ბრძოლის ველზე გათხრილი სანგრები დატოვეს. აქეთ, სამშვიდობოს, ახალი სანგრები გათხარეს და იმ უთქმელობაში დაიმარხეს თავები.
ომში რომ ვერ მოკვდნენ ის კაცები, მერე სასტუმრო “მეტეხიდან”, სასტუმრო “გაგრადან” გამოასვენეს.
იდგნენ იმ ცხედართან მხრებმოწურული კაცები, იმ მოწურულ მხრებზე ვებერთელა დარდებით და ტიროდნენ.
მაშინ კაცის ტირილი მაკვირვებდა და მე ახლა ვხვდები, რომ იქ მოტირალი ყველა კაცი თავის გამოსვენებას ტიროდა სასტუმრო “მეტეხიდან” თუ სასტუმრო ” გაგრადან”.
ომში რომ ვერ მოკვდნენ იმათგან ერთ – ერთია მამაჩემი.
ომში რომ ვერ მოკვდა, მაგრამ სიკვდილს გაუშინაურდა მერე.
არასოდეს წაიშლება ჩემი გონებიდან მამაჩემის ბღავილი, ომში რომ ვერ მოკვდა იმ მეგობრის სიკვდილი რომ უთხრეს.
სიკვდილი ხომ ატირებდა და ატირებდა საკუთარი უსუსურობა, რომ საუკეთესო მეგობრის ცხედართან ვერ დადგებოდა
მხრებმოწურული და ვინ იცის, მერამდენედ, ვერ გამოიტირებდა ომმა რომ ვერ მოუკლა იმ მებრძოლის სიკვდილს.
იმიტომ რომ მამაჩემი ენგურს გამოღმა იყო და ენგურს გადაღმა იწვა ვეებერთელა კაცი მამაჩემივით მოწურული მხრებით.
ომში რომ ვერ მოკვდა ის კაცი მოვიდა ერთ ზაფხულს ჩვენთან (ჯანო ფიფია), კარის მეზობელი აფხაზეთში, ზიარი ღობე, ზიარი ლეღვის ხე.
მოვიდა და ტირილით შემოხსნა ჭიშკარი :
– დავდიოდი ამ უცხო სოფელში და გამვლელ – გამოვლელს ვეკითხებოდი, ბაჩო მირცხულავა ხომ არ იცით, სად ცხოვრობსო ?
შენი სახლი არ ვიცოდი, ბიჭო ? გესმის, შენი სახლი !
ტიროდნენ კაცები.
და მერე გული რო მოიოხეს, აქეთ მშვიდობაში რომ მოკვდნენ, ის კაცები დაიტირეს.
ზოგმა ყულფში რომ გაუყარა თავი.
ზოგმა მაღალი სართულიდან იფრინა.
ზოგმა ტყვია დაიხალა.
ზოგი კიდევ უთქმელობაში და სიჩუმეში მოკვდა.
იმ კაცებს გმირებად რომ არ თვლიან, ის გააპროტესტეს.
ღვინის ჭიქაში პურის ყუა ჩააწეს და ცრემლები გადაყლაპეს.
ომში რომ ვერ მოკვდნენ ის კაცები, დღესაც ინახავენ თავიანთ ბუშლატებს, დღესაც ვეებერთელა დარდით დაატარებენ მოწურულ მხრებს.
და ღმერთმა ნუ დაგაჭირვოს, ჩემო სამშობლოვ და დღესაც ეს კაცები წავლენ ომში და პირველად რომ გამოტოვეს იმ სიკვდილით მოკვდებიან.
სოციალური ქსელი – დინა მირცხულავა ©