გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ ზურაბ უტიაშვილმა ინფორმაცია „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე თავად გამოაქვეყნა, თუმცა წასვლის მიზეზი არ განუმარტავს.
„მინდა შეგატყობინოთ ჩემი გადაწყვეტილების შესახებ, პირადი განცხადების საფუძველზე დავტოვო გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერის თანამდებობა.
პირველ რიგში, მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს და პირადად პრემიერ-მინისტრს, 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის. ასევე, მადლობა მინდა გადავუხადო მოსახლეობას არჩევნებში ჩემი მხარდაჭერისთვის, რის საფუძველზეც მომეცა შესაძლებლობა ამ პერიოდის განმავლობაში უამრავი სასიკეთო საქმე გამეკეთებინა.
განსაკუთრებული მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს გუნდს – გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერიის თითოეულ თანამშრომელს დაუღალავი შრომისთვის, თანადგომისთვის და ერთობლივი, ნაყოფიერი მუშაობისთვის, მე მათ წარმატებებს ვუსურვებ!
მოკლედ მინდა შევაჯამო ის პროექტები, რაც ორი წლის განმავლობაში, ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა მუნიციპალიტეტში. მეამაყება, რომ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში გადაიჭრა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორც იცით, მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში ათწლეულების განმავლობაში გაუქმებული იყო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კონსოლიდირებული ტენდერი და წლის ბოლომდე გურჯაანელებს 10 ახალი “Isuzu”-ს მარკის 21 ადგილიანი ავტობუსი მოემსახურება.
ასევე, მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტი “განახლებული რეგიონები”, რომლის ფარგლებშიც ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩამ თანამედროვე იერსახე მიიღო, რომელიც თითოეული გურჯაანელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გურჯაანელ ახალგაზრდებთან საუბრისას გამოიკვეთა, არის სკვერებისა და სპორტული მოედნების საჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25-ზე მეტი საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. აქვე მინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი – ქალაქ გურჯაანში მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დასრულდება. საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი, 150 მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლის განხორციელებაც ყველამ ერთობლივად შევძელით. მუნიციპალიტეტის მშენებლობა და მოქალაქეებზე ზრუნვა კვლავაც გაგრძელდება.
ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც “ქართული ოცნების” გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.
ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს – გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად“, – წერს ზურაბ უტიაშვილი.
გურჯაანის მერის მოვალეობას, მერის მოადგილე ლერი გელენავა შეასრულებს.