საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის, – ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა.
მისი თქმით, საქართველო იღებს რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად და „თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს“.
„90-იან წლებში 300 000-ზე მეტი ქართველი გამოყარეს რუსებმა აფხაზეთიდან, 2008 წელს შიდა ქართლში 30 000 ჩვენ მოქალაქეს სახლი და მთელი ქონება დააკარგვინეს!
2012 წლის შემდეგ ე.წ. ბორდერიზაციით დამატებით სოხუმისხელა ტერიტორია მიიტაცეს და ჩვენ ხალხს სახლები, სალოცავები, საძოვრები დააკარგვინეს და ჩვენ ვიღებთ იმავე რუსების ასობით ათასს მოქალაქეს, არა ტურისტებად, რამდენიმე დღით, როგორც მე ვაკეთებდი, არამედ სამუდამო მაცხოვრებლად – ვუფორმებთ მათ მიწებს, თავისი ვენახებით, საძოვრებით, სახლებს, ბიზნესებს და თავს ვიწონებთ, რომ მშვიდობა გვაქვს. ზუსტად ასეთი მშვიდობით ჩაბარდა საფრანგეთი გერმანიას 1940 წელს, ასეთ ე.წ. მშვიდობას მოჰყვება ბევრად დიდი მსხვერპლი, უსამართლობა, განადგურებული თაობები!
საქართველოში ეროვნული მთავრობის მოსვლის შემდეგ, რუსებს მოქალაქეობისა და ბინადრობის მოწმობების ადვილად მიღების სხვადასხვა გზა გაუუქმდებათ და უძრავი ქონების გაყიდვის წახალისებით, მიეცემათ დრო ქვეყნის დატოვებისთვის“, – აცხადებს სააკაშვილი.