30 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე გამართული საპროტესტო აქციიდან, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ჯგუფებმა, სამედიცინო დაწესებულებებში, გადაიყვანეს 44 ადამიანი. აქედან, აქციის 27 მონაწილე, მედიასაშუალების 1 და შინაგან საქმეთა სამინისტროს 16 წარმომადგენელია.
დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. მათმა ნაწილმა დატოვა სამედიცინო დაწესებულებები, ნაწილი კი მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ, კლინიკაში რჩება.
საპროტესტო აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების 20 ბრიგადა. ადგილზე სამედიცინო დახმარება გაეწია ათობით მოქალაქეს, მათ შორის მედიისა და სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებს, რომელთაც არ ესაჭიროებოდათ ჰოსპიტალიზაცია.
აღნიშნული მონაცემები მოიცავს მხოლოდ საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის მიერ ჰოსპიტალიზებულთა რიცხვს.