26 ოქტომბრის არჩევნებს 28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი დააკვირდება

28 ქვეყნის საარჩევნო ადმინისტრაციის 56 წარმომადგენელი, რომელიც 26 ოქტომბერს პარლამენტის არჩევნებს დააკვირდება, დღეს ცენტრალური საარჩევნო კომისიის (ცესკო) თავმჯდომარეს, მის მოადგილეს და ცესკოს მდივანს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას ცესკო ავრცელებს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ცესკოში გამართულ შეხვედრაზე, გიორგი კალანდარიშვილმა მათ პირადად მიაწოდა ინფორმაცია არჩევნების მზადების პროცესზე,

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებისა და იმ მნიშვნელოვანი სიახლეების შესახებ, რომელიც ადმინისტრაციამ 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის განახორციელა.

როგორც ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, არსებითად მნიშვნელოვანია საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ერთმანეთს გამოცდილება და მიგნებები გაუზიარონ.

„საარჩევნო ადმინისტრაცია მასპინძლობს 28 ქვეყნის 55-ზე მეტ წარმომადგენელს, რომლებიც 26 ოქტომბერს დააკვირდებიან კენჭისყრის დღის მიმდინარეობას და გაგიზიარებენ ობიექტურ შეფასებებს კენჭისყრისა და არჩევნების სამზადისთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მაღალი წარმომადგენლობა ხაზს უსვამს ჩვენს მჭიდრო თანამშრომლობას სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციებთან, რომლის ფარგლებშიც ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა გავუზიაროთ ერთმანეთს გამოცდილება მნიშვნელოვან საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენების ჭრილში. მათი აქ ყოფნა მნიშვნელოვანია პროცესის პროფესიული და ობიექტური შეფასებისთვის და მათი მიგნებები და რეკომენდაციები საარჩევნო ადმინისტრაციისთვის საყურადღებო და გასათვალისწინებელია“, – განაცხადა გიორგი კალანდარიშვილმა.

ცესკოს თავმჯდომარემ სადამკვირვებლო მისიების წარმომადგენლებს 26 ოქტომბრის არჩევნების შუალედური ანგარიშიც გააცნო.

მან ასევე ვრცლად ისაუბრა უწყების წინაშე არსებული გამოწვევების, საარჩევნო პროცესში დეზინფორმაციის გავლენისა და 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის გამოსაყენებელი ტექნოლოგიური საშუალებების შესაბამისობის აუდიტზე.

შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა და დისკუსიის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე გიორგი შარაბიძე და ცესკოს მდივანი გიორგი ჯავახიშვილი. უცხოელმა კოლეგებმა განსაკუთრებული ინტერესი საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ განხორციელებულ ნოვაციურ საქმიანობებთან დაკავშირებით გამოხატეს.

თანამშრომლობის გაღრმავებასა და ელექტრონული არჩევნების ადმინისტრირების კუთხით არსებული გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობაზე ისაუბრეს უცხოელმა კოლეგებმაც.

 

„მოგვეცა შესაძლებლობა გვენახა ცესკოს თავმჯდომარის მიერ წარდგენილი ძალიან დეტალური პრეზენტაცია. მსურს მივულოცო საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას საარჩევნო პროცესების გამჭვირვალობის ასეთი ზრდა. ხვალ, გვაქვს მოლოდინი, რომ მთელი ეს სამუშაო გარდაიქმნება წარმატებულ და გამჭვირვალე საარჩევნო პროცესში და ყველაფერი განხორციელდება კანონმდებლობისა და ახალი რეგულაციების შესაბამისად“,- განაცხადა მონტენეგროს საარჩევნო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნიკოლა მუგოსამ შეხვედრის დასრულების შემდეგ.

აღნიშნულ არჩევნებში ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას ასევე მიესალმება ალბანეთის საარჩევნო ადმინისტრაცია. როგორც ალბანეთის საარჩევნო კომისიის საარჩევნო ადმინისტრაციის უფროსმა ერტონ სინანიმ აღნიშნა: 26 ოქტომბრის არჩევნები უნიკალურია არამხოლოდ იმიტომ რომ არჩევნები მნიშვნელოვანია დემოკრატიული პრინციპების დაცვისთვის არამედ იმიტომ, რომ ქვეყნის მასშტაბით პირველად ხდება საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენება. ჩვენ შესაძლებლობა გვქონდა დავსწრებოდით არჩევნებს საქართველოში სადაც საპილოტე რეჟიმში ხდებოდა საარჩევნო ტექნოლოგიების გამოყენება და ახლა, ინტერესით ველოდებით საარჩევნო ტექნოლოგიების ფართო მასშტაბით გამოყენებას. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ საზოგადოება დადებითად მიიღებს საარჩევნო ტექნოლოგიებს, რადგან ელექტრონული ტექნოლოგიები დღემდე დადებით ჭრილში იქნა აღქმული საქართველოში ამომრჩევლების მიერ. ამიტომაც მივიჩნევთ, რომ ეს არჩევნები არის უნიკალური და ჩვენ გვსურს დავესწროთ მას, მივიღოთ გამოცდილება და გავეცნოთ უფრო დეტალურად თქვენს მიღწევებს ამ მიმართულებით.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლებმა საოპერაციო-სასაწყობო სივრცეც მოინახულეს, რომელიც 2024 წლის მოდერნიზებული არჩევნების მაღალ დონეზე ორგანიზების მიზნით, არჩევნების სფეროში ტექნოლოგიური ინტერვენციის საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით დაიგეგმა და განხორციელდა.

სხვადასხვა ქვეყნების საარჩევნო ადმინისტრაციების წარმომადგენლები 26 ოქტომბრის არჩევნებს თბილისის მასშტაბით დააკვირდებიან.