“არც ეკლესია დაინდეს, არც სასწავლებლები… მწერლობასაც მიადგნენ… ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის ცდილობდა, არასდროს ყოფილიყო მხარე…” წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი
“ქოცებად და ნაცებად დაყოფილ საქართველოს, არ სცალია საკუთარი ერისა და ხალხისთვის… მათი მთავარი მიზანი ერთმანეთს შორის დაუსრულებელი შუღლი და აგრესია აღმოჩნდა…
ამ ბინძურ ჭიდილში ჩაითრიეს საზოგადოების ყველა სფერო…
არც ეკლესია დაინდეს, არც სასწავლებლები… მწერლობასაც მიადგნენ…
ეს უკანასკნელი თითქმის ყოველთვის ცდილობდა, არასდროს ყოფილიყო მხარე…
თუ რომელიმე ავტორი სიმართლეს ამბობდა, მის რომელიმე მხარეში ჩათრევას ყოველთვის ხელს უწყობდნენ…
გვახსოვს ძალიან კარგი პოეტებისა და მწერლების ,,ხელწმიფის ნავში” ქანაობაც…
აქ არ დავწერ, არ შეგახსენებთ, მაგრამ ეს ჩემ ბავშვობაში მოხდა და იმდენად მძიმედ მახსოვს, ლექსებზეც ვბრაზობდი… ლექსებს ვეჩხუბებოდი, რატომ მიეცით თქვენ პატრონს ამის უფლება, მსგავსი სისულელე ეთქვა-მეთქი…
რომ ვთქვა სიტყვის მსახურება ისეთივე ხელშეუხებელია, როგორიც ღვთისმსახურება, საკუთარ თავთან ვერ ვიქნები მართალი… მარტო ხელი კი არ შეახეს, გადაუარეს და მიწასთან გაასწორეს…
ახლა ერთმანეთს აბრალებენ…
სულ ვფიქრობდი და ახლა მითუმეტეს, ნაცებიც და ქოცებიც ერთმანეთით იკვებებიან…
დათა თუთაშხიამ მისი არსებობით შექმნა მუშნი ზარანდია, მუშნიმაც იგივე შეძლო…
ჰოდა, ნაც-ქოცობას ერთი რომ მოაკლდეს, მეორე აუცილებლად ზედ მიყვება…
მდგომარეობა დღითიდღე მძიმდება…
მოზარდებს გადაბრუნებულ ნაგვის ურნებს ვერ ვპატიობთ და საკუთარი უმსგავსობა რომ გავამართლოთ, კიდევ ვბედავთ და ეშმაკეულებს ვუწოდებთ…
ილიამ ,,კაცია ადამიანი” სარკედ აღმართა, რომ ჩავიხედოთ და ჩვენი მანკიერებები დავინახოთ, მას მერე ცხადია, დრო გავიდა, მაგრამ სარკეში ჩახედვა არავის სურს, ერთმანეთს აჩეჩებენ, შენ ჩაიხედე, ნახე რა მახინჯი ხარო, არადა, თავად ადამიანის სახე საერთოდ წაშლილი აქვს…
ყველა სარკეა, ყველაზე მეტად უფროსი თაობის საქციელები, ყველაზე გამჭვირვალე სარკეა. სიტყვებიც არ არის საჭირო, იქ ყველა დეტალი მკაფიოდ იკითხება…
ამიტომ ქუჩის წარწერები და ურნები აღარ მიკვირს, ის უფრო გამიკვირდება, თუ მოზარდებმა ქვები არ დაგვიშინეს…
ისეთ მძიმე ისტორიას ვწერთ, როგორც ვატყობ, წერტილის დასმა გადაიდო!..”წერს სოციალურ ქსელში პეტრე კოლხი