სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს- Politico

გამოცემა Politico-ს მიერ მოპოვებული დოკუმენტები მიუთითებს იმაზე, რომ სანქცირებული რუსული სამხედრო მრეწველობის კომპანიებმა „Промтехнология”, „ORSIS T-5000″და „ТЕТИС ПРО“ ამერიკული კომპანია Hornady-სგან ასობით ათასი ტყვია-წამალი შეიძინეს.

Politico-ს თანახმად, დასავლური ტყვია-წამლის გამოყენებაზე „ვაგნერის“ მებრძოლები ინტერვიუებშიც საუბრობენ. თუმცა, როგორც დაჯგუფების ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა Politico-ს განუცხადა, მათ „ნატოს შეიარაღების უზარმაზარი რაოდენობა აქვთ, რომელიც უკრაინის ჯარმა დატოვა“.

რუსეთთან ვაჭრობის გაგრძელებას კატეგორიულად უარყოფს Hornady-ს დირექტორიც. Politico-სთან სატელეფონო ინტერვიუში მან განაცხადა, რომ კომპანიამ რუსეთთან ურთიერთობა უკრაინაში შეჭრის დღესვე გაწყვიტა.

„კატეგორიულად ვაცხადებ, რომ რუსეთში ექსპორტს არ ვახორციელებთ და რუსეთში ექსპორტის ნებართვა 2014 წლიდან არ გვქონია. მხარს არ ვუჭერთ ნებისმიერი ჩვენი პროდუქტის ნებისმიერ რუსზე მიყიდვას და როგორც კი გავარკვევთ, როგორ ჩაუვარდათ მათ ხელში ჩვენი პროდუქტი (თუ ეს მართლა ასეა), მივიღებთ ყველა შესაძლო ზომას ამის შესაჩერებლად“, – აცხადებენ Hornady-სში.

Hornady-სთან ურთიერთობას Промтехнология-შიც უარყოფენ, თუმცა Politico წერს, რომ „აღმოჩენები ემატება მზარდ მტკიცებულებებს იმის შესახებ, რომ ლეტალური და არალეტალური სამხედრო აღჭურვილობის მარაგი კვლავ აღწევს რუსეთში, მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთმა უპრეცედენტო სანქციები დააწესა პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინის გასულ წელს უკრაინაში შეჭრის საპასუხოდ. თავდაცვის ექსპერტების შეფასებით, ომმა გამოავლინა, რომ რუსეთს სნაიპერული აღჭურვილობის წარმოება არ შეუძლია, რაც ხელს უწყობს დასავლური საბრძოლო მასალის შავი ბაზრის აყვავებას.

„ინფორმაცია ასეთი ტყვია-წამლის შესყიდვის შესახებ ჩვენს თვალწინაა: გარიგების დეტალების – იმპორტიორების, მომწოდებლებისა და პროდუქტის აღწერილობის ნახვა ნებისმიერ მსურველს შეუძლია, ვისაც აქვს წვდომა რუსულ ინტერნეტზე და ფლობს საერთაშორისო საბაჟო კლასიფიკაციის კოდებს“, – აღნიშნულია სტატიაში.

Politico წერს, რომ სანქციების დარღვევისთვის აშშ-ში მკაცრი სასჯელი მოქმედებს, რომელიც $1 მილიონი დოლარის ოდენობის ჯარიმას ან 20-წლიან პატიმრობას ითვალისწინებს.