“ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ, მათი მთავრობა კი ვლადიმერ პუტინს უახლოვდება” – The Guardian

ბრიტანულ გაზეთ „გარდიანში“ (The Guardian) 18 ივნისს გამოქვეყნდა სტატია სათაურით „ქართველები ევროკავშირის წევრობაზე ოცნებობენ, მათი მთავრობა კი ვლადიმერ პუტინს უახლოვდება“ (ავტორი – ჯულიან ბორგერი. იგი საქართველოში აშშ-ში არსებული გერმანული „მარშალის ფონდის“ დაფინანსებით იმყოფებოდა).

გთავაზობთ პუბლიკაციის შინაარსს:

სოფელი ხურვალეთი „სამხრეთ ოსეთის“ [რუსეთის მიერ 2008 წელს ოკუპირებული საქართველოს სეპარატისტული რეგიონის] ადმინისტრაციულ საზღვართან ახლოს მდებარეობს, რომელსაც ოსები და რუსები „სახელმწიფო საზღვარს“ უწოდებენ. ხურვალეთიდან კარგად მოჩანს „საზღვრის“ მიღმა დისლოცირებული რუსეთის სამხედრო ბაზა. იქ ამჟამად შედარებით მცირე რაოდენობის სამხედრო ტექნიკა და რუსი ჯარისკაცები იმყოფებიან, რადგან კრემლმა მათი ნაწილი უკრაინის ფრონტზე გადაისროლა. ამის მიუხედავად, ქართველები შიშობენ, რომ თუ რუსეთი უკრაინის ომში გაიმარჯვებს, კრემლმა შეიძლება საქართველოს კიდევ ერთი ნაწილი „მოკბიჩოს“, ან ქვეყანა მთლიანად „ჩაყლაპოს“. დღეისათვის დროებითი გამიჯვნის [ცეცხლის შეწყვეტის] ხაზს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია აკონტროლებს, რომლებიც „ბორდერიზაციის“ (ანუ „საზღვრის“ მცოცავად გადმოწევის) ფაქტებს აღნუსხავენ. „ბორდერიზაცია იწყება თხრილებითა და ტრანშეების გაკეთებით, შემდეგ ასობენ ბოძები და აბამენ მავთულხლართებს, დგამენ ბანერებს წარწერებით“, – ამბობს მისიის ხელმძღვანელი კლაას მაესი.

ხუთი წლის წინ, ერთ დილას, ხურვალეთელებმა გაიღვიძეს და ნახეს, რომ ოკუპანტებმა საზღვრის გაყვანა დაიწყეს. საბოლოოდ კი სოფელი ორად გაიყო: ე.წ. „საზღვარმა“ გაიარა ეზოებზე, მიწის ნაკვეთებზე, ნათესებზე… ნათესავებს და მეზობლებს ერთმანეთთან მისვლა აღარ შეუძლიათ და ვინც ამას უნებართვოდ შეცდება, მას იჭერენ და ჯარიმას ახდევინებენ.

როგორც საქართველოში ამბობენ, არსებობს საფრთხე, რომ რუსეთის სამხედრო ბაზიდან, რომელიც თბილისიდან 40 კილომეტრზე მდებარეობს, რუსულმა ტანკებმა თბილისს შეუტიონ და საერთაშორისო საავტომობილო მაგისტრალი „გადაჭრან“, თუმცა, იმის გამო, რომ რუსეთის ბაზა ამჟამად დასუსტებულია და კრემლს თავისი გასაჭირი აქვს, თბილისის ქუჩებში რუსული ტანკების გამოჩენა საეჭვოა…

მაგრამ უფრო რეალურია სხვა ეჭვი: რუსეთი საქართველოში ძალაუფლებას შეუმჩნევლად იღებს – და ეს ხდება იმ ქვეყანაში, რომლის მოსახლეობა პროდასავლურად არის განწყობილი ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის აქტივისტების მტკიცებით, საქართველოს „ჩუმი“ დაპყრობის მექანიზმის მუშაობას ხელს უწყობს მმართველი პარტიაც – „ქართული ოცნება“, რომელიც სიტყვით ევროკავშირისაკენ ისწრაფვის, საქმით კი სულ უფრო მეტად მიიწევს მოსკოვისაკენ. ამის სიმპტომები მრავლადაა: რუსეთ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენა, რუსული მმართველი ელიტის წევრთა ნათესავების ჩამოსვლა და ა.შ.

მმართველი პარტიის ხელმძღვანელების რიტორიკაში სულ უფრო მეტად გაისმის დასავლეთის კრიტიკა და რუსეთისადმი ლოიალური დამოკიდებულების გამოხატვა. საქართველო ოფიციალურად თითქოსდა ისწრაფვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაგრამ „ქართული ოცნების“ ლიდერები ისე მოქმედებენ, რომ ევროკავშირს და ნატოს თანდათან შორდებიან. წინააღმდეგობრივი განცხადებების გაკეთებაში განსაკუთრებით აქტიურობენ პარტიის ლიდერი ირაკლი კობახიძე და ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, რომელთა თქმით, დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაბმისაკენ უბიძგებს, რისთვისაც უკრაინას იყენებს. პრემიერ-მინისტრმა ბუდაპეშტში ვიზიტის დროს განაცხადა, რომ დასავლეთი ცდილობს საქართველოს ძალით თავს მოახვიოს მიუღებელი ფასეულობები, მაგალითად „ლგბტ-საზოგადოებასთან“ მიმართებით.

