“აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა”-Foreign Policy

   „აშშ ირანთან ომში უფრო მეტად დამარცხდა, ვიდრე ვიეტნამთან ომში: საკუთარი სურვილით დაწყებული ომი ვაშინგტონისთვის სტრატეგიულ კატასტროფად გადაიქცა“ –  ასეთი სათაური აქვს სტატიას, რომელსაც აშშ-ის ჟურნალი „ფორინ პოლისი“ (Foreign Policy) აქვეყნებს 17 ივნისის ნომერში (ავტორი – პოლ მესგრეივი, აშშ-ის ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის კატარის ფილიალის პროფესორი). „ირანთან მარცხი ამერიკის შეერთებული შტატებისათვის ძალიან დამამცირებელია: მოკავშირეებში აშშ-ის შესაძლებლობების მიმართ ნდობა შემცირდება, მისი ავტორიტეტი დაეცემა, ხოლო მეტოქეებს სულ უფრო მეტი შანსი მიეცემათ ვაშინგტონის ნებას წინ აღუდგნენ და მისი გადაწყვეტილება სადაოდ ჩათვალონ“, – ნათქვამია მასალაში.

გთავაზობთ პუბლიკაციას შემოკლებით:

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი მეორე ვადის საინაგურაციო გამოსვლაში იმედი გამოხატა, რომ „ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნები ჩვენი ქვეყნის ისტორიულ მახსოვრობაში დარჩება როგორც ყველაზე დიდებული და ყველაზე მნიშვნელოვანი არჩევნები“. წააგო რა სპარსეთის ყურის ომი, დონალდ ტრამპმა თავისი ნათქვამის მიზანს მიაღწია. როგორც არ უნდა შეეცადოს იგი ირანის წინააღმდეგ მიმართული სამხედრო კამპანიის გამართლებას, მთელი პასუხისმგებლობა მაინც პირადად მას ეკისრება. ომის ისეთი დასრულება, როგორიც დონალდ ტრამპმა დაგეგმა, არის აშშ-ის სტრატეგიული კატასტროფა – იმაზე უფრო მასშტაბური და უარესი, ვიდრე აშშ-ის კრახი ვიეტნამის ომში.

ერთი შეხედვით, ირანის ომში მარცხს მცირე კავშირი აქვს აშშ-ის დამარცხებებთან სხვა ომებში. საომარი მოქმედებების სწრაფმა განვითარებამ და აშშ-ის ტერიტორიისაგან დაშორებამ თავიდანვე მისცა მას არანამდვილობის და არადამაჯერებლობის აურა: თეთრი სახლი არავის არ დაუწვავს, როგორც ეს 1814 წელს მოხდა აშშ-დიდი ბრიტანეთის ომის დროს და არც მასობრივი საპროტესტო აქციები არავის არ მოუწყვია, როგორც ეს ვიეტნამის ომის დროს იყო, 1960-იანი წლების მეორე ნახევარში.

ირანთან ომში ამერიკას არსებითი და მნიშვნელოვანი დანაკარგები არ განუცდია, ანუ მარცხის მასშტაბები გარკვეულწილად შენიღბულია. რა თქმა უნდა, ომი სიკვდილის მთესველი და სისხლიანი იყო – საომარი მოქმედებების დროს ათასობით ირანელი დაიღუპა – როგორც სამხედროები, ასევე ჩვეულებრივი სამოქალაქო პირები. აშშ-ის დანაკარგები მოკრძალებული აღმოჩნდა: დღეისათვის დაღუპულია 20-ზე ნაკლები ამერიკელი ჯარისკაცი.

ირანის ომთან შედარებით ვიეტნამის ომის შედეგები შოკის მომგვრელია: ათზე მეტი წლის განმავლობაში ომი მიმდინარეობდა როგორც ჰაერში, ასევე ხმელეთზე – სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ჯუნგლებში და დაიღუპა მილიონობით ვიეტნამელი. აშშ-ის დანაკარგები ბევრად ნაკლებია – დაახლოებით 60 ათას სამხედრო მოსამსახურე… მაგრამ ვიეტნამური „ფიალის სასმელი“ ისეთი მწარე აღმოჩნდა, რომ ამერიკელთა მთელი თაობა მას ძალიან ნეგატიურად იხსენებს. ტერმინი „ვიეტნამი“ ამერიკელთა ყოფა-ცხოვრებაში უპირველესად მტკივნეული ხასიათის მქონე მოგონებად დამკვირდდა.

