“ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობას უფრთხილდებოდა, მაგრამ ახლა მისთვის პრეზიდენტთან “მეგობრობა” ზედმეტ ტვირთად იქცა”-The Guardian

ბრიტანული გაზეთის „გარდიანის“ (The Guardian) მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში სათაურით „ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობას უფრთხილდებოდა, მაგრამ ახლა მისთვის პრეზიდენტთან „მეგობრობა“ ზედმეტ ტვირთად იქცა“ (ავტორი – რიკარდო ალკარო), გაანალიზებულია ამერიკის შეერთებული შტატებისა და იტალიის ლიდერების დღევანდელი ურთიერთდამოკიდებულება, რომელიც მნიშვნელოვნად განსხვავდება ახლო წარსულში არსებული ურთიერთობისაგან. რა არის ეს – „განშორება  იტალიურად“ თუ „ამერიკულად“? რატომ „გაირბინა შავმა კატამ“ ძველ მეგობრებს შორის?

გთავაზობთ პუბლიკაციას, რომელშიც შექმნილი სიტუაცია არის გაანალიზებული:

იტალიის პრემიერ-მინისტრი ჯორჯა მელონი, რომელსაც ამერიკელი მემარჯვენეები ბოლო დრომდე ერთ-ერთ საყვარელ პიროვნებად თვლიდნენ ევროკავშირის ლიდერებს შორის, დღეს მათ თვალში ადრინდელი რეპუტაციით აღარ სარგებლობს. იტალიელი ლამაზმანი პრემიერის ავტორიტეტი საფრთხის ქვეშ აღმოჩნდა თეთრ სახლთან მოულოდნელად გაჩენილი  უთანხმოების გამო. დონალდ ტრამპმა მკვეთრად მოახდინა დისტანცირება თავისი იტალიელი მოკავშირისაგან იმის გამო, რომ ჯორჯა მელონიმ უარი განაცხადა ირანის წინააღმდეგ მიმართული ომის მხარდაჭერაზე. „შოკირებული ვარ მისი პოზიციით. ვფიქრობდი, რომ იგი გაბედული ლიდერია, მაგრამ თურმე ვცდებოდი“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა გაზეთ „კორიერე დელა სერასთან“ ინტერვიუში.

კაცმა რომ თქვას, დონალდ ტრამპისა და ჯორჯა მელონის ურთიერთობა არასდროს არ იყო განპირობებული უპირატესად პირადული დამოკიდებულებით. მათი ურთიერთობები ეყრდნობოდა პოლიტიკას, იდეოლოგიას და გეოპოლიტიკას – ტრიადას, რომელიც განსაზღვრავდა როგორც მათ ძლიერ, ისე სუსტ მხარეებს.

პოლიტიკის თვალსაზრისით, ჯორჯა მელონი, რასაკვირველია, კარგად იყენებდა თავის სიახლოვეს დონალდ ტრამპთან, თუმცა იმავდროულად ევროკავშირის ლიდერებთან პრაგმატულ კავშირებსაც ინარჩუნებდა. ასეთმა ორმაგმა პოლიტიკამ პოზიტიურად იმოქმედა მის საერთაშორისო რეპუტაციაზე – როგორც მემარჯვენეთა ლიდერზე და გავლენიან ფიგურაზე ევროპაში. ჯორჯა მელონი ცდილობდა საკუთარი თავი ისეთ ადამიანად წარმოეჩინა, რომელსაც შეუძლია ძველი და ახალი მსოფლიოების (ევროპისა და ამერიკის) ინტერესების დაახლოება და მათი გაერთიანება. იგი მხარს უჭერდა ვაშინგტონიდან მომდინარე ნაციონალისტურ კონსერვატიულ ტალღას, მაგრამ იმავდროულად ნდობით სარგებლობდა ევროკავშირში და კონსტრუქციული დამოკიდებულება ჰქონდა ევროპულ მეინსტრიმთან.

იდეოლოგიის თვალსაზრისით, ჯორჯა მელონის და დონალდ ტრამპს – ორივეს ერთნაირი ცივილიზებული მიდგომა აქვთ დასავლეთის როგორც ხალხთა ისეთი ერთობის მიმართ, რომლებიც ერთმანეთთან დაკავშირებულნი არიან საერთო ისტორიით, რელიგიით და კულტურით.

გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, ჯორჯა მელონის მიდგომა ეფუძნება იმ რწმენას, რომ დიდი რყევებისა და კონკურენციის პირობებშიც კი ევროპული ქვეყნების სტრატეგიული იმპერატივი არ უნდა შეიცვალოს – ისინი  ძველებურად უნდა დარჩნენ აშშ-სთვის ახლობელ ქვეყნებად – იმის მიუხედავად, თუ ვინ იქნება თეთრი სახლის ოვალურ კაბინეტში. იტალიის პრემიერის სახელმძღვანელო პრინციპია შეგუება და არა უკმაყოფილების გამოხატვა ან ჩივილი. სწორედ ამით აიხსნება, თუ რატომ იკავებდა იგი თავს კონფრონტაციისაგან ყოველთვის, როცა დონალდ ტრამპი ევროპას აკრიტიკებდა.

პრობლემა იმაშია, რომ ჯორჯა მელონის სიახლოვეს დონალდ ტრამპთან იტალიისათვის რაიმე საგრძნობი სარგებელი არ მოუტანია, თუ არ ჩავთვლით იმას, რომ იტალიელი მემაკარონეების პროდუქტის – ხორბლის ფქვილის ცომისაგან მომზადებული სხვადასხვა ნახევარფაბრიკატების (ვერმიშელი, სპაგეტი და ა.შ.) ექსპორტი აშშ-ში გარკვეული შეღავათით სარგებლობს. ზოგადად იტალია ყოველთვის ევროპასთან სოლიდარულად გამოდიოდა და გამოდის – იქნება ეს ნატოს ბიუჯეტის ზრდასთან დაკავშირებით, გრენლანდიისა თუ უკრაინის საკითხებთან მიმართებით. ანუ რომი თავის პოლიტიკას უფრო მეტად ევროპელ პარტნიორებთან კოორდინაციით ახორციელებდა და არა ვაშინგტონთან ორმხრივი კავშირების გათვალისწინებით.

ირანთან ომმა აშშ-სთან ტრიადული მიდგომის სტრატეგიული ნაკლი გამოავლინა. ომის ეკონომიკური შედეგები იტალიელებისათვის საკმაოდ მტკივნეული გამოდგა – მათ ეს ბენზინის გაძვირებითაც იგრძნეს. ომმა ასევე განამტკიცა იტალიელთა რწმენა, რომ დონალდ ტრამპი არა მარტო ევროპელების დამორჩილებას ცდილობს, არამედ საერთაშორისო უსაფრთხოების სისტემას არღვევს.

ამიტომაც ჯორჯა მელონისათვის სულ უფრო რთული ხდებოდა ორივე მიმართულების დაბალანსება (აშშ-სთან და ევროპელ პარტნიორებთან), განსაკუთრებით მის მიერ ინიცირებული რეფერენდუმის ჩავარდნის შემდეგ – იტალიელებმა პრემიერ-მინისტრის მიერ შეთავაზებულ სასამართლო რეფორმას მხარი არ დაუჭირეს. ეს ნიშნავს, რომ ჯორჯა მელონის ავტორიტეტი მოსახლეობაში საკმაოდ შეირყა: რეფერენდუმი იმ დროს ჩატარდა, როცა აშშ-ისრაელ-ირანის ომი უკვე დაწყებული იყო, იტალიელები კონფლიქტის წინააღმდეგნი იყვნენ, პრემიერ-მინისტრმა კი უარი განაცხადა ომის დაგმობაზე [ტრამპს არ აწყენინა]. მართალია, შემდეგ ჯორჯა მელონი მიხვდა, რომ ტრამპთან სოლიდარობა მისთვის საზიანოა და საჯაროდ განაცხადა, რომ ომი იტალიის ინტერესებში არ შედისო, მაგრამ დააგვიანა.

მალე გარდამტეხი მომენტი დადგა: როცა რომის პაპმა ლეო XIV-მ მსოფლიოს მშვიდობისაკენ მოუწოდა (ანუ მხარი არ დაუჭირა აშშ-ის მიერ ირანის წინააღმდეგ გაჩაღებულ ომს), დონალდ ტრამპმა პაპი მწვავედ გააკრიტიკა („სუსტი პაპია, ვერ ერკვევა საგარეო პოლიტიკაში“). ტრამპს, ალბათ, იმედი ჰქონდა, რომ პონტიფიკი მის მხარეზე დდგებოდა – ლეო  XIV ხომ პირველი პაპია, რომელიც წარმოშობით ამერიკელია და ჩიკაგოშია დაბადებული. ამ შეხლა-შემოხლამ ჯორჯა მელონის მანევრების შესაძლებლობა არ დაუტოვა: იტალიელი კონსერვატორისა და იმ კათოლიკური ქვეყნის ლიდერისათვის, სადაც სახელმწიფო ვატიკანი (ანუ რომის პაპის რეზიდენცია) მდებარეობს, დუმილი მიუღებელი იქნებოდა.

