“როგორ ცვლის სისხლიანი წარსული პოლონეთ-უკრაინის დღევანდელ ურთიერთობებს”-Politico

აშშ-ის გაზეთი “პოლიტიკო”(Politico) თავის ევროპული ვერსიის (ოფისი – ბრიუსელში) 2 ივლისის ნომერში აქვეყნებს სტატიას სათაურით: “როგორ ცვლის სისხლიანი წარსული პოლონეთ-უკრაინის დღევანდელ ურთიერთობებს” (ავტორი – ვოიცეხ კოსცი), რომელშიც ორი მეზობელი ქვეყნის დაძაბული ურთიერთდამოკიდებულებაა განხილული.

„უკრაინისა და პოლონეთის პოზიციათა განსხვავება ისტორიული საკითხების მიმართ მწვავდება. პოლონელი მემარჯვენეები კიევის წინააღმდეგ გამოდიან. პოლონეთში მილიონობით უკრაინელი ლტოლვილის ყოფნა შეიძლება მნიშვნელოვან ფაქტორად იქცეს საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც მომავალ წელს უნდა ჩატარდეს და თუ მართლაც ასე მოხდება, შედეგი ვოლოდიმირ ზელენსკის სასარგებლოდ ნამდვილად არ იქნება“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

პოლონეთს და უკრაინას საერთო მტერი ჰყავთ – რუსეთი, მაგრამ კიევისა და ვარშავის საშინაო პოლიტიკაში სულ უფრო ძლიერად ღვივდება დავა 80 წლის წინ მომხდარი მასობრივი მკვლელობების ირგვლივ. საქმე ეხება ისტორიულ ფაქტს, როცა უკრაინელ ნაციონალისტთა მიერ შექმნილმა „უკრაინის მეამბოხე არმიის“ (УПА) მებრძოლებმა  1943 წელს, გერმანული ვერმახტის მიერ ოკუპირებულ უკრაინის ტერიტორიაზე (ვოლინის მხარეში) მცხოვრები ათიათასობით პოლონელი გაჟლიტეს. ეს ისტორიული დავა ეთნიკური წმენდების შესახებ დიდი ხანია არსებობს, თუმცა ბოლო წლებში, შეიძლება ითქვას, „მიძინებული“ იყო. პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის მიერ მაისში მიღებულმა გადაწყვეტილებამ უკრაინის არმიის ერთ-ერთი ქვედანაყოფისთვის „УПА-ს გმირების“ სახელი მიენიჭებინა, პრობლემა „გამოაღვიძა“ და უთანხმოება „დუღილის წერტილამდე“ მიიყვანა. პრეზიდენტებმა ერთმანეთის მწვავე კრიტიკა დაიწყეს, საქმე უკრაინის მხრიდან პოლონური ჯილდოების დაბრუნებამდე მივიდა… შემდეგ ისევ „ცეცხლზე ნავთის დასხმა“ – უკრაინის პარლამენტმა მიიღო კანონი ეროვნული გმირების პანთეონის შექმნის შესახებ, რომელშიც УПА-ს მებრძოილებიც იქნებიან მოხსენიებულნი.  

 

პოლონეთის მხრიდან ცხარე დავები ვოლოდიმირ ზელენსკის გადაწყვეტილების შესახებ უკვე პოლიტიკის სფეროში გადადის: მომავალ წელს საკანონმდებლო ორგანოს – სეიმის არჩევნები უნდა ჩატარდეს და, შესაბამისად, მემარჯვენე ძალები (ოპოზიცია) იმედოვნებენ, რომ პროევროპელ ცენტრისტებთან (ამჟამინდელ მმართველ პარტიასთან) ბრძოლაში ქულებს აიღებენ.

 

უკრაინის მხრიდან დავა პრინციპული წითელი ხაზი ხდება – აქვთ თუ არა ნება უცხოელებს (ამ შემთხვევაში – პოლონელებს) განსაზღვრონ, რამდენად სწორია პანთეონის შექმნა? საკითხმა ვოლოდიმირ ზელენსკისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინა: რადგანაც რუსეთი უკრაინას ხელოვნურად შექმნილ სახელმწიფოდ თვლის, კიევი ქმნის და იცავს თავის ეროვნულ (ნაციონალისტურ) სიმბოლოებს.

 

პოლონეთი თვლის, რომ უკრაინელ ნაციონალისტთა „მეამბოხე არმიის“ მიერ 1943 წელს ჩადენილი პოლონელთა მასობრივი მკვლელობები გენოციდს წარმოადგენს. უკრაინა კი მიიჩნევს, რომ „უკრანიის მეამბოხე არმიის“ მებრძოლები უკრაინის სახელმწიფოს დამოუკიდებლობისთვის იბრძოდნენ საბჭოთა კავშირისა და ნაწილობრივ, ნაცისტური გერმანიის წინააღმდეგაც. კიევი იმდროინდელ საბჭოთა კავშირთან ბრძოლას დღევანდელ ანტირუსულ ბრძოლასთან აიგივებს.

