ტაივანის საკითხში გარეშე ძალების ჩარევა დაუშვებელია, ცეცხლთან მოთამაშე თვითონვე დაიწვება, – ამის შესახებ საქართველოში ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის ელჩმა, ჭოუ ციენმა განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პირველ რიგში, სწორედ აშშ ახდენს ჩინეთის პროვოცირებას ტაივანის საკითხით, უხეშად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
„მსოფლიოში მხოლოდ ერთი ჩინეთი არსებობს, ტაივანი კი – ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია. ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობა ერთადერთი ლეგიტიმური მთავრობაა, რომელიც მთელ ჩინეთს წარმოადგენს, რასაც ნათლად ადასტურებს 1971 წლის გაეროს გენერალური ასამბლეის №2758 რეზოლუცია. მას შემდეგ, რაც 1949 წელს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა დაარსდა, მასთან 181-მა ქვეყანამ, მათ შორის საქართველომ, „ერთი ჩინეთის“ პრინციპის საფუძველზე დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი საერთაშორისო საზოგადოების კონსენსუსს და საერთაშორისო ურთიერთობების ძირითად ნორმას წარმოადგენს.
2022 წლის 2 აგვისტოს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის სპიკერმა ნენსი პელოსმა, ჩინეთის ძლიერი ოპოზიციისა და მკაცრი წარდგენის უგულებელყოფით, ჩინეთის ტაივანის რეგიონში შეუთანხმებელი ვიზიტი განახორციელა. ეს „ერთი ჩინეთის“ პრინციპისა და ჩინეთ-აშშ-ის სამი ერთობლივი კომუნიკეს დებულებების სერიოზულ დარღვევას წარმოადგენს. იგი სერიოზულად აზიანებს ჩინეთ-აშშ-ის ურთიერთობების პოლიტიკურ საფუძველს და არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, ასევე სერიოზულად უთხრის ძირს ტაივანის სრუტეში მშვიდობასა და სტაბილურობას და არასწორ სიგნალს უგზავნის „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს. ჩინური მხარე სასტიკად გმობს ამ ქმედებას, რასთან დაკავშირებითაც აშშ-ის მიმართ მკაცრი წარდგენა გააკეთა და სასტიკი პროტესტი გამოუცხადა.
ეს ვიზიტი სრული ფარსი იყო. 1979 წელს „ჩინეთსა და აშშ-ს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ ერთობლივ კომუნიკეში“ შეერთებულმა შტატებმა მკაფიო პირობა დადო, რომ „ამერიკის შეერთებული შტატები აღიარებს ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მთავრობას, როგორც ჩინეთის ერთადერთ ლეგიტიმურ მთავრობას. ამ კონტექსტში, ამერიკელი ხალხი შეინარჩუნებს კულტურულ, სავაჭრო და სხვა არაოფიციალურ ურთიერთობებს ტაივანელ ხალხთან“. კონგრესი, როგორც აშშ-ის მთავრობის ნაწილი, ვალდებულია მკაცრად დაიცვას აშშ-ის მთავრობის „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკა და თავი შეიკავოს ჩინეთის ტაივანის რეგიონთან ოფიციალური კავშირებისგან. ვინაიდან სპიკერი პელოსი არის აშშ-ის კონგრესის მოქმედი ლიდერი, მისი საქმიანობა ტაივანში ნებისმიერი ფორმით და მიზეზით, არის სერიოზული პოლიტიკური პროვოკაცია ტაივანთან აშშ-ის ოფიციალური ურთიერთობის გასაძლიერებლად, რაზეც აშშ-ის აღმასრულებელი ხელისუფლება ვალდებულია, რომ აღკვეთოს.
