„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტს საკანონმდებლო ცვლილებებით მიმართავს, რომ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შესულ უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და მოქალაქეობის არმქონე პირებს საქართველოში შემოსვლა აეკრძალოთ. ფრაქციამ შესაბამისი ცვლილებები „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონში მოამზადა, რომლის ინიცირება ბიუროს დღევანდელ სხდომაზე მოხდა.
„ნაციონალური მოძრაობის“ განმარტებით, დადგენილი შეზღუდვები გავრცელდება ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლის მხრიდანაც ხორციელდება საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია და სამხედრო აგრესია.
კანონპროექტში აღნიშნულია, რომ დადგენილი შეზღუდვები უნდა გავრცელდეს ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირზე, რომლებიც ევროკავშირის ან ნატო-ს წევრი ქვეყნების მიერ იყვნენ სანქცირებული, საქართველოსა და უკრაინაში განხორციელებული სამხედრო აგრესიისა და ოკუპაციის გამო.
პროექტში ნათქვამია, რომ ყველა იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირს, რომელსაც დარღვეული აქვს კანონი, აეკრძალება საქართველოს ტერიტორიაზე ნებისმიერი ეკონომიკური (სამეწარმეო ან არასამეწარმეო) საქმიანობა, მიუხედავად იმისა, ხორციელდება თუ არა იგი მოგების, შემოსავლის ან კომპენსაციის მისაღებად.
ამასთან, ცვლილებებით, საქართველოში მოქმედ ყველა სახის იურიდიულ პირს ეკრძალება დაფინანსების მიღება პირდაპირ ან ირიბად ყველა იმ ფიზიკური და იურიდიული პირის მხრიდან, რომლებსაც დარღვეული აქვთ ეს კანონი.