“რუსეთი ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებს კარგავს, ბაქოს კი ევროპაში რუსეთის ადგილზე თვალი უჭირავს“ – ასეთი სათაური აქვს “თურქეთის ტელერადიოკორპორაციის” (TRT – Turkish Radio and Television Corporation) ვებ-გვერდზე გამოქვეყნებულ სტატიას, რომელშიც განხილულია აზერბაიჯანისა და ევროკავშირის თანამშრომლობის პერსპექტივა ნავთობითა და გაზით უზრუნველყოფის საკითხში, რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე.
გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:
უკრაინამ ივლისის ბოლოსათვის უკვე მწყობრიდან გამოიყვანა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელი სიმძლავრეების 42,74%. ერთ-ერთი ბოლო ენერგეტიკული ობიექტი, რომელიც დრონებით დაიბომბა და გაჩერდა, ტიუმენის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა იყო. როგორც პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, „შორსმოქმედი სანქციების გეგმა წარმატებით სრულდება“.
მოსკოვი ზარალის ერთობლიობას არ ამხელს, მაგრამ მისი შედეგები საშინაო ბაზარზე აშკარად ჩანს: АИ-100 მარკის ბენზინი ავტოგასამართი სადგურებიდან თითქმის მთლიანად გაქრა, АИ-95-ის დეფიციტის კომპენსაციას ინდოეთიდან და ბელარუსიდან იმპორტირებული ბენზინის ჩანაცვლებით ცდილობს. რუსეთიდან ბენზინის ექსპორტი კი, როგორც მინიმუმი, მიმდინარე წლის ბოლომდე აიკრძალა.
მსოფლიოს ვაჭრობისათვის რუსული ბენზინის დანაკარგები კრიტიკული არ არის, მაგრამ დიზელის საწვავის წილი უკვე საკმაოდ მაღალია – საზღვაო ექსპორტის დაახლოებით 11%. როგორც კი რუსეთმა 8 ივლისს დიზელის ექსპორტის აკრძალვა გამოაცხადა, ფასებმა მთელ მსოფლიოში მოიმატა, მათ შ ორის აშშ-შიც – ერთი ბარელი დიზელის საწვავის ფასი 154 დოლარი გახდა.
ვინ ჩაანაცვლებს რუსეთს? აზერბაიჯანი!
რუსეთის ადგილზე მთავარი განაცხადი აზერბაიჯანმა გააკეთა. ილჰამ ალიევი ცდილობს ევროპაში აზერბაიჯანული დიზელის მოცულობა მკვეთრად გაზარდო იმ შემთხვევაში, თუ ევროპული ბანკები აზერბაიჯანის ნავთობ-გაზისა და ინფრასტრუქტურულ პროექტების დაფინანსებას განაახლებენ.
მართლაცდა, აზერბაიჯანს უკვე აქვს აუცილებელი ბაზა: 2020 წლიდან გაზის სამხრეთი დერეფნის მეშვეობით ევროპამ უკვე მიიღო 60 მილიარდი კუბმეტრი გაზი. აზერბაიჯანი ბუნებრივ გაზს ევროკავშირის ათ ქვეყანას აწვდის, 2026 წლიდან კი კასპიის გაზის მომხმარებლებს ავსტრია და გერმანიაც დაემატა.
პარალელურად მატულობს ნავთობის ექსპორტიც. 2025 წელს აზერბაიჯანმა საზღვარგარეთ 23,4 მილიონი ტონა ნედლი ნავთობი გაიტანა 12 მილიარდ დოლარად. მსხვილი მყიდველები გახდნენ იტალია, ჩეხეთი, ხორვატეთი და გერმანია
ევროპელების ფსონი ბაქოზე
ექსპერტების თქმით პრეზიდენტ ილჰამ ალიევის ამასწინანდელი ვიზიტი ბერლინში და იქ გაკეთებული განცხადებები ევროპის ენერგეტიკაში სამომავლოდ მნიშვნელოვანი როლის შესრულებას ნიშნავს. თანაც საქმე ეხება არამარტო საკუთარი ნავთობის მიწოდებების ზრდას, არამედ ისეთი ახალი მარშრუტების შექმნას, რომლებიც ევროკავშირისათვის კასპიის რეგიონის რესურსებისადმი წვდომას უზრუნველყოფს.