კაცმა რომ თქვას, ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპისა და ლეო XIV-ის სიტყვიერი „ჩხუბის“ დროსაც ცდილობდა კონფრონტაციისათვის თავი აერიდებინა. მისი რეაქცია აწონილ-დაწონილი იყო: დაიცვა რომის პაპის ღირსება და განაცხადა, რომ აშშ-ის პრეზიდენტის პოზიციას ვერ დაეთანხმებოდა. პრემიერს სურდა, რომ ტრამპთან ურთიერთობაში გარკვეული დისტანცია დაეკავებინა და ურთიერთობა საბოლოოდ არ გაეწყვიტა. მაგრამ ის, რაც შემდეგ აშშ-ის პრეზიდენტმა თქვა იტალიის ლიდერის მიმართ („მეგონა, რომ იგი გაბედული ლიდერია, მაგრამ თურმე ვცდებოდი“), სიტუაცია შეცვალა და პოლიტიკურ თავის ტკივილად გადააქცია. დონალდ ტრამპი იტალიელებში უკიდურესად არაპოპულარულ პიროვნებად წარმოჩინდა.

მოკლევადიან პერსპექტივაში ამ განხეთქილებამ ჯორჯა მელონის შეიძლება გარკვეული პოლიტიკური სარგებელი მოუტანოს: პრემიერი თავისი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისა და კათოლიკური ეკლესიის დამცველად გამოვიდა, რაც ოპოზიციამაც კი მოიწონა. მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში მელონის წინ სირთულეები ელოდება. მისთვის ყველაზე უკეთესი იქნება ევროპელ პარტნიორებთან პრაგმატული კურსი გააგრძელოს და თავი შეიკავოს ზედმეტი მოძრაობებისაგან (ამას წინათ, პარიზის სამიტის დროს, ჯორჯა მელონი საჯაროდ გადაეხვია ემანუელ მაკრონს, რომელსაც იტალიელი ულტრამემარჯვენეები თავიანთ  მტრად თვლიან).

იმავდროულად ჯორჯა მელონი დონალდ ტრამპთან ურთიერთობის მოგვარებას უნდა შეეცადოს. ამას თვითონ აშშ-ის პრეზიდენტიც ცდილობს – ამას წინათ ტრამპმა განაცხადა, რომ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატში, რომელიც აშშ-ში ივნის-ივლისში უნდა გაიმართოს და რომელშიც იტალია არ მონაწილეობსს (მაგრამ მონაწილეობს ირანი), შეიძლებოდა  ირანის ნაკრები იტალიის ნაკრებით ჩანაცვლებულიყო. მართალია, ფიფამ ასეთ სურვილს მხარი არ დაუჭირა და იტალიამაც თავი შორს დაიჭირა, მაგრამ თვითონ ფაქტი დონალდ ტრამპისაგან  შერიგების ერთგვარ მცდელობას ჰგავდა.

მოკლედ, ჯორჯა მელონი გზაჯვარედინზე აღმოჩნდა: ან ევროპისაკენ მკვეთრი გადახრა, ან ტრამპთან ურთიერთობის აღდგენა, მაგრამ უკვე ტრამპის პირობებით. მას, ალბათ, არ სურს ასეთი ბინარული არჩევანის წინაშე დგომა, მაგრამ გარემოებების გამო მალე იძულებული გახდება. საქმე იმაშია, რომ ჯორჯა მელონი მიმდინარე წელს წინასაარჩევნო სეზონში უნდა შევიდეს – იტალიაში საპარლამენტო არჩევნები გაისად უნდა ჩატარდეს. პრემიერ-მინისტრი უხერხულ სიტუაციაშია: რეფერენდუმმა რეფორმა ჩაუგდო, ქვეყნის ეკონომიკა სუსტდება, რეიტინგი არასტაბილურია…

ჯორჯა მელონი – როგორც პარტიის ლიდერი და ჯორჯა მელონი – როგორც სახელმწიფო მოღვაწე – ერთმანეთს უპირისპირდებიან. დაძაბულობა უკვე აბსტრაქტული აღარ არის, ასეთი ვითარება წინასაარჩევნოდ მიუღებელია. საკითხავი ის კი არ არის, შეძლებს თუ არა იგი ბალანსირების გაგრძელებას ამ ორ როლს შორის, არამედ იმაში, თუ რამდენად დიდ ხანს გაგრძელდება.

წყარო: