“მსოფლიო აშშ-ის ომის ფასს იხდის:ირანთან კონფლიქტი ამერიკელთა ჯიბესაც ურტყამს, მაგრამ ომი ყველაზე მეტად გლობალური სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკას ანგრევს”-Foreign policy

ამერიკულ პოპულარულ ყოველკვირეულ ჟურნალ „ფორინ პოლისში“ (Foreign policy) გამოქვეყნებულია სტატია სათაურით: „მსოფლიო აშშ-ის ომის ფასს იხდის: ირანთან კონფლიქტი ამერიკელთა ჯიბესაც ურტყამს, მაგრამ ომი ყველაზე მეტად გლობალური სამხრეთის ქვეყნების ეკონომიკას ანგრევს“ (ავტორი – რავი აგრავალი, გამოცემის მთავარი რედაქტორი), რომელშიც გაანალიზებულია როგორც აშშ-სა და მსოფლიოს ქვეყნების ეკონომიკის მდგომარეობა, ასევე მოცემულია ეკონომიკური სიტუაციის განვითარების პროგნოზი.

გთავაზობთ პუბლიკაციას მცირე შემოკლებით:

რა თქმა უნდა, საეჭვო არ არის, რომ აშშ-სა და ირანის დაპირისპირება ამერიკელების ჯიბეს ურტყამს: ომის დაწყებიდან ბენზინი ერთი მესამედით გაძვირდა. ეკონომისტები ელოდებიან ინფლაციის ზრდას და წარმოების ტემპების შეყოვნებას. Ipsos-ის მიერ ცოტა ხნის წინ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ათიდან ექვსი ამერიკელი ომის წინააღმდეგ გამოდის. უმრავლესობა დარწმუნებულია: აშშ-სა და ირანს შორის მიმდინარე სამხედრო მოქმედებები სულ მალე მათ ჯიბეზე უარესად აისახება. გამოკითხულთა მხოლოდ 1% თვლის, რომ ომი მათ საფულეში დოლარებს გაამრავლებს და მხოლოდ ერთ მეოთხედს მიაჩნია, რომ ომის დაწყება ღირდა. მაშ რატომ არ გამოდის ქუჩაში საპროტესტო აქციაზე ამერიკელთა 75%?

არსებობს პასუხების რამდენიმე ვარიანტი. იმავე Ipsos-ის გამოკითხვა აჩვენებს, რომ ამერიკელების 44%-ს ომის შესახებ მხოლოდ „ცოტა რამ სმენიათ“, ხოლო 7%-მა – „საერთოდ არაფერი იცის“. ანუ ადამიანებს ან არ აინტერესებთ მსოფლიოს ამბები, ან ომის შედეგები პირადად მათ ჯერ არ შეხებიათ. კიდევ ერთმა გამოკითხვამ, Gallup-ის მიერ ჩატარებულმა, აჩვენა: აშშ-ის მოქალაქეებს მედიცინა უფრო მეტად აღელვებთ, ვიდრე ეკონომიკა. მით უმეტეს, რომ აშშ ომში ისტორიული კოზირებით ხელში ჩაება: ქვეყანა მსოფლიოში ნავთობისა და გაზის უდიდესი მწარმოებელი გახდა, საფონდო ბირჟებზე ბუმია ხელოვნური ინტელექტისადმი ინტერესის ფონზე, ძლიერი დოლარი კი იმპორტისათვის მომგებიანია.

მაგრამ მსოფლიოს ქვეყნების უმრავლესობას ვაშინგტონის უპირატესობა ნეგატიურად უბრუნდებათ და მათ დასუსტებას იწვევს. გლობალური სამხრეთის ექვს ქვეყანაში ჩატარებული გამოკითხვა მოწმობს, რომ მოსახლეობა ომის შესახებ 100%-ით საქმის კურსშია. ათიდან შვიდი რესპონდენტი ომის გამო ცხოვრების გაძვირებით „ძალიან შეშფოთებულია“. სპარსეთის ყურეში მიმდინარე კონფლიქტთან დაკავშირებით მომატებული გრძნობადობა ნაწილობრივ შეიძლება იმით აიხსნას, რომ აშშ-საგან განსხვავებით, მსოფლიოს 200 ქვეყნიდან უმრავლესობა გაზისა და ნავთობის იმპორტზე არიან დამოკიდებულნი. ენერგომატარებლებზე მსოფლიო მოთხოვნის 40% აზიის ქვეყნებზე მოდის, რაც მოწმობს იმას, რომ ისინი ძალზე მოწყვლადები არიან ფასებით გამოწვეული შოკის მიმართ. განვითარებადი ეკონომიკების მქონე ქვეყნებს ხშირად არ აქვთ ფულის რეზერვები, რომ თავიანთი მოქალაქეებისთვის ბენზინზე და გაზზე მომატებული ფასების (ტარიფების) სუბსიდირება მოახდინონ, რომლებიც ამერიკელებზე ისედაც ბევრად ნაკლებ ხელფასს იღებენ და არაპროპორციულად იჩაგრებიან ფასების მატებით.

