისს დასრულდება.

ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის რეგისტრირებულია 45 000-ზე მეტი აბიტურიენტი. წელს, მთელი საქართველოს მასშტაბით, სულ 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი.