eng | ქარ 26 ნოემბერი 2020, 21:20 ხუთშაბათი
რადიო ჯორჯიან თაიმსი Live

გახარია: ლოკდაუნს აღარ გამოვაცხადებთ, აუცილებლობა არ არსებობს, ეკონომიკა ვერ გაუძლებს

19 ოქტომბერი 2020 | 13:30

პირველი ტალღის დროს სწორად შევაფასეთ ჩვენი რესურსები და მივიღეთ მტკივნეული გადაწყვეტილება, გამოვაცხადეთ საკმაოდ რთული ლოკდაუნი, - განაცხადა პრემიერმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ, ბრიფინგზე.

"დღეს ვართ აბსოლუტურად სხვა მდგომარეობაში. მაშინ ეს მკაცრი შეზღუდვები და ლოკდაუნი იყო აბსოლუტურად სწორი გადაწყვეტილება იმიტომ, რომ ჩვენ ამით ვიცავდით ჩვენი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს გაურკვევლობის მაღალი ხარისხის გამო და ელემენტარული პირბადის არქონის გამო. დღეს, როდესაც მთელი მსოფლიო თანხმდება იმაზე, რომ ვირუსთან ბრძოლის ყველაზე ეფექტური საშუალება არის პირბადე, რომელიც 90 %-ზე მეტად ამცირებს დაინფიცირების ალბათობას, რა თქმა უნდა, მსგავს ლოკდაუნს ჩვენ აღარ გამოვაცხადებთ. ამის აუცილებლობა არ არსებობს და ქვეყნის ეკონომიკა ამას უბრალოდ ვერ გაუძლებს. ასევე იმის გათვალისწინებით, რომ ხვალ და ზეგ ვაქცინა არ იქნება, ვირუსთან თანაცხოვრება და ვირუსთან ბრძოლა არის გრძელვადიანი პროცესი. შესაბამისად, ამ გრძელვადიანობიდან გამომდინარე ჩვენი სტრატეგია იცვლება და ეს გახლავთ ვირუსთან ადაპტაცია და მისი მართვა. შესაბამისად, ჩვენი ყველაზე სწორი და მართებული გადაწყვეტილება იქნება წერტილოვანი შეზღუდვები და ბალანსის სწორი დაჭერა. ბალანსში ვგულისხმობთ წერტილოვან შეზღუდვებს და იმ წესების სწორ შესრულებას, რომელსაც ეპიდემიოლოგები გვიწესებენ - უნდა ვატაროთ პირბადე, დავიცვათ დისტანცია", - განაცხადა გიორგი გახარიამ.

მისი თქმით, პანიკის საფუძველი არ არსებობს.

"შემთხვევების მატება, რა თქმა უნდა, გვექნება, მაგრამ ასეთი მატება იყო მოსალოდნელი. თუმცა, ჩვენ ამ ზრდის მართვის რესურსი გაგვაჩნია. დღეს ჯანდაცვის სისტემა უფრო მომზადებულია, ვიდრე ეს იყო 6-7 თვის წინ. თუმცა, რესურსები არცერთი სხვა ქვეყნის და არც საქართველოსი ამოუწურავი არ არის. უნდა გავუფრთხილდეთ ერთმანეთს და გავუფრთხილდეს ქვეყნის შემდგომი ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობას. ამიტომ წერტილოვანი შეზღუდვები და მკაცრი დისციპლინის დაცვა - პირბადის ტარება და დისტანციის დაცვა არის ის გასაღები, რომელიც გვიტოვებს შესაძლებლობას, გრძელვადიან პერსპექტივაში ვირუსთან თანაცხოვრების გზით ჩვენი ეკონომიკა არ გავანადგუროთ და პირიქით, გავაძლიეროთ. ამაზე ყველა უნდა შევთანხმდეთ. ამ შეთანხმების შემდგომ არანაირი პანიკის საფუძვლები ვაი პოლიტიკოსების და ვითომ ექსპერტების მხრიდან არ არსებობს. ვირუსზე ვერავინ გაიმარჯვებს ცალკე, ვერც ეპიდემიოლოგები, ვერც ექიმები, ვერც მთავრობა, ვერც სამოქალაქო საზოგადოება, ვერც პოლიცია და ვერც ვერავინ. კონსოლიდაცია და ერთობლივი შრომა ვირუსის წინააღმდეგ არის ერთადერთი გამოსავალი", - განაცხადა გიორგი გახარიამ.


მსოფლიო


ვალუტის კურსი
ვალუტა კურსი ცვლილება
USD 3.3138 -0.0055
EUR 3.9424 -0.0023
GBP 4.418 -0.0149
RUS 4.3806 0.0177

Georgian Times