დიახ, ძლიერი დოლარი ამერიკული იმპორტ-ექსპორტისათვის კარგია, მაგრამ ცუდია იმ ქვეყნებისათვის, რომელთა მოსახლეობა ბევრად მეტ რუპიას თუ პესოს ხარჯავს დოლარებით იმპორტირებული ნივთების შესაძენად.

ნავთობით მდიდარი სპარსეთის ყურის ქვეყნების ეკონომიკა, ჩვეულებრივ, კარგად არის მომზადებული გლობალური რყევებისათვის, მაგრამ ამჯერად მათაც ემუქრებათ მიმდინარე ომის საფლობში ჩათრევა. ამერიკის შეერთებულ შტატებს კი, პირიქით, გეოგრაფიული უპირატესობა აქვს – მას ირგვლივ და ახლომახლო არცერთი ანგარიშის გასაწევი მოწინააღმდეგე არ ჰყავს.

თუ ამ ყველაფერს ერთად დავალაგებთ, დავინახავთ, რომ აშშ-ს უნიკალური კოზირები აქვს, რაც ნიშნავს, რომ მისი მოქალაქეები ნაკლებად ზარალდებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნებში მცხოვრებ ადამიანებთან შედარებით.

პაკისტანი მსოფლიო მასმედიის სათაურებში თავისი შუამავლობის წყალობით მოხვდა – აშშ-სა და ირანს შორის სამშვიდობო მოლაპარაკებების გამართვის მიზნით. მაგრამ იმავე მასმედიაში უფრო ნაკლები ყურადღება ეთმობა იმ ფაქტს, თუ რამდენად ძლიერ არის ისლამაბადი დაინტერესებული ომის სწრაფად დასრულებით. თვითონ განსაჯეთ: პაკისტანი პირდაპირ ესაზღვრება სპარსეთის ყურის რეგიონს, ისლამაბადი იქაური არაბული ქვეყნებიდან იმპორტირებულ ენერგომატარებლებზე 80%-ით არის დამოკიდებული,. ჰორმუზის სრუტის დაბლოკვამ ქვეყანაში ბენზინი და დიზელის საწვავი რეკორდულად გააძვირა. ამის შედეგად მთავრობა იძულებული გახდა სახელმწიფო დაწესებულებებში ოთხდღიანი სამუშაო კვირა შემოეღო, ფედერალური თანამშრომლების ნახევარი სახლიდან მუშაობს. ორი კვირით დაიხურა სკოლები. პრემიერ-მინისტრმა მთავრობის წევრებს სთხოვა, რომ ორი თვით უარი ეთქვათ ხელფასის აღებაზე. გარდა ამისა, პაკისტანი საუდის არაბეთს შეეხვეწა – იქნებ 3 მილიარდი დოლარი მასესხო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ვალის გასასტუმრებლად, უცხოური ვალუტის მარაგი აღარ მაქვსო.

პაკისტანის პრობლემებს თავისი ანარეკლი აქვს აზიის სხვა ქვეყნებში.

ბანგლადეშს, რომელიც თავისთვის აუცილებელი ენერგორესურსების 95%-ის იმპორტს ახდენს და მარაგები მხოლოდ ერთთვიანი ჰქონდა, ამჟამად საწვავზე ყოველდღიური ლიმიტები აქვს დაწესებული. მთავრობამ განკარგულება გასცა სკოლებისა და უნივერსიტეტების დროებით დახურვის შესახებ და სავაჭრო ცენტრებს მითითება მისცა მხოლოდ საღამოს 8 საათამდე იმუშაონ. ადგილობრივმა ფასები ნავთობისგან მიღებულ გაზზე, რომელიც გათხევადებული სახით საყოველთაოდ მოიხმარება – საჭმლის მომზადებიდან დაწყებული, რიქშების ძრავების მუშაობით დამთავრებული – ომის დაწყებიდან თითქმის გაორმაგდა. ბანგლადეშში არსებული სამკერვალო ფაბრიკების მუშებისათვის (ძირითადად ქალებისათვის), რომელთა მიერ დამზადებული პროდუქცია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაშია ცნობილი და რომლებიც დღეში მხოლოდ 4 დოლარს იღებენ, გაზზე ფასის მომატება კატასტროფას ნიშნავს.

შრი-ლანკაც ოთხდღიან სამუშაო კვირაზე გადავიდა. ნეპალში ტრანსპორტის მუშაკებმა პროტესტი გამოხატეს – საწვავის ფასებმა მოიმატაო და გაიფიცნენ, მათმა გაფიცვამ კი იმპორტული ბრინჯი და ბოსტნეული გააძვირა. ისეთი ქვეყნისათვის, როგორიც ნეპალია, სადაც ოჯახები საკვებ პროდუქტებზე თავიანთი ბიუჯეტების ნახევარს ხარჯავენ, ფასების მატება დიდ დარტყმას ნიშნავს. ბუტანშიც საწვავზე დიდი რიგები დგას.

ინდოეთი: მსოფლიოში ნავთობის მესამე იმპორტიორი და მსოფლიოს მეექვსე ეკონომიკა თავისი მოცულობით. მართალია, მას მეტი მანევრების შესაძლებლობა აქვს მეზობლებთან შედარებით – მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით სახელმწიფო ბიუჯეტით ბენზინზე და დიზელზე ფასების გაძვირების სუბსიდირება ხდება, მაგრამ ამის მიუხედავად, ქვეყნის 1,4 მილიარდი მცხოვრები მაინც ძალიან ზარალდება. საქმე იმაშია, რომ ინდოეთი სპარსეთის ყურის ზონიდან ნავთობისგან მიღებული თხევადი გაზის 90%-ის იმპორტს ახდენს. ჰორმუზის სრუტის ჩაკეტვით გამოწვეულმა გაზის დეფიციტმა რესტორნების და სხვა გაზზე მომუშავე სტრუქტურების მუშაობა დააზარალა. ქვეყნის საფონდო საბაზო ინდექსი წლის დასაწყისიდან აპრილში 8%-მდე დაეცა, ხოლო ეკონომიკის ზრდის ტემპი, სავარაუდოდ, 1%-მდე დაეცემა. გარდა ამისა, ინდოეთი თავისი სოფლის მეურნეობისათვის საჭირო ორგანული სასუქების იმპორტის ერთ მეოთხედს ახლო აღმოსავლეთიდან ახდენს და მისი დეფიციტი ძლიერი დარტყმაა ქვეყნისათვის, სადაც სოფლის მეურნეობა ეკონომიკის საფუძველს წარმოადგენს. საერთოდ, ძალიან ცუდია, რომ აზიაში სასუქების დეფიციტი დაემთხვა იმ პერიოდს, როცა თესვა უნდა დაიწყოს.

ანალოგიური სიტუაციები შეინიშნება აზიის სხვა ქვეყნებშიც, რომლებიც ნედლი ნავთობის და თხევადი გაზის ოთხ მეხუთედის იმპორტს ჰორმუზის სრუტის გავლით იღებენ.

ფილიპინების მთავრობამ ეროვნულ ენერგეტიკაში გაჩენილი რთული ტენდენციების გამო საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. ტაილანდის ხელისუფლებამ სახელმწიფო მოსამსახურეებს სახლიდან მუშაობის ნება მისცა და მოსახლეობას საწვავისა და ნავთობზე მომუშავე თბოელექტროსადგურებისაგან წარმოებული ელექტროენერგიის დაზოგვისაკენ მოუწოდა. ვიეტნამის მთავრობამ ავიაკომპანიებს მოუწოდა, რომ ფრენის მარშრუტები შეამცირონ, საწვავზე ფასების სწრაფი მატების გამო.

ევროპას, ალბათ, ყველაზე მეტად აქვს გამძლეობის უნარი ეკონომიკური სირთულეების მიმართ, მაგრამ კონტინენტი ჯერაც მთლიანად ვერ გამოსულა 2022 წლის ენერგეტიკული შოკიდან, რუსული გაზის იმპორტის შეწყვეტის შემდეგ. ევროკავშირის ქვეყნების მნიშვნელოვანი რაოდენობა ბუნებრივ გაზზეა დამოკიდებული. ირანთან ომის დაწყების შემდეგ ეტალონური ფასები 70%-ით გაიზარდა, ხოლო გაზსაცავებში ბუნებრივი საწვავის მოცულობა ყველაზე მცირეა 2022 წლიდან. ანუ ეს ნიშნავს, რომ ევროპელებს ზამთრისათვის გაზის შესყიდვა, თუ შემოდგომამდე ჰორმუზის სრუტე არ გაიხსნება და პრობლემა არ ნორმალიზდება, ძალიან ძვირი დაუჯდებათ.

პლანეტის ყველა ქვეყანა ომისაგან მიყენებულ დანაკარგებს იგრძნობს, თუმცა თითოეული თავისებურად და მეტ-ნაკლებად. ყველაზე უარეს დღეში ჩავარდება მოსახლეობა იმ ღარიბი ქვეყნებისა, რომლებსაც ოქროს მცირე მარაგი და ცოტა სავალუტო რეზერვები აქვთ, ან საერთოდ არ აქვთ. მდიდარი ქვეყნების მოსახლეობა შედარებით ნაკლებად დაზარალდება, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელი მომხმარებლები დღეს საკუთარ თავს დაცულებად თვლიან, მათი ილუზიები გაიფანტება და ისინიც ბევრად რთულ სიტუაციაში აღმოჩნდებიან.

