საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომა ასოცირების ხელშეკრულებაზე ხელმოწერიდან 8 წლის შესრულებაზე საუბრით დაიწყო.
„8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ. ეს მართლაც ისტორიული თარიღია, როცა ქვეყანა ევროკავშირის ასოცირებული წევრი გახდა და რეალური, ქმედით ნაბიჯების გადადგმა დაიწყო. 8 წლის წინ, მე მქონდა პატივი, ჩვენი ქვეყნის სახელით, ამ შეთანხმებაზე ხელი მომეწერა“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.
როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ასოცირების შესახებ შეთანხმების ხელმოწერიდან 8 წლის განმავლობაში, „„ქართული ოცნების“ ხელისუფლების პირობებში, არაერთი ხელშესახები შედეგი დადგა – ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმის ამოქმედება და ქვეყნის ევროპული პერსპექტივის აღიარება.
2014 წლის 27 ივნისს ხელი მოეწერა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმებას, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის კომპონენტს. ასოცირების შეთანხმების გაფორმებამ ახალ ეტაპზე გადაიყვანა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები და დასაბამი დაუდო საქართველოს ევროკავშირთან პოლიტიკური ასოცირებისა და ეკონომიკური ინტეგრაციის პროცესს.