“მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება” – რა ვიდეოსიუჟეტი გავიდა „როსსია-1“-ის ეთერში საქართველოს შესახებ

რუსეთის ფედერალური ტელეკომპანიის „როსსია-1“-ის (Россия-1) პროგრამა „ვესტი ნედელით“ (Вести недели) ეთერში გადაიცა 9-წუთიანი ვიდეოსიუჟეტი საქართველოს შესახებ, რომლის ტექსტური ვერსია ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა სათაურით „მზე, ზღვა და მთები: საქართველო გველოდება“.

„ბოლო წლების განმავლობაში ქართველები ჩიოდნენ, რომ არ ჰყავდათ ყველაზე საყვარელი და სასურველი, მთავარი სტუმარი – რუსი ტურისტი, თუმცა რუსეთსა და საქართველოს შორის პირდაპირი ავიამიმოსვლის განახლების შემდეგ გაჩნდა არამარტო ფულის გამომუშავების, არამედ კარგ ადამიანებთან ურთიერთობის შესაძლებლობა. ყველაზე პოზიტიური კი ისაა, რომ უკვე სამთავრობო დონეზე იხსნება ახალი საბაჟო-გამშვები პუნქტები – თბილისში, ბათუმში და ქუთაისში“. რას გვთავაზობენ სტუმართმოყვარე ქართველები?, – ამბობს ვიდეოსიუჟეტის შესავალში „ვესტი ნედელის“ წამყვანი დიმიტრი კისელიოვი და სიტყვას გადასცემს ალექსანდრე ბუზალაძეს, „როსია-1“-ის ტელეკორესპონდენტს საქართველოში.

თავის მხრივ, ჟურნალისტი რუსეთის ტელემაყურებელს აცნობს ბათუმელი ავთანდილ სირაბიძის ოჯახის მიერ მოწეულ მარწყვის და რიგი სუბტროპიკული ხილის მოსავალს, ეზოში დარგულ ყვავილებს, ადგილობრივი კლიმატის წყალობით. „ავთანდილის ვაჟი იოსები ჩემს პატივსაცემად სუფრას შლის, სხვათა შორის, უკრაინულ ღორის ქონსაც (сало) ჭრის და უნებლიედ უკრაინაზეც ვლაპარაკობთ: „რა თქმა უნდა, რიგითი უკრაინელებისადმი ნორმალური დამოკიდებულება მაქვს, მაგრამ პოლიტიკოსების მიმართ ცუდი – იმიტომ, რომ მათ საკუთარ ხალხს უღალატეს და ხორცსაკეპში გაგზავნეს“. გამოდის, რომ ამერიკელები რუსეთს უკრაინელების ხელით ეომებიან, ახლა ცდილობენ, რომ ომში მსგავსი სახით საქართველოც ჩაითრიონ“. საუბარი ასევე ეხება უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტსაც, რომელმაც დიდი ვნებათაღელვა გამოიწვია და განხილვიდან მოიხსნა: მასპინძლის თქმით, „უცხოელი აგენტები არა მარტო საქართველოს ანგრევენ, არამედ ნებისმიერ ქვეყანას“.

ბათუმის რესტორნებში და პლაჟებზე რუს ტურისტებს მოუთმენლად ელოდებიან. ამავე დროს, თვითონ ქართველებსაც სურთ რუსეთში წასვლა და რუსული ღირსშესანიშნაობების დათვალიერება, რომელიც ახლა, უვიზო რეჟიმის შემოღების შედეგად, სრულიად შესაძლებელი გახდა – ეს აზრი დომინირებს ბათუმის ბულვარზე და პლაჟზე მოქალაქეებთან შეხვედრის დროს.

ტელესიუჟეტის მნიშვნელოვანი ნაწილი ეხება საქართველო-რუსეთისა და საქართველო-უკრაინის პოლიტიკური ურთიერთობის საკითხებს. ის პირები, რომლებსაც კორესპონდენტი ალექსანდრე ბუზალაძე ესაუბრება, იწონებენ მოსკოვ-თბილისს შორის ურთიერთობის გაფართოებას და აკრიტიკებენ იმ დესტრუქციული ძალების მოქმედებას, რომლებიც ხელს უშლიან ამ პროცესს. „ყველა მოხარულია და მხარს უჭერს მოსკოვთან თანამშრომლობის გაჯანსაღებას. „თუ ჩვენ რუსეთთან ვიმეგობრებთ, საქართველოს პერსპექტივა ყოველთვის ექნება“, – ამბობენ ბათუმელები.

„როსია-1“-ის კორესპონდენტი რეპორტაჟს თბილისიდან აგრძელებს და ესაუბრება გიორგი ქარდავას, რომლის თქმით, [პრეზიდენტ პუტინის ბრძანებულებებით] ორ მეზობელ ქვეყანას შორის გარდამტეხი მომენტი მოხდა“. საქართველოს პატრიოტი პოლიტიკოსი შოთა მარტინენკო კი დარწმუნებულია, რომ დასავლეთის ანტირუსული მცდელობის მიუხედავად, ქართველებისა და რუსების მეგობრობა არ დაიკარგება. „ქართველმა ხალხმა კარგად დაინახა, რომ დასავლეთს, უკრაინის მსგავსად, ჩვენი მსხვერპლად შეწირვა სურს“, – ამბობს შოთა მარტინენკო და ვარაუდობს, რომ შეიძლება ამერიკულმა სპეცსამსახურებმა საქართველოში „უკრაინული მაიდანი“ მოაწყონ.
რეპორტაჟის დროს ალექსანდრე ბუზალაძე იმყოფება აგრეთვე „ქართული ტელეარხის „ალტ-ინფოს“ (Alt-Info) სტუდიაშიც, რომელიც ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მაუწყებლობს და კონსერვატიული ფასეულობების პოპულარიზებას ახორციელებს“. Alt-Info აჩვენებს ორსაათიან გადაცემას უკრაინის შესახებ: ეკრანზე ვხედავთ კიევის არმიის კონტრშეტევის შედეგებს – განადგურებულ გერმანულ ტანკებს, ცნობილ „ლეოპარდებს“.

„როსია-1“-ის ჟურნალისტი ესაუბრება თბილისელ მხატვარს, 75 წლის ხატმწერ ანატოლი რიაბოშენკოს, რომელიც საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთებს ასრულებს: „რუსეთი პურია, ქრისტეს სხეული, საქართველო კი – ღვინო, ქრისტეს სისხლი. ეს ყველაფერი მთლიანობაა, რომელთა დაშორება საშინელების მომტანია“, – ამბობს ანატოლი რიაბოშენკო, რომელსაც ქართველი და რუსი ხალხების ერთად ყოფნის მომხრეა და მათი დაშორება ვერ წარმოუდგენია. იგი მოლბერტზე ხატს წერს სახელწოდებით „მოულოდნელი სიხარული“, რომელზეც ღვთის მშობელი მარიამია გამოსახული და რომელიც, საქართველოსა და რუსეთის ერთმანეთთან დაახლოების კვალობაზე, ორივე ქვეყნის მფარველი იქნება.

წყარო