12 მაისი ანდრია პირველწოდებულის ხსენების დღეა

მართლმადიდებელი ეკლესია 12 მაისს წმინდა მოციქულ  ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს. ამ დღის აღსანიშნავად, ყველა ტაძარში  წირვა -ლოცვა აღევლინება.

სადღესასწაულო წირვას მახათას მთაზე, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო აღავლენს.

წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. უფალმა მოციქულთა შორის პირველად ანდრიას მოუწოდა. ამიტომაც მას პირველწოდებული ეწოდა. საქართველოში წამოსვლამდე მას დედაღვთისამ მოუწოდა და ამცნო, რომ წმინდა ანდრიას მის წილხვედრ ქვეყანაში უნდა ექადაგა. იგი პირველად ქართლის ტერიტორიაზე დიდაჭარაში შემოვიდა. წმ. მოციქულს თან ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიერ ბოძებული ხელთუქმნელი ღვთისმშობლის ხატი ჰქონდა, რომელითაც უამრავი სასწაული აღავლინა.

წმ. მოციქული ანდრია საბერძნეთის ქალაქ პატრაში ჯვარზე დაკიდებული აღესრულა. მის ხსენებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია ორჯერ აღნიშნავს.  12 მაისს წმინდა მოციქულის საქართველოში შემოსვლის დღე აღინიშნება, 13 დეკემბერს მისი გარდაცვალება.

12 მაისი საქართველოში უქმე დღედ არის გამოცხადებული.