,,საქართველოში თუ რამე არის გაუმჭვირვალე, ეს არის „ენჯეოების“ დაფინანსება”- სუბარი

„ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯეოები“ ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები“, – ამის შესახებ, მედიასთან ისაუბრა „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა სოზარ სუბარმა, რომელიც „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ინიციატივას გამოეხმაურა.

როგორც სუბარმა აღნიშნა, „ენჯეოებს“ სურთ, არჩეულმა პარტიებმა პარლამენტში ის კანონები მიიღონ რაც მათ სურთ, რაც ვერანაირად ვერ მოხდება.

საქართველოში თუ რამეა გაუმჭვირვალე, ეს „ენჯოების“ დაფინანსებაა. ყველა არჩეულმა პარტიამ უნდა მოუსმინოს მათ და პრაქტიკულად პარლამენტმა ბეჭედი უნდა დაარტყას იმ კანონებს, რომლებსაც ისინი ჩათვლიან, რომ უნდა მიიღოს ქვეყანამ. ამ ფონზე სრულიად გაუმჭვირვალეა მთელი მათი საქმიანობა. ფაქტი ერთია, ამ ქვეყანაში მდიდარი „ენჯეოები“ ჩამოყალიბდნენ, როგორც უცხოური გავლენის აგენტები. მათი ინტერესის გათვალისწინება ვერანაირად ვერ მოხდება, ვერცერთ კანონში. ზოგადად, თუ მათი ლოგიკით ვიმსჯელებთ, გამჭვირვალობა ეს რუსული პროექტი და თემაა და გამჭვირვალობის შესახებ კანონი იყო რუსული კანონი. გამოდის, მათი დღევანდელი კანონიც, ყოფილა რუსული კანონი“ – განაცხადა სოზარ სუბარმა.

მან ასევე ისაუბრა ოპოზიციის სტრატეგიაზე და აღნიშნა, რომ ლევან ხაბეიშვილს „ნაცმოძრაობის“ დაშლის გარდა სხვა გასაღები არ გააჩნია და ამას პოლიტიკური პარტიები და საზოგადოებაც ხედავს.

„ლევან ხაბეიშვილი არის გასაღები დაშლის. როგორ უნდა დაშალოს პარტია, სხვა გასაღები მას არ აქვს და ვერავის ვერაფერს ვერ ასწავლის.მაგრამ, მე ამ ფონზე რომ ვუყურებ მართლა საცოდავ დღეშია ვაშაძე – მანჯგალაძის ჯგუფი იმიტომ, რომ ერთადერთი პოლიტიკური ჯგუფი დარჩა, რომელიც დღემდე რაღაცნაირად ებღაუჭება „ნაცმოძრაობას“. პარტიების უმრავლესობა აფასებს საღად, რომ აღარ გამოვა მათი გაერთიანება „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ. ალბათ, დაიწყებენ ახალი ალიანსების ძებნას. თუმცა, ჯერჯერობით რასაც ვუყურებთ ეს მაინც არის – „მკვდარი, მკვდარს აეკიდა“ თემა იმიტომ, რომ არანაირი იდეა, რეიტინგი, შანსი მათი მხრიდან არ მოდის“, – განაცხადა, სოზარ სუბარმა.