 

პოლონეთის პროევროპული ხელისუფლებისათვის და პირადად პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკისათვის უკრაინასთან დაპირისპირება არასასურველია, რადგან ამით დასავლეთის რუსეთთან ბრძოლაც დასუსტდება. შესაბამისად, დონალდ ტუსკი „ორ ცეცხლს შორისაა“ და ფრთხილად მოუწოდებს პრეზიდენტებს კაროლ ნავროცკის და ვოლოდიმირ ზელენსკის ემოციები მოთოკონ და არ დაუშვან „სტრატეგიული შეცდომა“ ისტორიული ფაქტებით ბრძოლაში.

 

დონალდ ტუსკს მომავალ წელს არჩევნები უწევს, ამიტომ მისთვის სასიცოცხლოდ აუცილებელია არ დაუშვას რუსეთის წინააღმდეგ მიმართული ერთიანი პოლონური ფრონტის რღვევა. იაროსლავ კაჩინსკის ოპოზიციური პარტია „კანონი და სამართლიანობა“ ანტირუსული პარტიაა, მაგრამ იმავდროულად ებრძვის დონალდ ტუსკსაც. საინტერესოა, რომ პრეზიდენტი კაროლ ნავროცკი მხარს უჭერს იაროსლავ კაჩინსკის, რომელიც თავის მხრივ, ებრძვის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკს და პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის.

 

რა თქმა უნდა, დონალდ ტუსკს, რბილად რომ ვთქვათ არ მოსწონს კაროლ ნავროცკი და შეუძლია მისი იგნორირება, მაგრამ… რადგანც პოლონელებში მწიფდება უკმაყოფილება ასეულ ათასობით უკრაინელი ლტოლვილის მიმართ, ტუსკი იძულებული გახდა მათთვის დახმარება შეემცირებინა, მათ შორის მოხუცებისა და ბავშვებისათვის.

 

კაროლ ნავროცკიმ, რომლის მთავარი ლოზუნგი გასული წლის საპრეზიდენტო კამპანიის დროს იყო „პოლონეთი და პოლონელები უპირველეს ყოვლისა“, უკრაინის გასაგონად განაცხადა, რომ ვარშავა გზას გადაუკეტავს კიევს ევროკავშირში გაწევრიანების საკითხში, თუ უკრაინა პოლონეთს ოფიციალურ ბოდიშს არ მოუხდის მასობრივი მკვლელობებისათვის.

 

ეს მუქარები სერიოზული უკუსვლაა ორი მეზობელი ქვეყნისათვის, რომლებიც ათეული წლების განმავლობაში წარსულის პრობლემების ფონზე მშვიდობიან თანაარსებობას ცდილობდნენ.

 

ვისი ბრალია ეს ყველაფერი? ევროპარლამენტის დეპუტატი არკადიუშ მულიარჩიკი, რომელიც პარტია „კანონი და სამართლიანობის“ წევრია, მტკიცედ ამბობს: „ამიერიდან პოლონეთის პოლიტიკური ელიტა და ვფიქრობ, ქვეყნის მთელი პოლიტიკური ძალები დარწმუნდნენ, თუ ვინ არის ზელენსკი. ისინი დარწმუნდნენ, თუ როგორ განწყობაზე არიან უკრაინელები, თავიანთი პოსტსაბჭოთა მენტალიტეტით… ისინი ქედმაღლურად გვიყურებენ და ძლიერი არმიის იმედად კუნთებს ათამაშებენ“.

 

პოლონელი ლიბერტარიანელების ლიდერმა ქშიშტოფ ბოსაკმა ორი დღის წინ ტელეეთერში ასე განაცხადა: „რატომ უნდა ავიღოთ ჩვენ ვალები უკრაინის დასახმარებლად? იმ უკრაინისა, რომელიც ყელამდეა კორუფციაში ჩაფლული? არავითარ შემთხვევაში”.

 

ევროპის პარლამენტის წევრის გჟეგოჟ ბრაუნის თქმით, „კიევის რეჟიმი ჩვენი არც მოკავშირე არ არის და არც მეგობარი. ვოლოდიმირ ზელენსკის რეჟიმი პოლონელი ხალხის  და პოლონეთის სახელმწიფოს მტერია“.

 

როგორც თადეუშ ივანსკი – ვარშავის აღმოსავლური კვლევების ანალიტიკიური ცენტრის პროგრამების ხელმძღვანელი – ამბობს, პოლონური და უკრაინულ თვალსაზრისებს შორის ხიდის გადება უკიდურესად ძნელია. „ვოლოდიმირ ზელენსკიმ უდიდესი ზეწოლა გადაიტანა დონალდ ტრამპისაგან, რომელიც მას დათმობებზე წასვლას და კომპრომისებს აიძულებდა. ზელენსკიმ ტრამპის ზეწოლას გაუძლო და ნავროცკის ზეწოლასაც გაუძლებს. ასე რომ, პოლონეთის მცდელობები უშედეგო იქნება“, – განაცხადა თაშეუშ ივანსკიმ Politico-სთან საუბარში.

წყარო: