თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია თავად პატიმარი – ეს ასეა მთელ მსოფლიოში, ნებისმიერ პენიტენციურ სისტემაში და აქედან გამომდინარე, საქართველოშიც გვაქვს ზუსტად იგივე ვითარება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რითაც მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მკურნალობის შესახებ დასმულ კითხვას უპასუხა.
.„სახელმწიფო სტრუქტურები პასუხისმგებელი არიან ზრუნვაზე, ისევე როგორც ნებისმიერი სხვა პატიმრის მიმართ. ეს არის საერთო სურათი. ასევე, ამ შემთხვევაში თვითდაზიანებაზე პასუხისმგებელია პატიმრის ოჯახი, რომელსაც არასათანადო კალორაჟის საკვები შეაქვს პატიმართან. ეს არის გაუგონარი მოვლენა. ამაზე საზოგადოებამ და საერთაშორისო პარტნიორებმაც უნდა გაამახვილონ ყურადღება: რატომ ხდება თვითდაზიანება და რატომ არის ამაში ჩართული ოჯახი, რომელიც აბსოლუტურად გაუგონარ რამეს აკეთებს“, – აცხადებს კობახიძე.
კლინიკა „ვივამედი“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელშიც განმარტავს, რომ პაციენტი იმყოფება მხოლოდ სიმპტომურ მკურნალობაზე, უნდობლობას აცხადებს მედპერსონალის მიმართ და უარს ამბობს შეთავაზებულ მკურნალობის სქემაზე. მათივე განცხადებით, ამის შედეგად „ვივამედი“, დაუმსახურებლად იღებს უზარმაზარ რეპუტაციულ დარტყმას, რაც კატეგორიულად მიუღებლად მიაჩნიათ.
„ყველაფერ ამის გათვალისწინებით, სავარაუდოდ, იძულებული ვხდებით, მივმართოთ პენიტენციური დაწესებულების სამედიცინო სამსახურს, შეაფასოს პაციენტ მ. სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ შემდგომი დაყოვნების მიზანშეწონილობა, ვინაიდან ის სიმპტომური მკურნალობა, რაზეც თანხმობას აცხადებს პაციენტი, შესაძლებელია ნებისმიერ სხვა დაწესებულებაში“, – ნათქვამია განცხადებაში.