რა თქმა უნდა, ოპოზიცია ამ ყველაფერს ამჩნევს და მთავრობას და მმართველ პარტიას პრორუსულ ორიენტაციაში ადანაშაულებს. ასეთი პოლიტიკის გატარებით საქართველო ვერასოდეს ვერ გახდება ვერც ევროკავშირისა და ვერც ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრი“, – ამბობს პარლამენტის წევრი ოპოზიციური „ნაციონალური მოძრაობიდან“.
სხვათა შორის, საქართველოში უკვე საკმაო ხანია დაპატიმრებულია „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ლიდერი, ქვეყნის ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელსაც მმართველობის პერიოდში ჩადენილი დანაშაულისათვის გაასამართლეს (ხელისუფლების ბოროტად გამოყენების ბრალდებით). როგორც ევროპარლამენტმა ჩათვალა, იგი პირადი შურისძიების“ მოტივით არის საპყრობილეში და მისი გათავისუფლება მოითხოვა, რაც საქართველოს მთავრობამ ყურად არ იღო. უნდა აღინიშნოს რომ ოპოზიციის თქმით, საქართველოს სასამართლო სისტემა კორუმპირებულია და კლანური სისტემაა გავრცელებული.

საქართველოს ხელისუფლება ცდილობს რუსული კანონმდებლობის მსგავსი აქტები მიიღოს, მაგალითად, კანონი უცხოელი აგენტების შესახებ, რაც ოპოზიციის ძალისხმევით იქნა გაუქმებული. თუმცა, ოპოზიციის გარკვეული წარმატების მიუხედავად, ხელისუფლება სულ უფრო არღვევს ქართულ დამოუკიდებელ მასმედიას – დააპატიმრა და გაასამართლა მმართველი პარტიისადმი კრიტიკულად განწყობილი ოპოზიციური ტელეარხის ხელმძღვანელი ნიკა გვარამია, რომელიც, ორგანიზაცია Transparency International-ის დასკვნით, პოლიტიკურად მოტივირებულად“ ჩათვალა. მმართველი პარტიის წევრებს ეკრძალებათ მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ მასმედიასთან კონტაქტი. ამჟამად ძალაში შედის წესი, რომელიც პარლამენტში აკრედიტებულ ჟურნალისტებს ეხება – მათ ეკრძალებათ იმ კითხვის ხელახლა დასმა, რომელზეც დეპუტატი არ პასუხობს.

თბილისში, თავისუფლების მოედანთან ძველებურად არსებობს მთავრობის მიერ მართვადი ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრი, რომელზეც ორივე ორგანიზაციის დროსა ფრიალებს, მაგრამ ცენტრმა შეწყვიტა საინფორმაციო-პროპაგანდისტული ხასიათის ღონისძიებები და ფაქტობრივად მხოლოდ ტექნიკურ ფუნქციებს ასრულებს. ცენტრის შესასვლელი კარი მუდმივად დახურულია და მის ზღურბლთან ყვავილები იყიდება.

„ქართული ოცნების“ კრიტიკოსები ამბობენ, რომ ცენტრის შენობა „ქართული ოცნების“ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკის ნამდვილ მეტაფორას წარმოადგენს: გარედან ფასადი პროდასავლურია, შიგნით არაფერი არ კეთდება პროდასავლურად. როგორც სამოქალაქო საზოგადოების აქტივისტები ამბობენ, ასეთი ფასადი მთავრობისათვის აუცილებელია, რადგან მომავალ წელს ქვეყანაში, სადაც მოსახლეობის 80% პროდასავლურად არის განწყობილი, არჩევნები უნდა ჩატარდეს.

საბოლოო ჯამში, ოპოზიციის თქმით, მმართველი პარტია მხოლოდ ერთ ადამიანს ექვემდებარება – მის დამფუძნებელს, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილს, რომელმაც თავისი ქონება რუსეთში დააგროვა. იგი პრემიერ-მინისტრი იყო 2012 წლიდან, როცა საპარლამენტო არჩევნებში „ქართულმა ოცნებამ“ გაიმარჯვა, მაგრამ მცირე ხნის შემდეგ გადადგა, თუმცა ქვეყნის მთავრობაზე და პოლიტიკაზე ისევ ძლიერ გავლენას ახდენს. ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილის ბანკში მუშაობდა, ხოლო შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ბიძინა ივანიშვილის დაცვის უფროსად მუშაობდა, უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელს კი გრიგოლ ლილუაშვილს კი ბიძინა ივანიშვილის კომპანიებში წამყვანი თანამდებობები ეკავა.

მაგნატის სასახლე მოდერნისტული სტილით – მინითა და ფოლადის კონსტრუქციებითაა აგებული და თბილისს ზემოდან გადმოჰყურებს. ბიძინა ივანიშვილს აქვს საზაფხულო რეზიდენციაც შავი ზღვის ნაპირზე, სადაც მისსავე კუთვნილ ზოოლოგიურ პარკში უამრავი ეგზოტიკური ცხოველი ბინადრობს, ხოლო დენდროლოგიურ პარკში იშვიათი ჯიშის მცენარეებია შეკრებილი – ხეები ფესვებით იძირკვებოდა და ზღვაზე ბარჟებით გადაჰქონდათ პარკში დასანერგად.
არავინ იცის, თუ რა დონით არის დამოკიდებული ბიძინა ივანიშვილი ვლადიმერ პუტინზე, რამდენად არის დავალებული მასზე, მაგრამ დამკვირვებლები (კრემლოლოგები) თვლიან, რომ რუსეთიდან ბიძინა ფულს პრეზიდენტთან გარიგების გარეშე ვერანაირად ვერ წამოიღებდა: „ჩვენთან ისეთი პოლიტიკური სისტემაა, რომელშიც მხოლოდ ერთი ადამიანი დომინირებს“, – ამბობს „გარდიანტან“ საუბარში ირაკლი ფორჩხიძე, სტრატეგიული კვლევების ქართული ინსტიტუტის ვიცე-პრეზიდენტი.

თავის მხრივ, ხელისუფლების მაღალჩინოსანი წარმომადგენელი, პარლამენტის საერთაშორისო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე უარყოფს, რომ პარტია ბიძინა ივანიშვილის პირად პროექტს წარმოადგენს: „მე პირადად მას არ ვიცნობ. რა თქმა უნდა, არიან ისინი, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს იცნობენ და გარკვეული პერიოდის განმავლობაში მასთან მუშაობდნენ. მე ამას არ უარვყოფ, მაგრამ ტყუილია ის, რომ „ქართული ოცნების“ წევრთა 100 პროცენტი ყველა მასთან არის დაკავშირებული“. რაც შეეხება მოსკოვთან კავშირებს, ნიკოლოზ სამხარაძის თქმით, არავითარი დამამტკიცებელი ფაქტი არ არსებობს, რომ ბიძინა ივანიშვილს მოსკოვთან კონტაქტები აქვს. იგი არ ხვდება რუს პოლიტიკოსებს და რუსეთში ბიზნესი აღარ აქვს..

რუსეთთან ავიამიმოსვლის განახლებასთან დაკავშირებით ნიკოლოზ სამხარაძე ამბობს, რომ თბილისში ავიარეისებს ისეთი რუსული კომპანიები ასრულებენ, რომლებზეც დასავლური სანქციები არ ვრცელდება: „განსხვავება ძალიან დიდია დიდია. ჩვენს აეროპორტებში არ ვიღებთ ისეთ თვითმფრინავებს, რომლებზეც აშშ-სა და ევროკავშირს რაიმე პრეტენზიები აქვთ“.

მაგრამ ავიამიმოსვლის განახლებამ აშშ-სა და ევროკავშირის გაღიზიანება მაინც გამოიწვია, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ქართულმა ავიაკომპანიამ Georgian Airways-მა რუსებისათვის ევროპისაკენ სატრანზიტო ფრენების შესაძლებლობა გამოაცხადა, რითაც დასავლური სანქციების გავლენა შეასუსტა. „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელობა „მტრის დაშოშმინების“ ჩარჩოებს აშკარად გასცდა“, – ამბობს ერთ-ერთი დასავლელი დიპლომატი.

ევროკავშირის წარმომადგენლის თქმით, საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკის (გადაწყვეტილებების, დეკლარაციების) ურთიერთთავდებობა 2022 წელს დაფიქსირებული 44%-დან 2023 წლის პირველ ნახევარში 341%-მდე შემცირდა, რაც ძალიან შემაშფოთებელია.

იმავდროულად თბილისში მყოფი ევროპელი დიპლომატები აცნობიერებენ, რომ ისინი დილემის წინაშე დგანან: თუ ბრიუსელი საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიანიჭებს, ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მთავრობას, რომელიც დემოკრატიისაგან უკან იხევს, ევროკავშირი ხელს უწყობენ, რომ ხელისუფლებაში დარჩეს და თუ არ მიანიჭებენ, ამით ბევრ ქართველს ევროპის მიმართ იმედები გაუცრუვდება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ მოსკოვთან კავშირების გაფართოების საბაბი მიეცემა. გარდა ამისა, მოსალოდნელია ქუჩის პროტესტების პროვოცირებაც.

როგორც ერთ-ერთმა დიპლომატმა ხაზგასმით აღნიშნა, „ევროკავშირის ნეგატიური გადაწყვეტილება საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების თაობაზე ისეთი მოვლენების სპირალს გამოიწვევს, რომ სიტუაცია შეიძლება კონტროლიდან გამოვიდეს“.

წყარო