რას ნიშნავს დასავლეთისათვის რეჯეფ ერდოღანის მორიგი გამარჯვება – უცხოური პრესა

ბრიტანული სამაუწყებლო კომპანია BBC-ის რუსული სამსახურის (BBC russian) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულია სარედაქციო სტატია სათაურით „არჩევნები თურქეთში: რას ნიშნავს დასავლეთისათვის რეჯეფ ერდოღანის მორიგი გამარჯვება“. მასში გაანალიზებულია როგორც თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების საერთაშორისო მნიშვნელობა, ასევე დასავლეთის სავარაუდო მოქმედება თურქეთის „ჯიუტ და თავნება“ ლიდერთან მიმართებით, რომელმაც მოსახლეობის მხარდაჭერა და საკმაოდ მტკიცე იურიდიული ლეგიტიმაცია მიიღო.

გთავაზობთ პუბლიკაციის შემოკლებულ ვერსიას:

როგორც კი თურქეთის საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურში ხმის მიცემა დასრულდა, ანკარისა და სხვა ქალაქების ქუჩებში რეჯეფ ერდოღანის მომხრეები გამოვიდნენ და თავიანთი ლიდერის გამარჯვებას ზეიმობდნენ. „ნამდვილად ღმერთის წყალობაა, რომ ჩვენი პრეზიდენტი ისევ ქვეყნის ხელმძღვანელია“, – ამბობს „ბიბისის“ კორესპონდენტთან საუბარში 50 წლის ხატიჯე დურანი, რომლის თქმით, რეჯეფ ერდოღანმა თურქეთი განადიდა, მტრებს და არაკეთილმოსურნეებს გაკვეთილი ჩაუტარა.

ექსპერტების აზრით, არჩევნებმა აჩვენა, რომ თურქეთში ბევრი უპირატესობას ძლიერ ლიდერს აძლევს, კარგ ლიდერთან შედარებით. საპრეზიდენტო კამპანიის დროს დასავლეთის დედაქალაქებში სიჩუმეს იცავდნენ და საიდუმლოდ იმედოვნებდნენ, რომ რეჯეფ ერდოღანის 20-წლიანი მმართველობა საბოლოოდ დასრულდებოდა, მაგრამ მისმა გამარჯვებამ დასავლეთის ქვეყნები რთულ მდგომარეობაში ჩააყენა.

მილოცვა, როგორც პოზიციის ინდიკატორი

თურქეთის გლობალური სტრატეგიული მნიშვნელობა, რომელიც მკვეთრად გაიზარდა რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, შეიძლება შევაფასოთ იმ ფაქტითაც, თუ რამდენმა მსოფლიო ლიდერმა მიულოცა რეჯეფ ერდოღანს გამარჯვება პირველსავე წუთებში.
მათგან ერთ-ერთი პირველი იყო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი, რომელიც ჩვეულებრივ, არჩევნების შედეგების ოფიციალურ გამოცხადებას არ ელოდება ხოლმე. მისი თქმით, რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება მისმა დამოუკიდებელმა საგარეო პოლიტიკამ განაპირობა“.
„შეიძლება დიდი სიზუსტით ვივარაუდოთ, რომ თუ რატომ მოსწონს თურქეთის პოლიტიკა რუსეთს – იმიტომ, რომ რეჯეფ ერდოღანი უკრაინაში შეჭრის საკითხში კრემლის კრიტიკას ერიდება – იმის მიუხედავადაც კი, რომ თურქეთის ნატოელმა მოკავშირეებმა რუსეთს ენერგეტიკული ემბარგო დაუწესეს და რუსული გაზით აღარ სარგებლობენ. ის, რომ ანკარა მხარს უჭერს კიევს და მას იარაღით ეხმარება, კრემლისათვის არასასიამოვნოა, მაგრამ მოსათმენი – უფრო მეტი პერსპექტივით“, – ამბობს „ბიბისის“ მიმომხილველი კატია ადლერი.

თუმცა რეჯეფ ერდოღანს ასევე დაუყოვნებლივ მიულოცეს გამარჯვება აშშ-სა და საფრანგეთის პრეზიდენტებმა. მართალია, მათ არ მოსწონთ ანკარა-მოსკოვის ერთმანეთთან დაახლოება, მაგრამ თურქეთი დასავლეთის უმნიშვნელოვანესი მოკავშირეა – ჯიუტი და თავისებური ხასიათით, მაგრამ მაინც საჭირო და შეუცვლელი.

თურქეთი ნატოს საკვანძო წევრია ალიანსის სამხრეთ-აღმოსავლეთ ფლანგზე და მის ყველა მისიაში მონაწილეობს. თურქეთის როგორც ნატოს სრულუფლებიანი წევრის პოზიცია გადამწყვეტია ალიანსის გაფართოების საკითხში – შვედეთის მიღებასთან დაკავშირებით. თურქეთი ერთგვარი ფარის როლსაც ასრულებს ევროკავშირისათვის ახლო აღმოსავლელი ლტოლვილებისა და მიგრანტების საკითხში.

როგორც გაზეთ „გარდიანის“ (The Guardian) დიპლომატიური კორესპონდენტი პატრიკ ვენტური წერს თავის სტატიაში სათაურით „რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება: დასავლეთი შიშსა და იმედს შორის“, დასავლეთს გარკვეული ეჭვები და შიში აქვს, რომ რეჯეფ ერდოღანი თურქეთს კიდევ უფრო დააშორებს დასავლური ლიბერალური და საერო ფასეულობებისაგან, მაგრამ იმავდროულად იმედოვნებს, რომ ანკარა თავისი საგარეო პოლიტიკის გატარებისას, ნატოს სხვა წევრების აზრსაც გაითვალისწინებს. „ნებისმიერ შემთხვევაში, იმ არჩევანს, რომელსაც რეჯეფ ერდორანი გააკეთებს, მნიშვნელოვანი იქნება არა მხოლოდ თვით თურქეთისათვის, არამედ ნატოსათვის და იმ მსოფლიო წესრიგისათვის, რომელიც უკრაინის ომის დასრულების შემდეგ ჩამოყალიბდება“, – წერს პატრიკ ვენტური.

დასავლელი დიპლომატები და ანალიტიკოსები შიშობენ, რომ ვაითუ რეჯებ ერდოღანი და ვლადიმერ პუტინი ერთმანეთს კიდევ უფრო დაუახლოვდნენო და ამიტომ ისინი ოპტიმისტურად არ არიან განწყობილნი.

რის შეთავაზება შეუძლია დასავლეთს

კრემლთან თურქეთის სავარაუდო დაახლოების თავიდან ასაცილებლად, დასვლელი ლიდერები, როგორც ჩანს, მზად არიან ანკარასთან მიმართებით გარკვეულ დათმობებზე წავიდნენ, მაგრამ, ცხადია, ამის გაკეთება იოლი არ იქნება. მაგალითად, შვედეთისათვის, სადაც ქურთების მნიშვნელოვანი რაოდენობა ცხოვრობს, ძნელი შესასრულებელი იქნება რეჯეფ ერდორანის მოთხოვნა „ტერორიზმში ეჭვმიტანილი“ 140 ქურთი ექსტრადირების თაობაზე. სტოკჰოლმს შეუძლია თურქეთის გულის მოსაგებად ანტიტერორისტული კანონები გაამკაცროს, მაგრამ მთავრობა ვერ უბრძანებს მოსამართლეებს ქურთების ექსტრადირება მოახდინონ.

ჯო ბაიდენმა, რომელიც რეჯეფ ერდოღანს ავტოკრატს უწოდებს, მზადყოფნა გამოხატა თურქეთს ამერიკული ავიაგამანადგურებლები „ფანტომები“ (F-16-ები) 20 მილიარდ დოლარად მიჰყიდოს და ანკარასთან ურთიერთობებში ახალი ფურცელი გადასალოს“, მაგრამ აშშ-ის პრეზიდენტს, სანამ ამას გააკეთებდეს, კონგრესმენების დარწმუნება დაჭირდება, რომლებიც ფართო გარანტიებს ითხოვენ – თურქებმა საბერძნეთის წინააღმდეგ მუქარები უნდა შეწყვიტონ.

ევროკომისიაც კრიტიკულად უყურებს ერდოღანის სულ უფრო მზარდ ავტორიტარულ მმართველობას და ქვეყანაში დემოკრატიული გარემოს გაუარესებას. 2018 წლიდან ევროკავშირმა ფაქტობრივად შეაჩერა თურქეთთან მოლაპარაკებები, რომლებიც ჯერ კიდევ 2005 წელს დაიწყო, მაგრამ ბოლომდე მაინც არ გაუწყვეტია. ბრიუსელს შეუძლია გარკვეულ კომპრომისზე წავიდეს, მაგრამ ანაკარამაც უნდა გააკეთოს ცოტაოდენი რაიმე, მაგალითად, კვიპროსი ევროკავშირის წევრად აღიაროს. ამას ხელს უშლის ის ფაქტი, რომ თურქეთს დღემდე ოკუპირებული აქვს კუნძულის ჩრდილოეთი ნაწილი (1974 წლიდან).

როგორც ბრიუსელში მდებარე ანალიტიკური ცენტრის (European Policy Centre) უფროსი ანალიტიკოსი ამანდა პოლი ამბობს, რეჯეფ ერდოღანის გამარჯვება მცირე შანსს ტოვებს იმისათვის, რომ კვიპროსთან დაკავშირებით სიტუაცია შეიცვლება, თუმცა ეს დამოკიდებულია როგორც თურქეთის, ასევე ევროკავშირის პოზიციაზეც. „ევროკავშირის ქვეყნები ამჟამად არ არიან მაინცდამაინც დაინტერესებულნი იმით, რომ საქმე სულ უფრო მეტად ნაციონალისტურ თურქეთთან ჰქონდეთ, თუმცა თვითონ თურქეთში ევროკავშირში გაწევრიანების იდეა კვლავ პოპულარულია – მას მხარს უჭერს თურქების 70%“, – ამბობს ამანდა პოლი.

ევროპისათვის – ისევე როგორც თურქეთისათვის – პრობლემაა სირიელი ლტოლვილების საკითხიც. ევროკავშირი იძულებულია თავისი წვლილი შეიტანოს მის მოგვარებაში, თორემ შეიძლება ისეთი სიტუაცია განმეორდეს, როგორიც 2020 წელს მოხდა – რეჯეფ ერდოღანმა, ბრიუსელთან დაპირისპირების დროს, ლტოლვილები თავისი ინტერესებისათვის გამოიყენა, საზღვრები დროებით გახსნა და ისინი ევროპას „შეუსია“.

თურქეთი, როგორც „რეგიონული ზესახელმწიფო“

თურქეთის ლიდერთან დასავლეთის პრეტენზიები და პრობლემები კომპლექსურ ხასიათს ატარებს და ამიტომ ისინი კომპლექსურადვე უნდა გადაწყდეს.

ამერიკული თვითმფრინავების მიყიდვა თურქეთისათვის არ იქნება ისეთი დონის ხელშემშლელი ფაქტორი, რომ ამით ანკარისა და მოსკოვის ურთიერთობა გაუარესდეს: ჯერ კიდევ წინასაარჩევნო კამპანიის დროს რეჯეფ ერდოღანი ამბობდა, რომ ვლადიმერ პუტინთან მას განსაკუთრებული ურთიერთობა აკავშირებს და ამიტომაც ბევრი საკითხი მეგობრულ ატმოსფეროში წყდება.

ამერიკელი დიპლომატები ბოლო დროს ხშირად დადიოდნენ ანკარაში იმ იმედით, რომ თურქეთი გაამკაცრებდა რუსეთთან ვაჭრობას, დასავლური სანქციების გათვალისწინებით, მაგრამ რაიმე განსაკუთრებულ წარმატებას ვერ მიაღწიეს. ვაშინგტონი გაბრაზებულია, მაგრამ არ სურს ანტითურქული ნაბიჯები გადადგას – იმიტომ, რომ თუ ჯო ბაიდენი ასე მოიქცევა, ამით რეჯეფ ერდოღანს ვლადიმერ პუტინის „ჩასახუტებლად“ უბიძგებს.

რეჯეფ ერდოღანის არჩევით, თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დიდი ხნით ისევ „სკივრში ჩაიდო“, რადგან პრეზიდენტის პოლიტიკურ დღის წესრიგში მას 20 წლის წინანდელი პრიორიტეტული მნიშვნელობა აღარ აქვს.

შესაძლოა მძიმე ეკონომიკური სიტუაციის გამო თურქეთის პრეზიდენტმა ევროკავშირს დახმარებისთვის მიმართოს და „თავი დაიმდაბლოს“, მაგრამ ამ ბერკეტს ბრიუსელისათვის დროებითი მნიშვნელობა ექნება.

რეჯეფ ერდოღანის გეგმებს მეზობლებთან ურთიერთობებში დაძაბულობის შესამცირებლად (საუდის არაბეთთან, სირიასთან, ეგვიპტესთან, სომხეთთან) დასავლეთი მხარს უჭერს და ამ თვალსაზრისით მისი ხელახალი არჩევა პოზიტიურია, მაგრამ მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში. ევროკავშირს არ მოსწონს ის, რომ რეჯეფ ერდოღანს დაგეგმილი აქვს სირიელი ლტოლვილების სამშობლოში დაბრუნება – თუ დაბრუნდებიან, ისინი სხვა გზებით უმალ ევროპისაკენ აიღებენ გეზს, დღეს კი მათ ევროპისაკენ სწორედ თურქეთი არ უშვებს.
არჩევნებით რეჯეფ ერდოღანმა რეგიონული ზესახელმწიფოს მშენებლობის მანდატი მიიღო და ამ პროცესში სულ უფრო ნაკლებ ყურადღებას აქცევს ტრადიციულ დასავლელ მოკავშირეებს და სულ უფრო მეტად ამტკიცებს ურთიერთობას სიტუაციურ ალიანსებთან.

რის შეთავაზება შეუძლიათ რეჯეფ ერდოღანისთვის დასავლეთის ქვეყნებს, რომ იგი თავიანთ ორბიტაზე შეინარჩუნონ და ჩათვლის თუ არა ის ამ შეთავაზებებს სარწმუნოდ – ეს მნიშვნელოვან საკითხს წარმოადგენს. თანაც არავითარი გარანტია არ არსებობს, რომ რეჯეფ ერდოღანის პრეზიდენტობის ვადა უკანასკნელია და ის არ მოისურვებს მის გაგრძელებას…

წყარო