საზოგადოებრივი პლატფორმის „დაიცავი მშვიდობა“ ხელმძღვანელი ლევან მამალაძე აცხადებს, რომ აგვისტოს ომში მიხეილ სააკაშვილის კომერციული ინტერესები იკვეთება.
მამალაძის თქმით, მისმა პლატფორმამ მიმართა საქართველოს პროკურატურას აღნიშნული საკითხის გამოძიების მოთხოვნით და მიუხედავად იმისა, რომ განცხადებაში მითითებული იყო სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულის შემცველი ფაქტების შესახებ, მათ უწყებიდან ამ დრომდე არავინ დაკავშირებია.
„გადავწყვიტეთ, რომ დღეს საზოგადოებრივი პლატფორმა „დაიცავი მშიდობის“ სახელით ასეთი პრესკონფერენცია ჩაგვეტარებინა. ეს პლატფორმა იმასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა, რომ კარგა ხანია, წლების განმავლობაში საზოგადოებაში თემა ტრიალებს, რომ 2008 წლის აგვისტოს ომში საქართველოს დამარცხების გამომწვევი მიზეზები გამოძიებული უნდა იქნას, მაგრამ, ეს საკითხი წლების განმავლობაში უყურადღებოდ იყო მიტოვებული. ამიტომ, ჩვენ გარკვეული პროცესი შევქმენით. მინდა, გითხრათ, რომ ჩვენი ამოცანაა, მიმდინარე პროცესებზე გარკვეული ანალიზი, დაკვირვება ვაწარმოოთ და ის დინება, ის პროცესი შევქმნათ, რომელიც საზოგადოებაში დაგროვილ თემატიკას შედეგს მოუტანს. ერთ-ერთი ეს მიმართულება ისაა, რომ 2008 წლის ომში საქართველოს დამარცხების გამომწვევი მიზეზები გამოძიებული უნდა იქნას. ჩემთან ერთადაა ბატონი გიორგი გელაძე იურისტი, უფლებადამცველი. ჩვენ ამ ყველაფერს იურიდიულ- სამართლებრივ ჭრილში განვიხილავთ.
მთავარი თემაა, ის რომ უკვე 2 კვირაზე მეტია „დაიცავი მშვიდობის“ ინიციატივით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში განცხადება შევიტანეთ, რომ გამოძიება დაიწყოს. მაგრამ, სამწუხაროდ, არანაირი რეაგირება არ არის. ძალიან გამიკვირდა, მეგონა, რომ პროკურატურაში რაღაც დავალებებს გასცემდნენ, ან პასუხისმგებელი პირები იქნებოდნენ, რომლებიც ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდოდნენ, ვინაიდან ჩვენთან თავს იყრის უამრავი ინფორმაცია, არიან თვითმხილველები, მოწმეები იმისა, თუ რა ტიპის დანაშაული მოხდა. ჩვენთან გარკვეული მტკიცებულებების ფორმით ასეთი ინფორმაცია მოდის“ – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, შესწავლილი უნდა იყოს, რა გარიგებაში შევიდა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან.
