14 წელი აგვისტოს ომიდან

დღეს, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მე-14 წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, აგვისტოს ომში დაღუპული მებრძოლების შვილებთან, სამსახურის წარმომადგენლებთან და ვეტერანებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე, გმირთა მემორიალი გვირგვინით და დაღუპული მებრძოლების საფლავები ყვავილებით შეამკო და ქვეყნის ერთიანობისთვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

კობა კობალაძემ, ომში დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და მათ მიმართ თანაგრძნობა და პატივისცემა კიდევ ერთხელ გამოხატა. მან, საქართველოსთვის თავდადებული მეომრების ოჯახებს მადლობა გადაუხადა სამშობლოს ერთგული, ღირსეული შვილების აღზრდისთვის და აღნიშნა, რომ ქვეყანას, რომელსაც ყავს გმირები, რომელთაც შეუძლიათ, სამშობლოსთვის თავი დაუფიქრებლად გაწირონ, საკუთარ სიცოცხლეზე მაღლა საქართველო და მისი ღირსება დააყენონ, მტერი ვერ წააქცევს და ის აუცილებლად იქნება თავისუფალი, ერთიანი და ძლიერი:

”დღეს, როცა რუსეთ-უკრაინის ომმა, კიდევ ერთხელ დაგვაყენა ურთულესი გამოწვევების წინაშე, რაც რეგიონში, მით უფრო კი, ჩვენს ქვეყანაში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მეტ ძალისხმევას მოითხოვს, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ გმირთა ღვაწლის დაფასება და ერის ერთიანობა, რადგან ჩვენი ერთიანობის გარეშე, ჩვენი ქვეყანა ვერ გაუძლებს ამ ურთულეს გეოპოლიტიკურ რყევებს. ამიტომ, ყველამ გვერდით უნდა გადავდოთ ჩვენი ამბიციები და გავერთიანდეთ საერთო მიზნისთვის, რასაც ჩვენს ქვეყანაში მშვიდობა, ჩვენი სამშობლოს გაერთიანება ჰქვია”,_განაცხადა კობა კობალაძემ.

2008 წლის ომში, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ მეომართა ხსოვნისთვის პატივის მისაგებად, დღეს, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე საქართველოს პრემიერ-მინისტრი, მთავრობის წევრები, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

თავდაცვის სამინისტროს მონაცემებით, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში, სულ, დაღუპულად 169 სამხედრო მიიჩნევა, აქედან ხუთი_ დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება. 2008 წელს, რუსული ინტერვენციის შედეგად, საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე და 14 პოლიციელი დაიღუპა, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები იძულებით, თითქმის 150 000-მა ადამიანმა დატოვა, მათგან 30 000-მდე დღემდე დევნილობაში რჩება.