ბევრმა რიგითმა ამერიკელმა გადაიტანა პირადი უბედურება – ვიეტნამის ომში დაკარგეს შვილები, ახლობლები, ნათესავები, მეგობრები, მშობლები… ამერიკული ელიტის ზოგიერთი წარმომადგენლისთვის ვიეტნამი იქცა როგორც ხელისუფლებისაგან ქედმაღლობის გამოვლენის ერთგვარ გაკვეთილად, სხვებისთვის კი როგორც შეცდომად, რომელიც სამომავლოდ ხელს შეუშლიდა სწორი სტრატეგიული არჩევანის გაკეთებას. ამასთან, ყველა აღიარებდა იმას, რომ ვიეტნამის ომი აშშ-ის ეროვნულ ისტორიაში დიდი შავი ლაქის სახით შევიდა. 2014 წელს, ჩიკაგოს გლობალური ურთიერთობის საბჭოს მიერ ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, ამერიკელთა 58% ვიეტნამს ქვეყნის ისტორიის „შავბნელ მომენტად“ თვლის და მხოლოდ 12% – სიამაყის საფუძვლად.

დღეს ყველაზე რთული იმის გაგება-გაცნობიერებაა, თუ რატომ იბრძოდა ამერიკა ესოდენ ჯიუტად, როცა ვაშინგტონისთვის სასწორზე, ფაქტიურად, არაფერი არ იდო. იმ დროს ამერიკელი პოლიტიკოსები დღეისათვის წარმოუდგენელ მსხვერპლზე მიდიოდნენ, მაგრამ რისთვის? ვიეტნამში წარუმატებლობას არანაირი გავლენა არ მოუხდინა აშშ-ის სტრატეგიულ მიზნებზე. შეიძლება ითქვას, რომ ომის ერთადერთი მიზეზი იყო იმ დროისთვის პოპულარული „დომინოს პრინციპი“, რომლის თანახმად, თუ რომელიმე ქვეყნის სათავეში კომუნისტები მოვიდოდნენ, მეზობლებიც მას მიბაძავდნენ. ეს პრინციპი 1964 წელს შიდასამთავრობო დებატების თემას წარმოადგენდა. ეს იყო ცივი ომის ერთ-ერთი შემადგენელი ელემენტი.

ამასთან, ის, რომ ვიეტნამის ომს რიგითი ამერიკელისათვის, საბოლოო ჯამში, რაიმე პოზიტივი არ მოუტანია, არ ნიშნავს იმას, რომ ის უმნიშვნელო იყო. მართალია, ომის შედეგები შავი ზოლივით მიჰყვებოდა ამერიკის პოლიტიკას, მაგრამ ამერიკა ცივ ომში რეალურად მაინც გამარჯვებული გამოვიდა. ვიეტნამი კი… საკვირველია, მაგრამ ფაქტია: დღევანდელი ვიეტნამი აშშ-ის მეგობარ ქვეყანას წარმოადგენს.

შეადარეთ სიტუაცია დონალდ ტრამპის მიერ საკუთარი არჩევანით გაჩაღებულ ომებს. დღეს აშშ აშკარად დასუსტებულ მდგომარეობაშია, ვიდრე ომამდე იყო და ეს გარემოება ამერიკის სტრატეგიული მიზნებისათვის მავნებელია. და კიდევ: შეადარეთ დღევანდელი სიტუაცია სპარსეთის ყურეში აშშ-ის (კოალიციის) მოქმედებას 1990-91 წლებში, როცა ერაყის ლიდერმა სადამ ჰუსეინმა ქუვეითი დაიპყრო. ერაყის ჯარების იოლად დამარცხებამ მსოფლიო განაცვიფრა.

ირანთან ომი დონალდ ტრამპმა სპონტანურად, ფაქტიურად, მოუმზადებლად დაიწყო. ამერიკული იარაღი ტექნიკურად ბევრად უფრო მაღალტექნოლოგიური და სრულყოფილია, მაგრამ პენტაგონს არსენალებში იარაღის საკმაო რაოდენობა არ ჰქონდა (არ აქვს). ასევე არასწორად იყო შეტანილი სამიზნე ობიექტები მონაცემთა ბაზებში: მოსწავლეთა სისხლიანი სასკოლო ჩანთები მსოფლიოს დიდხანს დაამახსოვრდება. გარდა ამისა, მართალია, ამერიკული რადარები მაღალი დონისაა, მაგრამ ირანულმა რაკეტებმა და დრონებმა ჩვენი თავდაცვის გარღვევა მაინც მოახერხეს… ეს ნიშნავს, რომ იმ შემთხვევაში, თუ მოწინააღმდეგე მიზანმიმართულად მოქმედებს ან კონფლიქტი ჭიანურდება, აშშ-ის შეიარაღების ეფექტურობა საკმარისი არ არის.

სტრატეგიული შედეგები კიდევ უფრო ფერმკრთალია. დიახ, გარკვეული თვალსაზრისით ამერიკამ მიაღწია ირანის მმართველი რეჟიმის სტრუქტურებში თანამდებობის პირების ცვლილებას – ბევრი მოკლა და ფიზიკურად გაანადგურა, მაგრამ ამით რეჟიმი უფრო შეუბრალებელი და სასტიკი გახდა, „რევოლუციის გუშაგები“ უფრო გავლენიანები გახდნენ. კაცმა რომ თქვას, ირანულმა ურანის პროგრამამაც საკვირველ შეტევებს გაუძლო – ორ ომს… ამერიკას ირანმა „კლასი აჩვენა“ ჰორმუზის სრუტის გადაკეტვითაც  (მსოფლიო მასშტაბის ეკონომიკური ბერკეტით), რის გამოც საერთაშორისო ენერგეტიკული კრიზისი დიდწილად ვაშინგტონს დაბრალდა.

საერთოდ, თავისუფალი საზღვაო მიმოსვლა, ორი საუკუნის განმავლობაში, აშშ-ის ძირითად სტრატეგიულ მიზანს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 1801 წელს პრეზიდენტმა თომას ჯეფერსონმა სამხედრო ხომალდები გაგზავნა აშშ-ის ინტერესების დასაცავად ხმელთაშუა ზღვაში: დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ აშშ-მა დიდი ბრიტანეთის მფარველობა დაკარგა და ამერიკულ სავაჭრო ხომალდებს ოსმალეთის იმპერიის ჩინოვნიკები (ალჟირის, ტუნისის, მაროკოს ნავსადგურებში) ბაჟის გადახდას თხოვდნენ ხმელთაშუა ზღვაში შესვლისა და ცურვისთვის, ან აკავებდნენ და ძარცვავდნენ. ახლა კი პირიქით ხდება – ჰორმუზის სრუტის დაბლოკვა აშშ-ის მიერ ვაჭრობის მილიტარიზებას ნიშნავს და მსოფლიო ვაჭრობას ზიანს აყენებს.

ომის დასრულების შედეგები არანაკლებ შთამბეჭდავია, ვიდრე მისი დაწყებისა: ვიეტნამის ომის შემდეგ აშშ-მა შეძლო ინდოჩინეთის რეგიონის მიტოვება და ყურადღება უფრო სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილებზე გადაიტანა, თუმცა მისი რეპუტაცია საკმაოდ შეირყა.

შეერთებულ შტატებს, ნებისმიერი ხელმძღვანელობის დროს, მოუწევს წინააღმდეგობა გაუწიოს მსგავს შედეგებს, მაგრამ… რადგანაც დღეს გლობალური ურთიერთობები უფრო განვითარებულია, ვიდრე 1970-იან წლებში იყო, ვაშინგტონი, სამხედრო-პოლიტიკური თვალსაზრისით, ირანის ომში მარცხით უფრო მეტ ზიანს მიიღებს, ვიდრე ვიეტნამის ომით დაზარალდა.

მაგრამ არის ერთი საერთო მახასიათებელი: ათწლეულების შემდეგ ადამიანები ირანის ომის შესახებ საკუთარ თავს ისეთ კითხვას დაუსვამენ, როგორიც ახლა ისმება ვიეტნამის ომის მიმართ: რისთვის? პოლიტიკოსები და პოლიტოლოგები, მეცნიერები და მკვლევარები, ამ კითხვას, ალბათ, საფუძვლიან და არგუმენტირებულ პასუხს გასცემენ, მაგრამ ამერიკელებს არცერთი არ დააკმაყოფილებს.

წყარო: