eng | ქარ 23 სექტემბერი 2021, 17:14 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

წინასაარჩევნო „ტრიუკი“ და პოლიტიკური პიარი - როგორ აფასებს ოპოზიცია მეგის ქარდავას ექსტრადირების საკითხს

14 სექტემბერი 2021 | 12:44

პარტია "სტრატეგია აღმაშენებლის" ერთ-ერთი წევრის, პაატა მანჯგალაძის შეფასებით, "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნის, მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური პიარის ნაწილია.

როგორც ჟურნალისტებს მანჯგალაძემ განუცხადა, ყველა ცდილობს, მეგის ქარდავას გაემიჯნოს, მათ შორის „ნაციონალური მოძრაობა“.

„ამ ადამიანთან არანაირი შეხება არ მქონია და არ ვიცი, რას აკეთებდა, ეს სამართლიანმა გამოძიებამ უნდა დაადგინოს. ამ თემის აქტუალიზაცია პოლიტიკური პიარი მგონია. ქვეყანაში სამართლიანი სასამართლო რომ იყოს, ვიტყოდი, გაასამართლებს-თქო. მის საქმეს არ ვიცნობ და მის შესახებ ბევრი მითი უფრო მეტი გამიგია, ვიდრე რეალობა. კარგია, გაასაჩივროს და თავისი სიმართლე დაამტკიცოს. მითი გამიგია, რომ ადამიანს ჭამდა“, – განაცხადა მანჯგალაძემ.

"გირჩის" წევრის, დეპუტატ იაგო ხვიჩიას შეფასებით, საქართველოში მეგის ქარდავას ექსტრადირება წინასაარჩევნო „ტრიუკია“.

ხვიჩიას თქმით, ყველამ იცის, მეგის ქარდავა არ ისჯება იმის გამო, რომ ფარულ ჩანაწერებს იღებდა, რადგან მისი დასჯა თუ ვინმეს სურდა, აქამდე დაისჯებოდა.

„არჩევნები მოდის და „ქართულ ოცნებას“ სჭირდება სიტუაციის მეტად ესკალაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ მებრძოლ, ჭეშმარიტ რაინდად, გამოცხადდეს, მაგრამ ეს ამბავი არ გამოვა, რადგან აღმოჩნდა, რომ „ქართული ოცნება“ უფრო მტკივნეულად აკეთებდა ამას. მგონია, უნდა ვიფიქროთ არა იმაზე, რომ ერთმანეთის ცოდვა-მადლი ვარჩიოთ, არამედ როგორ დავამთავროთ ასე ურთიერთობა, რომ პოლიტიკოსები აქტიურობდნენ საკითხების განხილვით და არა სხვის საძინებლებში“, – განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის ყოფილმა უფროსმა, მეგის ქარდავამ 11 სექტემბერს განაცხადა, რომ უკრაინიდან საქართველოში მისი ექსტრადირება დაჩქარებულად იგეგმება. მისი ადვოკატი ვარაუდობს, რომ მეგის ქარდავას საქართველოში ექსტრადირება ორი კვირის განმავლობაში განხორციელდება.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD
EUR
GBP
RUS

Georgian Times