„პირველი თემატიკა, რომელიც დავაყენეთ არის ის, რომ შესწავლილი იქნას რა გარიგებაში შევიდა მაშინდელი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსეთთან, რა ურთიერთობები ჰქონდათ დამყარებული სააკაშვილის რეჟიმის წარმომადგენლებს რუსეთთან, რატომ მივიღეთ ის შედეგი, რომ საქართველო დამარცხდა, ოკუპირებულია ტერიტორიები, გადაცემულია ისეთი ტერიტორიები, სადაც საომარი მოქმედებები საერთოდ არ წარმოებდა, გადაცემული აქვთ ხელუხლებელი შეიარაღება. მთლიანობაში გარკვეული კომერციული ინტერესები იკვეთება. დროთა განმავლობაში ვრწმუნდები, რომ ეს სააკაშვილის კომერციული პროექტი იყო. ეს პროკურატურისთვის საყურადღებო უნდა იყოს. მაგალითებს გეტყვით, ომამდე რა პროცესი მიმდინარეობს: ომამდე არის შეიარაღების ყიდვის და გადაყიდვის კონკრეტული მონაცემები, როცა უკრაინიდან შემოდის შეიარაღება, ვითომ ჩვენ ვიყიდეთ. შემდეგ ეს შეიარაღება სირიაში იგზავნება. სირიაში მაშინ საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. იქ მიდის, საქართველოში საკმაოდ დიდი თანხები შემოდის, მაგრამ ხომ დაფიქსირებულია, რომ ეს იარაღი ჩვენთანაა? ანუ საჭირო იყო ისეთი სიტუაციის მომზადება, რომ გადაყიდული და თანხამიღებული იარაღი ჩამოწერილიყო. ეს 2008 წლის ომის პროცესებს უკავშირდება. კიდევ მნიშვნელოვანი დეტალები გამოვლინდა.
2008 წლის აგვისტომდე 2 თვით ადრე სააკაშვილის დავალებით, რუს მშვიდობისდამცველებს, რომლებიც ცხინვალის რეგიონში იდგნენ, სამშვიდობო მანდატი გაუგრძელდათ. ე.ი რაზეა ლაპარაკი: თუ გამიზნული იყო, რომ შეიძლება , ვიღაც თავს დაგვესხას და რაღაც პროვოკაცია მოაწყოს, თუ ვიცით, რომ კონფლიქტურ რეგიონებში საკითხების დალაგების ფორმატი გვინდა, შევცვალოთ, როგორც კი მანდატი უქმდებოდა, მაშინ სააკაშვილის ხელისუფლება და თავად მაშინდელი პრზიდენტი ინიციატივით უნდა გამოსულიყვნენ, რომ უკვე რუსი სამშვიდობოები კი არა, საერთაშორისო სამშვიდობო მისია, „ეუთოს“ სამშვიდობო მისია შემოსულიყო. ეს არ გააკეთეს. პირიქით, მანდატი გაუგრძელეს, ანუ გაგრძელებული მანდატის პირობებში, როცა საომარი მოქმედებები ტარდება, რუსეთმა შეარაღებული ძალების შემოყვანის მიზეზად დაასახელა ის, რომ რუს სამშვიდობოებზე თავდასხმა მოხდა. ანუ, ხელშეკრულებაში ეს ეწერა: თუ თავდასხმა მოხდებოდა, რუსებს ჰქონდათ უფლება, ამაზე გარკვეული სამხედრო რეაგირება მოეხდინათ. ეს კონკრეტული დანაშაულია, ანუ რა გარიგებას ჰქონდა ადგილი.
გავყვეთ პროცესებს, რა იკვეთება საომარ პროცესებში: როცა რუსეთის აგრესია გამოვლინდა, სამხედროები კი არ იყვნენ ჩართულები, პოლიტიკური ლიდერები წყვეტდნენ, რა უნდა გაეკეთებინათ. სამხედრო და გენერალური შტაბი ნომინალურად იყვნენ ჩართულები. ამიტომ არ იყო განხორციელებული ვთქვათ, დაცვის პირველი ხაზი, ასევე მეორე, მესამე. სამხედროებს რაციებიც კი არ გააჩნდათ, ხელმძღვანელობასთან კავშირი არ ჰქონდათ. იმიტომ იყო ისეთი შემთხვევები, როცა ჩვენი ბიჭები ალყაში აღმოჩნდნენ, დაიხოცნენ, საერთო მმართველობისგან მოწყვეტილები იყვნენ. ამას მშვიდობიანი მოსახლეობის დახოცვა მოჰყვა, როცა ეუბნებოდნენ, არსად წამოხვიდეთ, იქ დარჩითო. ქვეყნის ნორმალური მმართველი როგორც კი დაინახავდა, რომ აგრესია მოდის, პირველ რიგში მოსახლეობის ევაკუირებას მოახდენდა. სააკაშვილს მოსახლეობის ევაკუირება არ მოუხდენია. ფაქტობრივად, ის მსხვერპლი, რომელიც მივიღეთ, პრიდაპირ მისი პასუხისმგებლობაა.
ასევე სხვა მომენტები: საუბრობენ ჩამოგდებულ თვითმფრინავზე. ზოგი იმას ამბობს, რომ ის უკრაინიდან შემოტანილი „ბუკებით“ ჩამოაგდესო. მაგრამ, სხვა ფაქტი ვლინდება – იქ არანაირი ბუკები არ იყო. ჰაერსაწინააღმდეგო სისტემები არ მუშაობდა. რუსული თვითმფრინავები შემთხვევით, „პეზერკას“ რომ ეძახიან, მიწა- ჰაერის საშუალებებით, კვადროციკლებზე მსხდომმა ჩვენმა სამხედროებმა ჩამოაგდეს. როგორც თვითმხილველები გადმოგვცემენ, რაციებშიც კი ისმოდა რუსების აღშფოთება, ვინ გვესროლაო, ამ სროლას არ ელოდნენ. ანუ რასთან გვქონდა საქმე, ესეც ხომ გამოსაძიებელი ფაქტია.
კარგად გვახსოვს, როგორ იცავდნენ კოდორელები ხეობას, კვიციანები და სხვა გვარის წარმომადგენლები. ეს საშუალება მოსპეს, გააუქმეს, ეს ხალხი მტრებად გამოაცხადეს, ტერიტორიას „ზემო აფხაზეთი“ დაარქვეს, ანუ სეპარატისტულ რეჟიმს და მის რუს მხარდამჭერებს ლეგიტიმური პირობა შეუქმნეს, რომ იქ შესულიყვნენ. ანალოგიურად „სამხრეთ ოსეთს“ თუ დავარქმევთ ცხინვალის რეგიონს, მას ახალგორის რაიონი მიამაგრეს, სადაც არავის არანაირი პრეტენზია არ ჰქონია. ეს რაიონიც მიამაგრეს და ლეგიტიმური საშუალება შექმნეს, რომ შემდგომ, მასზე გნებავთ, აგრესია და გნებავთ, აღიარება გაევრცელებინათ. ანუ ყველანაირი პირობა შექმნეს იმისათვის, რომ რუსეთს ამ ტერიტორიების აღიარების საფუძველი ჰქონოდა. ერთი ძალიან განსაცვიფრებელი ფაქტი: გახსოვთ, ალბათ, როცა ეს ომი მიმდინარეობდა, მაშინ ევროკავშირს საფრანგეთი, მისი პრეზიდენტი სარკოზი თავმჯდომარეობდა. ის რამდენჯერმე ჩამოვიდა თბილისში, ასევე მოსკოვშიც იყო ჩასული. მისი მოწადინებით ომის შეჩერების და პრობლემების დარეგულირების თაობაზე 7-პუნქტიანი შეთანხმება შედგა. 7 -პუნქტიან ჩამონათვალში ბოლო პუნქტი ასეთი განმარტებით იყო, რომ რუსეთი იღებდა ვალდებულებას, რომ საერთაშორისო თანამეგობრობასთან განხილვისა და შეთანხმების გარეშე ამ ტერიტორიების სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებით რაიმე გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. პირდაპირ ამბობს სარკოზი, რომ სააკაშვილის ინიციატივით, გაუგებარი მიზეზებით, ეს მეშვიდე პუნქტი ამოღებული იქნა. რუსეთს მისცეს საშუალება და საფუძველი, რომ მათ ეს ტერიტორიები ეღიარებინათ.
ეს ყველაფერი ჯამში რას გვაძლევს: ჩამონათვალია სახელმწიფოს წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისა, უდიდესი თანხაა, რომელიც შეიარაღების კუთხით დატრიალდა და შემდგომი ფაქტები, რაც ამას მოჰყვა. წარმოიდგინეთ, ომში ვართ, თავს დაგვესხნენ, ტერიტორიების უკუპაცია მოახდინეს და მაშინდელი ხელმძღვანელობა რუსეთს ეხვეწება, რუსი კომერსანტები შემოიყვანეთო, შემოჰყავთ რუსი კომერსანტები, რომლებსაც საქართველოს სტრატეგიულ ობიექტებს აძლევენ. როგორ გგონიათ, ტყუილად მისცეს? არსებული ინფორმაციით, რომელიც გამოძიებამ უნდა დააფიქსიროს, სწორედ სააკაშვილის და მისი რეჟიმის წარმომადგენლები რუსულ კომპანიებთან ოფშორული კომპანიების მეშვეობით წილში შევიდნენ, ანუ მათ, ფაქტობრივად, რუსებთან ერთად და რუსების მეშვეობით საქართველოს სტრატეგიული ობიექტების არაფორმალური პრივატიზება და მისაკუთრება მოახდინეს, დღესაც იქიდან იღებენ შემოსავლებს. დღესაც ოფიციალურად ენერგეტიკის დიდი ნაწილი რუსული კომპანიების ხელშია. ესეც გამოსაძიებელია. მთლიანობაში ეს რაღაც კომერციული პროექტის სახეს იღებს, რომელსაც ჩვენი ქვეყნის ტერიტორიები, მოქალაქეების სიცოცხლე შესწირეს, სახელმწიფოს წინაშე უმძიმესი დანაშუალია ჩადენილი. ეს არ უნდა გამოვიძიოთ?“ – განაცხადა მამალაძემ.
მისივე თქმით, გამორიცხული არაა, გამოძიების საკითხთან დაკავშირებით აქციებიც ჩატარდეს.
„ამდენი რამ მოვყევი, კიდევ უამრავი თემაა, ფაქტებია. ამაზე პროკურატურის რეაგირება რომ არ ხდება, ეს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს. მართლაც მიკვირს, პირადად ბატონი შოთაძის სახელზე შევიტანეთ განაცხადი და პროკურატურიდან არავინ დაგვკავშირებია. მინდა, პირდაპირ გითხრათ, არ ვაპირებთ გაჩერებას. ჩვენ ვაიძულებთ პროკურატურას, რომ თავიანთი ფუნქცია შეასრულონ. არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, შესაბამისი აქციებიც ჩატარდეს, ხელმოწერებიც შეგროვდეს და დავანახოთ საზოგადოებას, პროკურატურა ვისთან დგას.
აქ ძალიან მნიშვნელოვანი დეტალია, ლუსტრაციის ფაქტორისა, ზოგიერთი გამოდის და ამბობს, თუ ეს ძიება დაიწყება, ე.ი. ეს რუსეთს აწყობსო. დააკვირდით, ამას ვინ ამბობს, ეს მეხუთე კოლონაა, ის ხალხია, რომელსაც იმ გარიგების გამოძიება არ აწყობს, რომელიც სააკაშვილმა და რუსეთმა საქართველოს ხარჯზე გაკეთეს. ეს ის ხალხია, რომელიც, ან მართლაც რუსეთის სპეცსამსახურების ინტერესებისთვის მუშაობს, ან საქართველოს საწინააღმდეგო გარკვეული დავალება გააჩნია.არ გამოვრიცხავ, რომ შეიძლება, ასეთი პირები ასევე სახელმწიფო სტრუქტურებში იყვნენ, მათ შორის პროკურატურაში. არ გამოვრიცხავ, მაგრამ, მინდა, დავრწმუნდე, რომ ეს ასე არ არის. ამაში დამარწმუნებელი ფაქტორი ერთადერთი რამ იქნება: რომ პროკურატურამ ამის გამოძიება დროულად დაიწყოს“, – განაცხადა ლევან მამალაძემ მედიაჰოლდინგ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე