„ძალიან მძიმე ბრძოლები იქნება“ – რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანიის BBC-ის რუსული სამსახური (BBC russian) აქვეყნებს სტატიას სათაურით „იქნება ძალიან მძიმე ბრძოლები“: რას ამბობენ უკრაინის არმიის კონტრშეტევის შესახებ“.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

 

უკრაინის არმიის კონტრშეტევა გრძელდება და როგორც კიევი იტყობინება, 14-15 ივნისის ბრძოლების შედეგად, ცენტრალურ ფრონტზე (იგულისხმება ზაპოროჟიედან ბერდიანსკის ნავსადგურის მიმართულებით, ყირიმ-დონბასის სახმელეთო დერეფნის გადაჭრის მიზნით) წინ კიდევ ერთი კილომეტრით წაიწიეს (ანუ ოკუპაციისაგან უკვე 103 კვადრატული კილომეტრის ფართობის მქონე ტერიტორია გაათავისუფლეს), თუმცა როგორც უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აღიარებს, უკრაინის არმიის შეტევა რუსეთის ჯარების სერიოზულ წინააღმდეგობას აწყდება.

ამასთან, მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტის ოფისის ზოგიერთი თანამშრომელი, მაგალითად, მიხეილ პოდოლიაკი აცხადებს, რომ კონტრშეტევა ჯერ არ დაწყებულა, ეს ბრძოლები მხოლოდ ძალების მოთელვა/ტესტირებას წარმოადგენს, მოწინააღმდეგის სუსტი წერტილების გამოვლენის მიზნით, სამხედრო ექსპერტები ამბობენ, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები, დიდი ხნის დაპირებისა და მოლოდინის შემდეგ, იძულებულნი გახდნენ აქტიური საომარი მოქმედებები დაეწყოთ.

უცხოელი სამხედრო დამკვირვებლები აღნიშნავენ, უკრაინის არმიას სრულფასოვანი კონტრშეტევისათვის ბევრი რამ აკლია, უპირველესად კი შეიარაღება – ავიაცია, შორსმსროლელი ქვემეხები, ტანკები და ა.შ. რადგანაც უკვე თითქმის დახარჯული რეზერვების შევსება დასავლეთიდან ოპერატიულად და სწრაფად ვერ ხდება, უკრაინელებს უწევთ რუსების თავდაცვის ხაზების ნელი „ღრღნა“. ეს პროცესი შეიძლება თვეები გაგრძელდეს.

აშშ-ის ყველაზე მაღალი სამხედრო თანამდებობის მქონე გენერალმა, არმიის შტაბების უფროსების გაერთიანებული კომიტეტის თავმჯდომარემ, გენერალმა მარკ მილიმ კომენტარი გაუკეთა უკრაინის არმიის კონტრშეტევის მიმდინარეობას. მისი თქმით, უკრაინელები ნელ-ნელა წარმატებას აღწევენ, მაგრამ შეტევის ფასი, სავარაუდოდ, ძალიან მაღალი იქნება – ბრძოლები ძალიან მძიმე, დანაკარგები კი დიდი. „ჩვენ ძალიან მძიმე და სისხლისმღვრელი, დაუნდობელი ბრძოლების მოწმენი ვხდებით… მიზნის მიღწევას დრო დაჭირდება, ბრძოლაში ბევრი დაიღუპება“, – განაცხადა მარკ მილიმ. გენერლის შეფასებით, უკრაინის არმია ოფიცრების კარგი მომზადებით გამოირჩევა, ჯარისკაცებს მაღალი მოლარული სულისკვეთება აქვთ, რასაც ვერ ვიტყვით რუსეთის არმიის პირად შემადგენლობაზე: „რუსი მეთაურები ერთმანეთთან შეუთანხმებლად მოქმედებენ, რუსი ჯარისკაცების საბრძოლო სული დაქვეითებულია და ისინი „ყრუ თავდაცვაში“ არიან. ბევრ მათგანს არცკი ესმის, თუ რატომ აღმოჩნდნენ ისინი ასეთ სიტუაციაში“, – ამბობს ამერიკელი გენერალი რუსული არმიის შესახებ.

14 ივნიის გავლენიანი ბრიტანული ანალიტიკური ცენტრის – გაერთიანებული თავდაცვითი კვლევების სამეფო ინსტიტუტის (RUSI) ექსპერტმა ჯეკ უოტლინგმა გამოაქვეყნა ანალიტიკური სტატია სათაურით – „უკრაინის არმიის კონტრშეტევა დაიწყო – აჩვენებენ თუ არა ლეოპარდები თავიანთ ძალას?“, რომელშიც მან მიმდინარე საომარი მოქმედებები შეაფასა და შეეცადა კონტრშეტევის განვითარების პროგნოზის გაკეთებას.

როგორც ანალიტიკოსი თვლის, უკრაინელმა სამხედრო მოსამსახურეებმა თითქმის ათდღიანი ბრძოლების შედეგად შეძლეს რუსეთის არმიის თავდაპირველი ხაზის გარღვევა ფრონტის ფართო უბანზე, მაგრამ მთავარი გამაგრებული ხაზიდან ჯერ კიდევ შორს არიან. „კიევს ჯერ არ აქვს გამოყენებული თავისი ძალების ძირითადი ნაწილი. მისი მოწინავე ქვედანაყოფები ცდილობენ, რომ გარღვევისათვის პირობები შექმნან. მიუხედავად იმისა, რომ რუსების თავდაცვის პირველი ხაზი, მთავარისგან განსხვავებით, ძირითადად ხელით გათხრილ სანგრებს და ბლინდაჟებს წარმოადგენს, დანაღმული ველებით, უკრაინელ ჯარისკაცებს მაინც მძიმე ბრძოლები მოუწიათ. მეორე ანუ მთავარი გამაგრებული ხაზი პირველისაგან 15-20 კილომეტრის მოშორებით მდებარეობს და შედგება სამხედრო ხელოვნებით აგებული ტრანშეებისგან, ბეტონის საცეცხლე წერტილებისგან, ტანკსაწინააღმდეგო ბარიერებისა და კავშირგაბმულობის თანამედროვე საშუალებებისაგან, მათი გადალახვა ძალიან რთული იქნება. მეორე ხაზს მესამე მოჰყვება, შემდეგ კი რიგი სარეზერვო პოზიციებია მოწყობილი“, – განმარტავს ექსპერტი.

ჯეკ უოტლინგი წინასწარმეტყველებს, რომ რაც უფრო ღრმად შეაღწევენ უკრაინელები რუსების პოზიციებში, მათთვის ბრძოლები კიდევ უფრო მძიმე იქნება. რუსების არტილერია, უკრაინულისაგან განსხვავებით, ბევრად უფრო ეფექტურად მუშაობს, რუს არტილერისტებს ჭურვების დიდი მარაგი აქვთ. გარდა ამისა, მხედველობაშია მისაღები ის ფაქტი, რომ რუსებმა ტერიტორია თითქმის ყველგან დანაღმეს. ასევე ყურადსაღებია რუსული ავიაციის მოქმედების გააქტიურებაც.

ჯეკ უოტლინგის აზრით, ამჟამად უკრაინის არმია სამი მთავარი მიზნის მიღწევას ცდილობს:

პირველი – უკრაინული ქვედანაყოფები ეწევიან ინტენსიურ ბრძოლას რუსეთის არმიის პირველი თავდაცვითი ხაზის სამეთაურო და ლოჯისტიკური ცენტრების, საარტილერიო დანადგარების გასანადგურებლად (იგივეს აკეთებენ რუსებიც);

მეორე – უკრაინელები ცდილობენ, რომ რუსები იძულებული გახადონ რეზერვებით ისარგებლონ, ანუ მესამე თავდაცვითი ხაზის ძალები ფრონტის სხვა უბნებზე გადაისროლონ. შესაბამისად, უკრაინელები იოლად მიხვდებიან, თუ სად გაჩნდა სუსტი წერტილები და სანამ „ცარიელ ადგილებს“ რეზერვი შეავსებს, მანამ კიევი ოპერატიულად იმოქმედებს.

მესამე – უკრაინის არმია წინასწარგანზრახულად უტევს მთელ ფრონტზე, რომ რაც შეიძლება მეტად მოიცვას პირველი თავდაცვითი ხაზის ზონა. ამით ის რუსეთის არმიის სარდლობაში გაურკვევლობას ქმნის – მათ არ ეცოდინებათ, თუ რომელი მიმართულებით მზადდება მთავარი დარტყმა. გარდა ამისა, ფართო ფრონტით შეტევა ხელს უშლის რუსული არმიის კონცენტრაციას და ზღუდავს მის შესაძლებლობას ეშელონირებული თავდაცვის შექმნაში.

როგორც ჯეკ უოტლინგი აღნიშნავს, რაღაც მომენტში კიევმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება მთავარი დარტყმის განხორციელების შესახებ. სწორედ ამ დროს დადგება ოპერაციის გადამწყვეტი ფაზა. „კონტრშეტევით თავდაცვის ხაზები უნდა გაირღვეს, წინააღმდეგ შემთხვევაში მას კრახი ელოდება. ამიტომ კიევმა მთელი ძალისხმევა უნდა უნდა მოახმაროს იმას, რომ გარღვევის ალბათობა მაღალი იყოს“, – წერს ექსპერტი.

იმ შემთხვევაში, თუ გარღვევა მოხდება, მთავარი საკითხი ხდება ის, თუ რა რეზერვებით ისარგებლებს უკრაინა თავისი წარმატების სრულყოფილად გამოყენებისათვის. ამ დროს მოქმედების სისწრაფეს დიდი მნიშვნელობა აქვს. თუ რუსები დაასწრებენ და რეზერვების გადასროლას სწრაფად მოახერხებენ, უკრაინის არმიისათვის ეს წამგებიანი იქნება.

ექსპერტი წინასწარმეტყველებს, რომ უკრაინის დასავლელი მოკავშირეებისათვის ეს ზაფხული ძალიან რთული იქნება: დანაკარგები გაიზრდება, მიღწევებს კი დრო ჭირდება. მაგრამ თუ დასავლეთი ინტენსიურად გააგრძელებს უკრაინელი სამხედროების გაწვრთნა-მომზადებას და იარაღით მომარაგებას, მაშინ წარმატებისთვის მეტი საფუძველი იქმნება.

„რამდენი ტერიტორიაც არ უნდა გათავისუფლდეს კონტრშეტევის დროს, კრიტიკულად მაინც მნიშვნელოვანია კიევმა კრემლს აჩვენოს, რომ რუსეთის დამარცხება გარდაუვალია, თუნდაც მას რამდენიმე ეტაპი დაჭირდეს“, – ასკვნის ექსპერტი.

წყარო