გასულ კვირაში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა არასახარბიელო მონაცემები გამოაქვეყნა. ფონდი თვლის, რომ პესიმისტური სცენარის დროს ეკონომიკის გლობალური ზრდა მიმდინარე წლის ბოლოს და მომავალი წლის პირველ კვარტალში 2%-მდე დაეცემა. ასეთი სიტუაცია 1980 წლიდან მხოლოდ ოთხჯერ იყო. გლობალური რეცესია ამერიკულ ბიზნესსაც ძლიერ დაარტყამს. გაზეთ „ნიუ-იორკ ტაიმსის“ მონაცემებით, პოლიესტერისა და ნეილონის ძაფის ღირებულება ბანგლადეშში ორჯერ გაიზარდა – იმიტომ, რომ ორივე სახის ძაფი ნავთობის ნედლეულისაგან მზადდება. რას მოასწავებს ეს ფაქტი? ბევრმა არ იცის: იმას მოასწავებს, რომ ისეთი კომპანიები როგორებიცაა „ზარა“ (Zara) და „იუნიქლო“ (Uniqlo), მალე იძულებულნი გახდებიან საკუთარი ზედმეტი დანახარჯებისაგან გამოწვეული ზარალის ანაზღაურება (გაძვირებული ძაფის შესყიდვის გამო) ამერიკულ მაღაზიებში მოახდინონ, ტანსაცმელზე ფასების მატებით.

როგორც ცნობილია, მიწოდება რეალურ მოთხოვნას ყოველთვის უკან მისდევს („ჯერ მოთხოვნა, შემდეგ მიწოდება“). ეს პრინციპი ვრცელდება ნახევარგამტარებისა და საბრძოლო მასალების წარმოებაზეც: ჰორმუზის სრუტის ბლოკირებით, ჰელიუმიდან დაწყებული ვოლფრამით დამთავრებული, ბევრი ელემენტი დეფიციტში აღმოჩნდა.
გარდა ამისა, არსებობს ომის გამო მიყენებული პირდაპირი დანაკარგებიც. ჰარვარდის უნივერსიტეტის ეკონომისტის ლინდა ბილმსის შეფასებით, საბოლოო ჯამში ირანთან მიმდინარე კონფლიქტი ამერიკელ გადასახადის გადამხდელებს ერთ ტრილიონ დოლარად დაუჯდებათ. თეთრ სახლში თავიათ შეფასებას არ ამხელენ, მაგრამ ფაქტია, რომ პენტაგონმა კონგრესს მომავალი წლის თავდაცვის ბიუჯეტისათვის 1,5 ტრილიონი დოლარის გამოყოფა მოსთხოვა – 40%-ით მეტი, ვიდრე მიმდინარე წელს.

ენერგეტიკული უპირატესობა არ იცავს ამერიკას არასასიამოვნო რეალობისაგან – მსოფლიოს ქვეყნები ერთმანეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებულნი. თეთრმა სახლმა არ უნდა დაივიწყოს ერთი გარემოებაც: კრიტიკულად აუცილებელი სასარგებლო წიაღისეულით აშშ ბევრად ჩამორჩება ჩინეთს და, შესაბამისად, ამერიკა ათობით ელემენტის მოპოვების საკითხში გლობალურ ბაზარზეა დამოკიდებული.
აშშ-ის ადმინისტრაციაზე არანაკლებ უსიამოვნო გავლენას ახდენს შიდაპოლიტიკური განწყობებიც. დონალდ ტრამპი შეშფოთებულია ნავთობზე ფასების ზრდით – ავტომობილის გარეშე ხომ ამერიკელებისთვის ცხოვრება წარმოუდგენელია. პრეზიდენტი, რომელიც საფონდო ბაზარს ეკონომიკის სიჯანსაღის ბარომეტრად თვლის, ინვესტორებს არწმუნებს, რომ ფასები მალე დაიწევს. მაგრამ თვით დონალდ ტრამპისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ამერიკულ ფასებზე ბოლო სიტყვა ირანზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდხანს დაბლოკავს თეირანის რეჟიმი ჰორმუზის სრუტეს, მით უფრო მაღალია ალბათობა, რომ ფასების გლობალური მატება ამერიკელი მომხმარებლის ჯიბესაც შეათხელებს. საკითხავი მხოლოდ ისაა, თუ რამდენ ხნის მოთმინება და მოლოდინი ჭირდება მსოფლიოს ამ მომენტამდე.

წყარო: