“გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ… ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ”-თურქული პრესა

 „გადაარჩინა თუ არა თურქეთი  ნატოს წევრობამ ომებს, კონფლიქტებს და სიღარიბეს? ბევრს მიაჩნია, რომ დიახ, მაგრამ… ბევრი მაგალითია ამის საწინააღმდეგოდ“ – ასეთი სათაურით არის გამოქვეყნებული სტატია თურქულ გაზეთ „ევრენსელში“ (Evrensel), რომლის ავტორის, პოლიტიკური მიმომხილველისა და ექსპერტის ერენ იუჯებოის აზრით,  ალიანსის წევრობა თურქეთისთვის უფრო საზიანოა, ვიდრე სასარგებლო.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ისა და ისრაელის ირანზე თავდასხმამ და მასთან დაკავშირებულმა მოვლენებმა, ასევე დისკუსიებმა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის სამიტთან დაკავშირებით, რომელიც ივლისში თურქეთში უნდა გაიმართოს, გააჩინა დავა – უზრუნველყოფს თუ არა ნატოს წევრობა თურქეთისათვის საიმედო დაცვას.

ნატო ხშირად განიხილება როგორც უსაფრთხოების უზრუნველმყოფი ინსტრუმენტი და ამიტომაც თურქეთის წევრობა ბლოკში ფასდება როგორც „პოლიტიკური რაციონალურობის“ საკითხი. ასეთი ტენდენცია შეინიშნება არა მხოლოდ მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტიის“ მხარდამჭერებში, არამედ ოპოზიციის მომხრეთა შორისაც. მთავარი არგუმენტია ნატოს ხელშეკრულების მე-5 პუნქტი, რომლის თანახმად, თავდასხმა ალიანსის წევრ ერთ სახელმწიფოზე ყველა წევრზე თავდასხმას ნიშნავს, შესაბამისად, ყველა ისინი ვალდებულები არიან დაეხმარონ ქვეყანას, რომელიც აგრესიის ობიექტი გახდა. მაგრამ…

მიუხედავად იმისა, რომ ნატოს წესდების მე-5 პუნქტი თითქოსდა უსაფრთხოების რაღაც ქოლგას გულისხმობს, მაგრამ მისი უფრო დაკვირვებით განხილვისას გასაგები ხდება, რომ ეს ასე არ არის. დიახ, მე-5 პუნქტი ავალდებულებს ბლოკის წევრებს გაჭირვებაში მყოფ რომელიმე წევრს დაეხმაროს, მაგრამ ზუსტად არაა განსაზღვრული, დახმარება როგორი ფორმით უნდა განხორციელდეს. დახმარება შეიძლება გამოიხატოს როგორც უშუალო ჩართვით პოტენციურ ომში, ასევე პოლიტიკური მხარდაჭერითაც – აგრესორი ქვეყნის დამგმობი განცხადებით. ამრიგად, უსაფრთხოება, რომლითაც ნატო თავის წევრებს იურიდიულად, ქაღალდზე დაწერილი ხელშეკრულებით უზრუნველყოფს, პრაქტიკაში საკმაოდ მოქნილ ინტერპრეტაციებს უშვებს.

ხელშეკრულების წაკითხვისას ვხედავთ, რომ მასში ნატო წარმოდგენილია როგორც მექანიზმი, რომელიც თითქოსდა ყველა წევრი ქვეყნის თანასწორობის პრინციპით მუშაობს, მაგრამ სინამდვილეში ბლოკის მონაწილეებს შორის თანასწორობა დაცული არ არის. და ძნელი არ არის იმის მიხვედრა, რომ ამ უთანასწორობის მწვერვალზე ამერიკის შეერთებული შტატები იმყოფება.

სწორედ აშშ აცხადებს პრეტენზიას უსაფრთხოების ყველაზე დიდ წილზე ნატოში, სწორედ მას სურს, რომ უსაფრთხოებით ყველაზე მეტად თვითონ იყოს უზრუნველყოფილი. ვაშინგტონი ამას აღწევს პოლიტიკური იძულებით, ზეწოლით, დიპლომატიური კავშირებით, სამხედრო ინვესტიციებით და ასე შემდეგ. ასეთ პირობებში მე-5 პუნქტი უნდა განვიხილოთ მაქსიმალურად მოქნილ ჩარჩოებში, რომელიც პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული. ის, რომ აღნიშნული დებულება მხოლოდ ერთხელ იქნა გამოყენებული ნატოს შექმნის დროიდან, ისიც აშშ-ის თხოვნით (2001 წლის 11 სექტემბერის შემდეგ), შექმნილი რეალობის კონკრეტულ დადასტურებად ითვლება.

როგორ აისახება ნატოში წევრობა თურქეთზე? უზრუნველყო თუ არა ნატომ თურქეთის უსაფრთხოება, გადაარჩინა თუ არა ომებისა და კონფლიქტებისაგან? არის ბევრი მაგალითი, რომლებიც პირიქით მოწმობენ.

ავიღოთ კორეის ომი, რომელშიც თურქეთი ისე ჩაება, რომ ნატოს წევრი არც ყოფილა, მისი განაცხადი ბლოკში მიღებაზე განხილვის პროცესში იყო. იმ ომში თურქეთმა თითქოსდა გაეროს ჩარჩოებში მიიღო მონაწილეობა, მაგრამ უფრო მეტად ნატოში მიღებისა და საბჭოთა კავშირისაგან დაცვის იმედით (საბჭოთა კავშირს ტერიტორიული პრეტენზიები ჰქონდა). ანკარა იძულებული გახდა კორეის ომში ჩაბმულიყო, რომელშიც 700 ჯარისკაცზე მეტი დაკარგა. შემდეგ იყო კოსოვოსა და ავღანეთის ოპერაციები, ნატოს ინტერვენცია ლიბიაში… ეს მაგალითები , რომელთა ჩამოთვლა კიდევ შეიძლება , აჩვენებენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსი კი არ „იცავდა“ თურქეთს ომებისაგან, არამედ პირიქით, ითრევდა კონფლიქტებსა და სხვადასხვა შეიარაღებულ დაპირისპირებებში.

„უსაფრთხოება“ მხოლოდ სამხედრო ტერმინი არ გახლავთ. თურქეთის ლინგვისტური საზოგადოების ლექსიკონში „უსაფრთხოება“ განმარტებულია როგორც მდგომარეობა, რომლის დროსაც ადამიანებს შიშის გარეშე ცხოვრება შეუძლიათ. გარდა ამისა, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმოს) განმარტებით, ცნებაში „უსაფრთხოება“ იგულისხმება მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც აუცილებელია საზოგადოების ჯანმრთელობისათვის საშიში რისკების და მუქარების მინიმუმადე დასაყვანად.

ზოგიერთს კითხვა გაუჩნდება: სად ნატო და სად ჯანმრთელობის დაცვა? განვმარტავთ: ნატო თავის წევრებს უბრალოდ და უფასოდ კი არ პირდება უსაფრთხოების დაცვას, არამედ ალიანსი უსაფრთხოებით უზრუნველყოფას ჰყიდის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ბლოკი უფრო მეტს იღებს, ვიდრე გასცემს. კონკრეტულად – ბიუჯეტის წილი, რასაც ნატოს წევრები სამხედრო სფეროში (შეიარაღებაზე) ხარჯავენ, ბოლო წლებში მნიშვნელოვნად გაიზარდა. ალიანსმა ყველა წევრი აიძულა, რომ თავდაცვაზე თავისი მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) 5% დახარჯოს, ნაცვლად 2%-სა, რასაც ადრე ხარჯავდა. ეს 5% პატარა თანხა არ არის. ბიჯეტში 5%-ანი სამხედრო ხარჯების გაწერა ნიშნავს იმას, რომ მცირდება მოსახლეობისათვის განკუთვნილი სოციალური ხარჯები, უპირველესად კი  ჯანდაცვა, განათლება…

სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ნატოში წევრობა და მასთან დაკავშირებული სამხედრო ხარჯები არის მოსახლეობის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული მუქარები. ამ მხრივ უსაფრთხოება გულისხმობს იმასაც, რომ ბავშვებს სკოლაში უფასო კვება აღარ ექნებათ და მოზარდებს, რომლებიც სწავლა-განათლების მიღების ნაცვლად, ქუჩაში, ცუდ კამპანიებში მოხვდებიან. დავამატოთ ამას მშრომელების არასასიამოვნო მდგომარეობა, რომლებიც, სოციალური ხარჯების შემცირების გამო, იძულებულნი არიან ოჯახები მძიმე ზეგანაკვეთური შრომით არჩინონ, ასევე მოხუცების მდგომარეობის გაურესება, რომლებიც ჰოსპიტალიზაციას ელოდებიან.

მოკლედ, თუ ჩვენ უსაფრთხო პირობებში ცხოვრება გვსურს, უნდა გავაცნობიეროთ, რომ ეს შესაძლებელია არა იმდენად სამხედრო ორგანიზაციის – ნატოს ქოლგის ქვეშ, აშშ-ის ან ბრიუსელის წყალობით, რამდენადაც [თურქეთში მცხოვრები] მილიონობით ადამიანის საერთო ნებით. ჩვენი უსაფრთხოება ვინმესგან ნაჩუქარი არ უნდა იყოს. ის არის უფლება, რომელიც ჩვენ დავიმსახურეთ.

წყარო: