თიბისი კაპიტალის ყოველკვირეული განახლება მთავარი ეკონომისტისგან: სენტიმენტების ცვლილება – ლარის გაუფასურების მიზეზი

აპრილში სებ-მა რეკორდულად მაღალი ოდენობის – 322.4 მილიონი აშშ დოლარი შეისყიდა. მაშინ, როდესაც მაისის სავალუტო შემოდინებების სტატისტიკა ჯერჯერობით არაა ხელმისაწვდომი, არ იკვეთება იმის ინდიკაცია, რომ ამ მხრივ შემცირებას აქვს ადგილი. ამასთან, ვალუტების მიხედვით დეპოზიტების ყოველდღიური დინამიკა სენტიმენტების ცვლილებაზე მიუთითებს. კერძოდ, თუ მანამდე ლარის დეპოზიტების ზრდა პრევალირებდა და ეს ფაქტორი, სავალუტო შემოდინებებს მიღმა, გამყარების მიმართულებით დამატებით ზეწოლას ქმნიდა, მაისში უკვე საპირისპირო ტენდენცია იკვეთება. ჯერჯერობით, სესხების კუთხით ანალოგიური ინფორმაცია არაა გამოქვეყნებული, თუმცა თიბისი კაპიტალის აზრით, აქაც უკვე სესხების ლარიზაციის მატებას ექნებოდა ადგილი. უნდა აღინიშნოს, რომ ისტორიულად, ეს ფაქტორი, რასაც ე.წ. შოკის გამაძლიერებელი შეიძლება ეწოდოს, ლარის კურსზე მნიშვნელოვან ზეგავლენას ახდენდა.

 

რა შეიძლება ითქვას პროგნოზების კუთხით? თიბისი კაპიტალის აზრით, ახლა კურსის დამატებით გამყარების მოლოდინების სავარაუდოდ უფრო ნეიტრალური განწყობებით ჩანაცვლებას უფრო აქვს ადგილი, ვიდრე მნიშვნელოვანი გაუფასურების მოლოდინების ფორმირებას. ამასთან, თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ საშუალო კურსის გრძელვადიანი ტენდენციიდან და ინფლაციის პროგნოზიდან გამომდინარე, ლარის მცირე, თუმცა როგორც ჩანს მაინც გაუფასურების მიმართულებით შესწორება საბაზო სცენარია. ასევე თიბისი კაპიტალი ინარჩუნებს შეფასებას, რომ თუ სავალუტო ბაზრის მონაწილეთა დიდი უმრავლესობა ლარის სეზონურ მერყეობას მოელის, მაშინ ლარის კურსის სეზონურობას ადგილი აღარ ექნება.

 

გაეცანით პუბლიკაციას ბმულზე.

 

R