როგორც TRT-ის რუსულ სამსახურს კავკასიის ისტორიის შემსწავლელი ცენტრის დირექტორმა, პოლიტოლოგმა რივზან ჰუსეინოვმა უთხრა, რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ მოსკოვმა თვითონ დახურა ევროკავშირის მომგებიან ბაზარზე წვდომა. რუსეთიდან ენერგომიწოდების გაწყვეტამ განსაკუთრებით ნეგატიურად იმოქმედა გერმანიაზე, რომლის მრეწველობა დიდი ხნის განმავლობაში იაფი რუსული ენერგორესურსების (ნავთობისა და გაზის) მთავარი მომხმარებელი იყო.
რუსეთის ჩანაცვლება სხვა ქვეყნებით გერმანიისათვის არქიმნიშვნელოვან საკითხად ითვლება. ვიზიტის შედეგები ხელს შეუწყობს არამარტო აზერბაიჯანის რესურსებით სარგებლობას, არამედ ქვეყნის სატრანზიტო შესაძლებლობების გამოყენებასაც. აზერბაიჯანის, ტრანსკასპიისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონების გავლით ევროპას შეიძლება დამატებითი ენერგორესურსები მიეწოდოს ცენტრალური აზიის ქვეყნებიდან – ყაზახეთიდან, უზბეკეთიდან და თურქმენეთიდან“, – ამბობს რივზან ჰუსეინოვი.
ამისათვის საფუძველი უკვე არსებობს – სამხრეთის გაზის დერეფანი, რომელიც შედგება TANAP-ის (Trans-Anatolian Natural Gas Pipeline) და TAP (Trans Adriatic Pipeline) გაზსადენებისაგან, თუმცა მისი წარმადობის გაზრდისათვის სიმძლავრეების გაფართოება აუცილებელია. „ძირითადი ფინანსური ტვირთი, როგორც ჩანს, გერმანიას და ევროპულ მხარეს დაეკისრება, რადგანაც სწორედ ისინი არიან ყველაზე მეტად დაინტერესებულები დამატებითი მიწოდების უზრუნველყოფით“, – თვლის ექსპერტი. მისი შეფასებით, ბაქომ უკვე დაიკავა იმ პოზიციის ნაწილი, რომელსაც ადრე მოსკოვი ფლობდა.
„ამჟამად აზერბაიჯანული გაზის ძირითად მომხმარებელს იტალია წარმოადგენს. კასპიის გაზს ყიდულობენ ბალკანეთისა და აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიც. შესაბამისი ინფრასტრუქტურის შესაქმნელად გაზის სტაბილური მიწოდებისათვის აზერბაიჯანმა უკვე დაასრულა. გერმანულ მხარეს მხოლოდ ისღა რჩება, რომ პროექტი ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანოს“, – ხაზს უსვამს რივზან ჰუსეინოვი „თურქეთის ტელერადიოკორპორაციის“ კორესპონდენტთან საუბარში.
კიდევ ერთი პოლიტოლოგი ილგარ ველიზადე ასევე თვლის, რომ აზერბაიჯანის გადაქცევის პროცესი ევროკავშირისათვის მნიშვნელოვან მიმწოდებლად უკვე დაიწყო. ევროკავშირსა და აზერბაიჯანს შორის ენერგეტიკული თანამშრომლობის მემორანდუმზზე ხელმოწერის შემდეგ (2022 წელს) კასპიის გაზის მყიდველთა რაოდენობა დაახლოებით ათ ქვეყნამდე გაიზარდა, ხოლო წლიურმა მიწოდებამ 13 მილიარდ კუბ. მეტრს მიაღწია.
„აზერბაიჯანი რეგიონის ერთადერთი ქვეყენაა, რომელიც გაზსადენების აუცილებელ ინფრასტრუქტურას ფლობს. სამხრეთის გაზის დერეფანი ევროპას აზიასთან (კასპიისპირა და ცენტრალური აზიის სახელმწიფოებთან) პირდაპირი მარშრუტით აკავშირებს, რაც იმას ნიშნავს, რომ აზერბაიჯანს აქვს როგორც ტექნიკური შესაძლებლობები, ასევე ნედლეულისრესურსები – ევროპული ბაზრის მზარდი მოთხოვნილების უზრუნველსაყოფად“, – აღნიშნავს ილგარ ველიზადე.