აშშ ამტკიცებს, რომ ჩინეთი სიტუაციის ესკალაციას ახდენს, მაგრამ ნიშანდობლივია, რომ აშშ ცდილობს გამოიყენოს „ტაივანის კოზირი“ ჩინეთის განვითარების შესაჩერებლად. პირველ რიგში, სწორედ აშშ ახდენს ჩინეთის პროვოცირებას ტაივანის საკითხით, უხეშად არღვევს ჩინეთის სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ამერიკული მხარის განცხადებით, მას არ შეუძლია კონგრესის შეზღუდვა ხელისუფლების დანაწილების პრინციპის გამო, მაგრამ საერთაშორისო სამართლის ყველაზე ძირითადი ნორმაა, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა შეასრულოს თავისი საერთაშორისო ვალდებულებები, განსაკუთრებით კი – მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურები უწესოდ არ უნდა მოიქცნენ. ამერიკული მხარე ასევე აცხადებს, რომ ჩინეთის გაერთიანებისკენ სწრაფვა ტაივანისთვის „საფრთხეს“ წარმოადგენს. ლოგიკურია, რომ ტაივანი ჩინეთის ტერიტორიის განუყოფელი ნაწილია და ტაივანის საკითხი მხოლოდ ჩინეთის შიდა საქმეა. ჩინეთი ლეგიტიმურად და სავსებით სამართლიანად იცავს ტერიტორიულ მთლიანობას და ეწინააღმდეგება ქვეყნის დაყოფას“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.
მისივე თქმით, შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება.
„დღეს ტაივანის სრუტე დაძაბულობისა და მძიმე გამოწვევების ახალი რაუნდის წინაშე დგას. ამის ფუნდამენტური მიზეზი ტაივანის ხელისუფლებისა და შეერთებული შტატების მიერ სტატუს-კვოს შეცვლის მცდელობებია. ტაივანის ხელისუფლება აშშ-ის მხარდაჭერის იმედად ცდილობს დამოუკიდებლობის დღის წესრიგის გატარებას და ყველანაირად ცდილობს, ხელი შეუწყოს „დე-ჩინეთიზაციას“ და „ტაივანის დამოუკიდებლობის თანმიმდევრულ პროგრესს“. თავის მხრივ, შეერთებული შტატები „ტაივანის გამოყენებით ცდილობს ჩინეთის შეკავებას“. იგი მუდმივად ამახინჯებს, ასხვაფერებს და არასწორად გადმოსცემს „ერთი ჩინეთის“ პრინციპს, აძლიერებს ოფიციალურ კავშირებს ტაივანთან და აქეზებს „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ საქმიანობას. დროის დინების წინააღმდეგ სვლა „ერთი ჩინეთის“ თაობაზე საერთაშორისო კონსენსუსს და ტაივანის სამშობლოში დაბრუნების ისტორიულ ტენდენციას ვერ შეცვლის, ცეცხლთან მოთამაშე – თვითონვე დაიწვება.
ჩინეთის მთავრობისა და ხალხის პოზიცია ტაივანის საკითხზე თანმიმდევრულია. ეს არის 1,4 მილიარდზე მეტი ჩინელის ურყევი თავდადება, მტკიცედ დაიცვას სახელმწიფოს სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. სამშობლოს გაერთიანება ყველა ჩინელი ქალ-ვაჟის საერთო მისწრაფება და წმინდა პასუხისმგებლობაა. „ერთი ჩინეთის“ პრინციპი არის საერთაშორისო საზოგადოების ზოგადი კონსენსუსი, ჩინეთის სხვა ქვეყნებთან ურთიერთობის პოლიტიკური საფუძველი, მისი ძირითადი ინტერესების ბირთვი და გადაულახავი წითელი ხაზი. შეერთებულ შტატებში ზოგიერთები აგრძელებენ ტაივანის საკითხით ჩინეთის სუვერენიტეტის პროვოცირებას, „ერთი ჩინეთის“ პოლიტიკის დამახინჯებას და ტაივანის სრუტეში გამიზნულად არეულობის გამოწვევას, რასაც ჩინელი ხალხი არავითარ შემთხვევაში არ შეეგუება. აშშ-ის სპიკერის ვიზიტის საპასუხოდ, ჩინეთი აუცილებლად მიიღებს ყველა საჭირო ზომას, რათა მტკიცედ დაიცვას თავისი სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. აქედან გამომდინარე ყველა შედეგზე პასუხისმგებლობა აშშ-ის მხარესა და „ტაივანის დამოუკიდებლობის“ სეპარატისტულ ძალებს ეკისრებათ“, – აღნიშნულია ელჩის განცხადებაში.