აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ჰორმუზის სრუტეს „საკმაოდ მალე” გახსნის.
ტრამპის თქმით, ირანს სრუტის გადაკეტვას საშუალებას არ მისცემს, რადგან ის საერთაშორისო წყლებია.
აშშ-ის პრეზიდენტის შეფასებით, ჰორმუზის სრუტე ისედაც გაიხსნება, რადგან სხვაგვარად ირანს ვაჭრობა და შემოსავალი არ ექნება.
„შეერთებული შტატები არ დაუშვებს, რომ ირანმა ჰორმუზის სრუტე გადაკეტოს. ეს საერთაშორისო წყლებია. სრუტე ისედაც გაიხსნება. მარტივად: თუ ვერ გაყიდიან, ვერ გამოიმუშავებენ. სრუტეს ჩვენ არ ვიყენებთ, სხვა ქვეყნები იყენებენ, ამიტომ სხვა სახელმწიფოებიც ჩაერთვებიან და დაგვეხმარებიან”, – აღნიშნა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.
ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, მისი მთავარი მოთხოვნა, რომ ირანს ბირთვული იარაღი არ ჰქონდეს. რეჟიმის შეცვლა კი, ტრამპის თქმით, უკვე განხორციელდა.
ჟურნალისტის კითხვაზე, გათვალისწინებულია თუ არა სარეზერვო გეგმა მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტრამპმა აღნიშნა, რომ სარეზერვო გეგმის საჭიროება არ არსებობს.

