30 წლის წინ 22 წლის ვიყავი. 30 წლის წინ აფხაზეთში ომი დაიწყო და წავედი. მთელი დღეა ვფიქრობ ადამიანებზე, ვინც ამ ომმა წამართვა და მთელი დღეა მახსენდება ჩვენი საშკა იოსელიანის სიტყვები… ტელევიზიაში გამართული ერთ-ერთი თათბირიდან: “ბოდიშს გიხდით, ჩვენ ჯერ ვერ მოვკვდით სამშობლოსათვის, მაგრამ აუცილებლად მოვკვდებითო”… ერთი თვე გავიდა და საშკა გმირულად წავიდა.
მთელი დღეა იმ ადამიანებზეც ვფიქრობ, ცხოვრებაში საკუთარი ქვეყნისთვის არაფერი, საერთოდ არაფერი რომ არ გაუკეთებიათ, გარდა სხვების ლანძღვა-გინებისა. სამაგიეროდ, მუდმივად თქვენი ქმედებების რევიზიით არიან დაკავებულნი. ეს ის ხალხია, შენ რომ სამშობლოს შეეწირები და თავად, სამზარეულოში მოკალათებულნი, “ფეისბუქზე” მაინც კრიტიკულ და მწარე სტატუსს რომ მოგიძღვნიან: “რაღაცა კარგად ვერ შეეწირა ქვეყანასო”.
იმათზე აღარაფერს ვამბობ, ყავის წრუპვის გარდა, სხვა მიღწევა რომ არ ჰქონიათ საკუთარ, მოწყენილ ცხოვრებაში და ნახევარ ქვეყანას აგენტს და მოღალატეს რომ ეძახიან. ამისთანებს ჯერ ჭუბერზე ბალახის ფესვი და მიწა უნდა აჭამო და მერე ათობით კილომეტრი თოვლსა და ყინულში ფეხით უნდა ატარო.
30 წლის წინ 22 წლის ვიყავი, ახლა 52- ის ვარ. ვისაც ომი გავლილი აქვს, იცოდეთ: იმას აღარც არაფრის ეშინია. შიში მოკლა. იმას მშვიდობა უნდა.