შოთა რუსთაველის სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“ გაიმართა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის ორგანიზებით  გაიმართა ევროკავშირის კვლევისა და ინოვაციის ჩარჩო პროგრამა Horizon 2020 – ის   პროექტის „CALIPER”-ის  კონფერენცია „ქალები ინოვაციაში“.

კონფერენციის  მიზანია  STEM მიმართულების წარმომადგენელი  მეცნიერი  და ინოვატორი ქალების საქმიანობის  წარმოჩენა, გამოცდილების გაზიარება, მოტივაციის ამაღლება და მეცნიერი ქალების კვლევებში  აქტიური ჩართვის ხელშეწყობა,   გენდერული თანასწორობის,  ქალებისა და გოგონების სამეცნიერო კვლევებში  ჩართულობის ხელშეწყობის შესახებ   საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის გენერალური დირექტორი ერეკლე ასტახიშვილი, გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედი საპარლამენტო საბჭოსა და პარლამენტის კულტურისა და განათლების კომიტეტის წევრი  მარიამ ლაშხი, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მეცნიერების განვითარების დეპარტამენტის უფროსის მოადგილე, პროფესორი ზაზა მარუაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი ჯაბა სამუშია,  გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) წარმომადგენლის მოადგილე თამარ საბედაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის მოადგილე, პროფესორი ნინო ოკრიბელაშვილი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი  თამარ ცხადაძე.  პროექტი CALIPER- ის  შესახებ პრეზენტაცია წარადგინა   რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობებისა და ფონდების მოზიდვის სამსახურის უფროსმა,  რუსუდან ჯობავამ.

STEM მიმართულებით მოღვაწე მეცნიერი  და ინოვატორი ქალების გამოცდილების გაზიარების მიზნით პრეზენტაციები წარადგინეს: საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორმა,  ტექნიკის მეცნიერებათა კანდიდატმა, ფონდის 2022 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის  გამარჯვებულმა,  ლანა შატაკიშვილმა, დოქტორმა,  აგრარული უნივერსიტეტის  წარმომადგენელმა,  2022 წლის გამოყენებითი კვლევების საგრანტო კონკურსის გამარჯვებულმა, ეკა მეტრეველმა, “IT აკადემია Step საქართველოს“  ფილიალის დამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმა, მაკა მახათაძემ და გეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორმა,  სან დიეგოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა  ელინა ბაქრაძემ.

ღონისძიების დასასრულს  გაიმართა  2023 წლის  რუსთაველის  ეროვნული სამეცნიერო ფონდის  პრემიის კონკურსის „ქალები მეცნიერებაში“ გამარჯვებული  მეცნიერის,  ბიოლოგიის დოქტორის,  თამარ ხარძიანის დაჯილდოების ცერემონია.

კონფერენციაზე მოწვეული იყვნენ მკვლევარი ინოვატორები საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან და კვლევითი ცენტრებიდან, ასევე საჯარო სექტორის, დონორი და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.