საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები კიდევ ერთი დადასტურებაა იმის, რომ რუსული ოცნება და მათ მიერ არჩეული კურსი ამ ქვეყანას მიაქანებს ჭაობისკენ , – ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ პარლამენტის დეპუტატმა, ანა წითლიძემ განაცხადა.
მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ მიერ არჩეული და მხარდაჭერილი პრეზიდენტი უმწვავეს განცხადებებს აკეთებს.
„ძალიან სწორი აქცენტებია და ცხადად ისაუბრა იმაზე, რომ მაშინ, როდესაც ჩვენ ვართ ისტორიული არჩევანის წინაშე, მაშინ, როდესაც ჩვენ ველოდებით ისტორიულ შესაძლებლობას, მივიღებთ თუ არა ჩვენ კანდიდატის სტატუსს და მაშინ, როდესაც ხელისუფლება ყველაფერს უნდა აკეთებდეს იმისთვის, რომ ჩვენ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს პირიქით. სალომე ზურაბიშვილმა ისაუბრა ანტიევროპულ პროპაგანდაზე და იმაზე, რომ არ შეიძლება მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსს ველოდებით „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები იყოს სალანძღავი და ისეთი, როგორიც არის. ვფიქრობ, რომ გუშინ პრეზიდენტის განცხადებები იყო სწორი აქცენტებით, აბსოლუტურად ადეკვატური და შესაბამისი იმის, თუ რა პოლიტიკური მდგომარეობაც არის ქვეყანაში და რა პოლიტიკურ მდგომარეობაშიც „რუსულმა ოცნებამ“ ჩააგდო ეს ქვეყანა. თუმცა ცხადია, რომ მაქვს მოლოდინი, მაშინ, როდესაც „რუსული ოცნება“ არის სრულიად არაადეკვატური, მათ კიდევ რამე სადამსჯელო ღონისძიება მოიფიქრონ საქართველოს პრეზიდენტის წინააღმდეგ, რადგან საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები მათთვის ნამდვილად იქნებოდა დისკომფორტის შემქმნელი“, – განაცხადა ანა წითლიძემ.